აშკარად მცდარია აკად. ნ. მარის მიერ ერთ დროს გამოთქმული მოსაზრება, თითქოს “ვეფხისტყაოსანი” მეტეორივით მოევლინა ჩვენს კულტურას და მას არაფერი აქვს საერთო ქართულ მწიგნობრობასთან და საზოგადოებრივ აზროვნებასთან. ნამდვილად კი რუსთველის შემოქმედება არის ქართული სულიერი კულტურის ბუნებრივი მწვერვალი. რუსთველს ჰყავდა შესანიშნავი წინამორბედნი ქართველი ჰიმნოგრაფების სახით, მას მხარს უმშვენებდნენ მისჟამინდელი ღირსეული თანამოკალმენი (შავთელი, ჩახრუხაძე, სარგის თმოგველი).
თუმცა რუსთველმა სავსებით დაძლია და გადალახა საეკლესიო-სარწმუნოებრივი აზროვნება და შექმნა ჰუმანისტური პოეზიის უკვდავი ძეგლი. იგი სრულიადაც არ თაკილობდა ძველ-ქართულ სასულიერო მწერლობას და ერთგვარად დავალებულია კიდევაც ამ მწერლობის საუკეთესო ნიმუშებისაგან, განსაკუთრებით ეს ითქმის ძველ- ქართულ სასულიერო პოეზიაზე. იდეურობითაც და მხატვრულობითაც ”ვეფხისტყაოსანი” ძალიან შორს ტოვებს “ამირანდარეჯანიანსა” და “ვისრამიანს”, მაგრამ ცალკეული მომენტებით მათ ემთხვევა.
რიგი პოეტური სახეებით, გამოთქმებით, ლექსიკით რუსთველი ენათესავება მე-12 საუკუნის ქართველ მეხოტბეებს. 16-მარცვლოვანი პოეტური მეტრი, რომელიც უკვდავყო რუსთველმა, ადრე გამოყენებული ჰქონდათ ქართველ ჰიმნოგრაფებს (იოვანე-ზოსიმეს, ფილიპეს, არსენ იყალთოელს), თანამედროვეთაგან ამ მეტრით ნაწილობრივ სარგებლობდა ჩახრუხაძე.
“ვეფხისტყაოსნის” ახალი გერმანული თარგმანის ავტორის ჰუგო ჰუპერტის სიტყვით, რუსთველის პოემა გარეგნული ფორმით იმ ტიპის სარაინდორომანია, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა. დასავლეთ ევროპის სარაინდო რომანების ტიპიურ ნიმუშებად ითვლებიან პარციფალი, ლანსელოტი ანუ ურმის რაინდი და ტრისტან და იზოლდა. ყველა ამათ (განსაკუთრებით პირველ ორს) ძლიერად მსჭვალავს ქრისტიანული
სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი სულისკვეთება. როგორც ცნობილია, ქრისტიანულ-სარწმუნოებრივი აღმსარებლობის, საკუთრივ კათოლიკური აღმსარებლობის ძლიერი დაღით აღბეჭდილია თვითონ ადრეული რენესანსის გიგანტების დანტეს (1265 - 1321) და პეტრარკას (1304 - 1374) შემოქმედება. “ვეფხისტყაოსანი” დადებითად გამოირჩევა თავისი თანამოასაკე ყველა განთქმული სარაინდო რომანისაგან. რუსთველმა სავსებით დაძლია სარწმუნოებრივ- აღმსარებლობითი დოგმატიკა. აკადემიკოს ვ. შიშმარიოვის დასკვნის თანახმად - “დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების უდიდეს პოეტთა საწინააღმდეგოდ, შოთასთვის უცხოა ყოველგვარი აღმსარებლობითი და საეკლესიო დოქტრინა”.
ქრისტიანულ-სარწმუნოებრივი დაღი მეტად ძლიერად აქვს დამჩნეული ე. წ. წმინდა გრაალის ციკლის რომანებს. წმინდა გრაალი თითქოს “საიდუმლო სერობის” პინაკია, რომელშიაც ჯვარცმული ქრისტეს სისხლის წვეთები დაგროვილა. დასავლეთ ევროპის ბევრ სარაინდო რომანში, კერძოდ, ვოლფრამ ეშენბახელის “პარციფალში” მოთხრობილია გრაალის მოპოვებასა და დაცვასთან დაკავშირებული ზღაპრულ-ფანტასტიკური ამბები. საგულისხმოა, რომ ისეთი სამიჯნურო-სარაინდო რომანიც კი, როგორიცაა კრეტიენ დე ტრუას “ლანსელოტი ანუ ურმის რაინდი”, ვერ ასცდა გრაალის მისტიკურ ისტორიას, იქნებ ეს გარემოება აქვს მხედველობაში საფრანგეთის თანამედროვე გამოჩენილ მწერალ ლუი არაგონს, როდესაც ამბობს: “საქართველომ წარმოშვა თავისი დანტე, მაშინ როცა ჩვენ კრეტიენ დე ტრუამდე ძლივს მივაღწიეთ”.
დასავლეთ ევროპის სარაინდო რომანების არც ერთ ავტორს არ გამოუხატავს ისეთი ამაღლებული, ზნეფაქიზი და მგზნებარე თავისუფალი სიყვარული, როგორსაც აღტაცებულად უმღერა შოთა რუსთველმა. მშვენიერი ნესტანი და თინათინი სრულიად არ ჰგვანან იმ “მანდილოსბებს”, რომელთაც “ემსახურებიან” დასავლური რომანების რაინდები. გამონაკლისს თითქოს წარმოადგენს ტრისტან და იზოლდა.
კ. ბალმონტის მოსაზრებით, ტრისტან და იზოლდა ევროპული ლიტერატურის ერთადერთი თხზულებაა, რომელიც შეიძლება შეუდარდეს “ქართველი მგოსნის შეუდარებელ პოემას”. მართლაცდა, ნამდვილი ადამიანური სიყვარულის სტიქია არაჩვეულებრივი სიმძლავრითაა ასახული ბრეტონულ მოთხრობაში, ოღონდ, ტრისტანისა და იზოლდას თავშეუკავებელი ეროტიკული სიყვარული შორსაა რუსთველის პოემის თავდაჭერილი, უფაქიზესი სიყვარულისგან. მეორეც, ტრისტანისა და იზოლდას სიყვარული გაიკვანძა ჯადოსნური გარემოებით (ტრისტანმა და იზოლდამ შემთხვევით შესვეს სიყვარულის სამსალა). ამიტომაც ბრეტონული რომანის პერსონაჟების მოქმედებას განსაზღვრავს ბედისწერის ბრმა კანონი და არა მათი პიროვნული ნებასურვილი. ტარიელისა და ნესტანის სიყვარული ბუნებრივ პირობებში ჩაისახა, და ბუბებრივ ნიადაგზე აღმოცენდა. “ვეფხისტყაოსნის” გმირების მოქმედებას არც ღვთაებრივი ძალა წარმართავს და არც ბედისწერის წინასწარი განჩინება. “ვეფსისტყაოსნის” პერსონაჟების პიროვნული თავისუფლება მათ სიყვარულს აძლევს რენესანსულ ხასიათს.
ხალხთა მეგობრობის იდეამდე არ ამაღლებულან რუსთველის თანამედროვე დიდი ევროპელი პოეტები. შენიშნულია პროვანსალური კურტუაზული პოეზიისა და რუსთველის სამიჯნურო კოდექსების ცალკვული მხარეების დამთხვევის ფაქტები. აღსანიშნავია ორივე შემთხვევაში ქალისადმი თაყვანისცემის მოტივი, აგრეთვე პატრონყმურ-ვასალური სამსახურებრივი მოვალეობის გადახლართვა თუ შერწყმა სიყვარულის გრძნობასთან. ოღონდ ტრუბადურულ-მინნეზინგური
პოეზიისათვის დამახასიათებელია მანერულობა, ამ პოეზიით ასახული სასიყვარულო მგრძნობელობა ხშირად ფიქტიურია. ნიშანდობლივია ისიც, რომ პროვანსალური პოეზიის სამიჯნურო კონცეფციით სიყვარულის საგანი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ქმრიანი მანდილოსანი. სარაინდო ტრუბადურული პოეზია აიდეალებს მეუღლეობის გარეშე სიყვარულს. ეს პოეზია არსებითად უმღეროდა ოჯახური სიწმინდისა და მეუღლეობრივი ერთგულების რღვევას. ფრ. ენგელსი ამბობს: “თავისი კლასიკური სახით გამოხატული, პროვანსელებში, რაინდული სიყვარული აფრაგაშლილი მიექანება ცოლქმრული ერთგულების დარღვევისაკენ და პოეტებიც ამ ღალატს უმღერიანა”.
“ვეფხისტყაოსანი” სიყვარულის ერთგულების ჰიმნია. რუსთველური მაღალზნეობრივი სიყვარული ქმნის მეუღლეობრივი კავშირის ურღვევ საფუძველს. რუსთველი ნამდვილად ბევრი მხრით განსხვავდება დასავლეთელი თანამოკალმეებისაგან.
რუსთველი კარგად იცნობდა აღმოსავლეთის პოეზიას, ის ასახელებს ფირდოუსის “შაჰ-ნამეს”, გურგანის “ვის-ო-რამინის” და ნიზამი განჯელის “ლეილი-ო-მაჯნუნის” პერსონაჟებს. განსაკუთრებით საყურადღებოა “ვეფხისტყაოსნისა” და ნიზამის პოემების (“ლეილი-ო-მაჯნუნ”, “ხოსროვ-ო-შირინ”) შეპირისპირება. “ლეილი-ო-მაჯნუნ”, ანუ “ლეილმაჯნუნიანი” მშვენიერი ნაწარმოებია, სადაც წარმტაცი პოეტური ენით ასახულია სიყვარულის ყოვლისმომცველი ძალა. მაგრამ ეს სიყვარული საიმქვეყნო ბედნიერებისათვის არის განკუთვნილი და მისტიკურ- სუფისტური სულით არის გამსჭვალული.
“ხოსროვშირინიანი” სხვა ასპექტის თხზულებაა. თუ “ლეილ-მაჯნუნიანი” აიდეალებს ცოტა არ იყოს განყენებული, მისტიკური იერის მქონე და რამდენადმე უსიცოცხლო, სუფისტურ სულიერ ტრფობას, “ხოსროვშირინიანში” ჭარბობს ხორციელი გატაცების, შიშველი ეროტიკის, დაუცხრომელი ვნებათაღელვის მოტივები. დაუოკებელი ხორციელი ჟინი ამოქმედებდა პოემის მთავარ გმირ ხოსროვს. ხოსროვის შესახებ შეიძლება მოკლედ მოვჭრათ. თვითონ ნიზამი განჯელის დახასიათებით იგი იყო ვერაგი, აუტანელი, ულმობელი, შურის მაძიებელი, დესპოტი, საშინელი ეგოისტი, ავხორცი, თუმცა გარეგნულად წარმოსადეგი, ტანადი, ახოვანი, საბოლოოდ - განებივრებული, ჭირვეული, მტარვალი შაჰი.
ხოსროვმა არაერთგზის დაამცირა შირინი, შეურაცხჰყო მისი წმინდათა წმინდა გრძნობები, ბევრი აჩივლა და ბევრი ატირა. ამასთან ვიღაც უცნაური ჭკვათამყოფლის სიტყვები მოიშველია, ცოლს რომ აწყენინებ და გააგულისებ, შემდეგ ჯოხი უნდა უთაქო, ეს იქნება წყენის პასუხი და უებარი საშუალება დამშვიდებისათვისო. ამ “სიბრძნით” ხელმძღვანელობდა ხოლმე ხოსროვი პრაქტიკულად.
ხოსროვისათვის სულის სიწმინდე არ არსებობდა. ის თაყვანს სცემდა მხოლოდ თავის თავს, მხოლოდ თავის გაუმაძღარ გულს ენდობოდა, მხოლოდ ავხორცულ ჟინს იყო მიყოლილი. დიდი ჰარამჰანის პატრონი (ორი ათასი კეკლუცი სეფე-ქალი და მონა-მხევალი ჰყავდა სადედოში დატყვევებული), მეუღლე ბიზანტიის მეფის ასულის მარიამისა, თანამეცხედრე ისპაჰანელი მზეთუნახავის შექერისა და გატაცებით მოტრფიალე შირინისა. ხოსროვს იზიდავდა შირინის ლამაზი სხეული, სანდომიანი ტანი. ავხორცული წადილის შესრულებისათვის მას გვერდში ედგა და ეხმარებოდა შაფური.
ხოსროვისა და შაფურის ურთიერთობას, მათ “მეგობრობას” ადარებდნენ ტარიელისა და ავთანდილის მეგობრობას. პოემის მიხედვით, შაფურს ზოგჯერ მართლაც ეწოდება ხოსროვის მეგობარი. ნამდვილად კი შაფური იყო ხოსროვის თაყვანისმცემელი მსახური. შაფურმა კარგად იცოდა ხოსროვის გულის წადილი, მისი ბილწი ზრახვები. “ან ძალით, ან ხერხით, ან ნებაყოფლობით ჩემი გახადეო შირინი”, დაავალა ხოსროვმა შაფურს. ამ დავალების შესრულებისათვის ზრუნვას ეწირებოდა შაფურის მოღვაწეობა. გაიძვერა მაჭანკლის ხერხიანობით მოინდომა მან შირინის მონადირება, სომხეთის მეფის ასულს უტიფრად შესთავაზა ირანის შაჰის ხარჭობა, არც შერცხვენია, არც წარბი შეურხევია. გაქნილი ენის პატრონი, ცბიერი, პირფერი და მლიქვნელი, ამასთან მშიშარა და მხდალი, ძაღლურად ერთგული და ლაქუცა, ნასუფრალის მოიმედე, იგი იყო ღირსეული მსახური თავისი მტარვალი პატრონისა.
ასეთი იყო შაჰისა და კარისკაცის თუ შინაყმის მეგობრობა. ტარიელისა და ავთანდალის ურთიერთობას კი ამაგრებდა და ადიადებდა თანასწორი სოციალური რანგის კეთილშობილ რაინდთა ურყევი სიყვარულისა და ჭეშმარიტი ძმობის მაღალი გრძნობა.
ნიზამი განჯელის ყველაზე ნათელი და სიმპათიური პერსონაჟია შირინი. შეიძლება სრულიად არ იყოს შემთხვევითი, რომ ის იყო კავკასიის მკვიდრი, ეროვნებით თითქოს სომეხი. მეცნიერთა ერთი რიგის აზრით, შირინის მხატვრული სახე შთაგონებულია თამარით. საგულისხმოა, რომ “ხოსროვშირინიანის” მიხედვით, შირინის მამიდის ბანუ შამირას (და შემდგომში თვითონ შირინის) სამფლობელოში შედიოდა საქართველო. ბანუ შამირა დროდადრო მგზავრობდა, ნადირობდა და დროს ატარებდა აფხაზეთში (საქართველოში). როგორადაც უნდა იყოს, პროფ. ე. ბერთელსის სამართლიანი სიტყვით: "Создать образ Ширин ему (т.е.Низами) в значительной степени помогла близость к христианским кругам. При смешанном характере населения Ганджи и ее близости к Грузии поэт не мог не знать о том, что женщина там была свободна и не подвергалась тому унижению, которое было обычно в стране мусульман".
ერთი სიტყვით, შირინის პოეტურად მიმზიდველი, ღრმად იდეური ადამიანური სახე ან კონკრეტულად თამარის, ან საზოგადოდ ქართველი ქალის ანალოგიით არის შექმნილი. შირინი გამოხატავდა ჩვენი ქვეყნის მანდილოსანთა ზნეობრივ სიფაქიზესა და თავისუფლებისმოყვარეობას. მშვენიერი შირინის ბუნებას ადიადებს მისი უაღრესი პრინციპულობა და მაღალზნეობრივი სიყვარულისადმი ერთგულება. შირინი არ მიჰყვა და არ დაემორჩილა ხოსროვის ავხორცულ წადილს. ის ხოსროვს დაუახლოვდა მხოლოდ როგორც მეუღლე, როგორც დედოფალი. ამ მხრით შირინს არაფერი აქვს საერთო ირანული ტიპის სულწასულ, უნებისყოფო, ინერტულ ანდა ქვენა გრძნობების მონა დიაცთან. შირინი იყო დიდად გონიერი მანდილოსანი, სახელმწიფოებრივი ჭკუის პატრონი, გულისხმიერი და გულშემატკივარი ქვეშევრდომების მიმართ, დაუზარელი და ენერგიული პოლიტიკური მოღვაწე. შირინი სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ასწავლიდა ირანის მბრძანებელს.
ყოველივე ამასთან თვალში გეცემათ შირინის ხასიათის საჩოთირო მხარეებიც. შირინს აკლდა ქალური თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ამამაღლებელი გრძნობა. იგი ყოველთვის ვერ ინარჩუნებდა სულიერ წონასწორობას, სულიერ სიმტკიცესა და თავდაჭერილობას. არსებითად შირინი იყო მისთვის საბედისწერო სიყვარულის უსიტყვო ბრმა მონა. რამდენჯერ უღალატა შირინს ხოსროვმა, რამდენჯერ შეურაცხჰყო მისი ქალური ღირსება, რამდენჯერ აკადრა დამამცირებელი სიტყვა. ხოსროვმა უკანასკნელი სურვილიც არ შეუსრულა შირინს, ქორწინების დღეც გაუმწარა, საპატარძლო სარეცელიც შეუგინა. უზომოდ შეყვარებულმა ქალმა მაინც ყველაფერი აიტანა, ყველაფერი დაითმინა, ყველაფერი აპატია თავის მიჯნურს.
სულ სხვაგვარი იყო ნესტანდარეჯანი. ნესტანსაც უზომოდ უყვარდა თავისი მიჯნური ტარიელი. ნესტანიც უზომოდ ერთგული იყო თავისი მიჯნურისა. ნესტანს შესწევდა ნამდვილი თავდავიწყებისა და თავგანწირულების ძალა; მაგრამ კდემამოსილი, ნაზი და თავდაჭერილი ნესტანი იმავე დროს იყო ძუ ვეფხის ბუნების მქონე ქალი. იგი ვერ დაუშვებდა თავისი ღირსების დამცირებას, თავმოყვარეობის შელახვას, სიყვარულის საკითხში ყოყმანს, მით უმეტეს ორგულობასა და ღალატს. საკმაო იყო ნესტანის ოდნავი დაეჭვება ტარიელის ერთგულებაში, რომ შეუბრალებლად დასხმოდა თავს მიჯნურს და მას სასტიკად დამუქრებოდა.
განსაცვიფრებელი იყო ნესტანის თავმოყვარეობის გრძნობა, ნესტანის პრინციპული ქალური სიამაყე, მანდილოსნის მხრით საკუთარი ადამიანური ღირსების შეგნება და დაფასება. ნესტანი ვერ აპატიებდა თავის მიჯნურს ცრუ და მოქარგულ სიტყვას, მრუდე აზრსა და ფიცის გატეხას. ხარჭობის შეკადრების შესაძლებლობა ხომ სრულიად გამორიცხულია. ასეთი რამ ეუცხოება “ვეფხისტყაოსნის” ავტორის იდეათა სამყაროს. შირინისა და ნესტანის ხასიათების მოხსენებული სხვაობა ასე თუ ისე გამოხატავს ამ სახეთა შემქმნელი ავტორების მსოფლმხედველობრივი სხვაობის მხარეს.
მაინც განსაკუთრებულია “ხოსროვ და შირინის” ტრაგიკული აპოთეოზი. პოემაში არაჩვეულებრივი მხატვრული სიძლიერით არის აწერილი ხოსროვის მკვლელობის ამბავი. სიკვდილის ჟამს ხოსროვმა გამოამჟღავნა, როგორც ჩანს, მის არსებაში პოტენციურად ჩასახული, ოღონდ მთვლემარე კეთილშობილური ადამიანური გრძნობები. ნიზამის თვალსაზრისით, ნამდვილმა სიყვარულმა გარდაქმნა ხოსროვის ხასიათი, ხოსროვი ახლად დაიბადა, სიყვარულმა მას ახალი სული შთაბერა. მართალია, ეს მოხდა გვიან, ხოსროვი მაშინ სიკვდილის აგონიას განცდიდა. სიყვარულის გარდამქმნელმა ძალამ საბოლოოდ თავისი გაიტანა, ხოსროვი მოკვდა, როგორც თანაგრძნობისა და სიბრალულის ღირსი ადამიანი.
დიდი იდეურობით არის აღბეჭდილი “ხოსროვ და შირინის” ეს ტრაგიკული აპოთეოზი. სიკვდილმა სამუდამოდ შეაერთა და შეადუღაბა ორი მოსიყვარულე გული. სიკვდილმა უკვდავჰყო სიყვარული. სიკვდილითვეა უკვდავყოფილი ლეილისა და მაჯნუნის სიყვარულიც. ასე ესახება სიყვარულის ბუნება ნიზამი განჯელს. “ვეფხისტყაოსანში” სხვაგვარი აპოთეოზია. რუსთველმა სიყვარულის უკვდავება სიცოცხლით დააგვირგვინა. “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟებმა ამქვეყნიური ბედნიერება დაიმსახურეს საზოგადოებრივად სასარგებლო კეთილი საქმით. რუსთველის სიყვარული დედამიწაზე ზეიმობს თავის გამარჯვებას. ნიზამის სიყვარული კი საიმქვეყნო ზღვევის მოლოდინში რჩება.
* * * * * * *
ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II


