არაკი
მთვრალი ხარაბუზა ტყე-ტყე მიბორიალობდა, ჩხუბს ეძებდა, ცა ქუდად არ მიაჩნდა, დედამიწა ქალამნად. ქინქლა ბუზებს წააწყდა და შეუტია:
- თავ-პირი უნდა დაგალეწოთო!
- რისთვის, ბატონო ხარაბუზა, რას გვერჩითო? - გაუკვირდათ ქინქლებს.
ასეთი სურვილი მაქვსო! - ხარაბუზამ ქულაჯა გაიძრო და ქინქლებს კეტით დაერია.
ხეზე ჩხიკვი იჯდა. ფეხი ფეხზე შემოედო, სიცილით კვდებოდა, ეს რა საინტერესო დაკა-დაკას ვხედავო!
- არიქა, გვიშველეთ, ხარაბუზამ დაგვხოცაო! - იყვირეს ქინქლებმა.
ყვირილზე გომბეშომ მოირბინა; ხარაბუზა შეშინდა, კეტი ხელიდან დაუვარდა. გომბეშომ თვალები გადმოკარკლა და ხარაბუზას შეუყვირა:
- გალეშილხარ, ქინქლებს დარევიხარ, მე ასეთ-ისეთო, შენაო! ახლავე ბოდიში მოუხადე და აქედან დაიკარგე, მეორედ აღარ იჩხუბო, თორემ, ხარაბუზებს მე საერთოდ არ გიახლებით, მაგრამ გამონაკლისის სახით გადაგყლაპავო!
ხარაბუზამ ქინქლებს ბოდიში მოუხადა და იქაურობას გაეცალა.
გომბეშო ახლა ჩხიკვს მიუბრუნდა:
- მანდ რომ ჩამოსკუპებულხარ ქალბატონო ჩხიკვო, დროზე ვერ გააშველეო?!
ჩხიკვმა მუხლის კვერებზე კაბა ჩამოიფარა და მხრები აიჩეჩა:
- მე ხომ არავინ მირტყამდა, რა ჩემი საქმეაო?!
- რა ჩემი საქმეაო? ეგ სიტყვები წინ დაგხვდება, მე უსირცხვილო, შენაო! ერთად ვცხოვრობთ და ყველა ჩვენგანი მოვალეა ჩაერიოს, როცა უსამართლობა ხდებაო! - გაჯავრდა გომბეშო.
ჩხიკვს სასაცილოდ არ ეყო. სხვა ხეზე გადაფრინდა და რა დაინახა:
ხოჭოს შინისაკენ მზეზე შემჭკნარ-შეშაქრებული მარწყვი მიჰქონდა. წინ ჭრელ ჩოხაში გამოწყობილი კრაზანა გადაუდგა:
- ეგ მარწყვი ძალიან ტკბილი ჩანს და აქ მომეციო!
- ერთი ბოგანო ხოჭო ვარ, ბატონო კრაზანავ, მარწყვს ნუ წამართმევ, შვილებს ნუ დამიმშევო! -შეემუდარა ხოჭო.
კრაზანამ ხახიდან ხანჯალი ამოაცურა:
- მარწყვი დადე. თორემ გავჯავრდები და მაგ დაგლეჯილ ქალამნებსაც დაგხდიო!
- არიქა, მძარცვავენო! - იყვირა ხოჭომ.
კრაზანამ იერიში მიიტანა და ხოჭო საზარელ დღეში ჩააგდო.
ჩხიკვმა, ვითომც აქ არაფერიაო, თმის ვარცხნას მიჰყო ხელი.
ხოჭოს ყვირილი ზღარბმა გაიგონა და ელვის სისწრაფით მოიჭრა.
კრაზანას ზღარბისა ისე შეეშინდა, რომ ხანჯალი ყელში გადასცდა. ზღარბი
აიბურძგნა, კრაზანას შეუყვირა:
- მარწყვი თუ მოგინდა, ავაზაკო კრაზანავ, ხელი გაანძრიე და იშოვნეო! ხოჭოს ნაოფლარს ართმევ, ქვეყანა ჩალით დახურული გგონიაო?! აქედან დაიკარგე და ავაზაკობა მოიშალე, თორემ, კრაზანებს მე საერთოდ არ გიახლები, მაგრამ გამონაკლისის სახით შეგახრამუნებო!
კრაზანა ფეხაკრეფით გაიპარა.
ზღარბი ახლა ჩხიკვს მიუბრუნდა:
- მანდ რომ ჩამოსკუპებულხარ, ქალბატონო ჩხიკვო, ამ ავაზაკ კრაზანას ჭკუა დროზე ვერ ასწავლეო?
ჩხიკვმა მხრები აიჩეჩა:
- მე ხომ არავინ მძარცვავდა, რა ჩემი საქმეაო!
- რა ჩემი საქმეაო? ეგ სიტყვები წინ დაგხვდება! ერთად ვცხოვრობთ და ყველა ჩვენგანი მოვალეა ჩაერიოს, როცა უსამართლობა ხდებაო! - გაჯავრდა ზღარბი
ჩხიკვს სასაცილოდ არ ეყო, ძირს ჩამოვიდა, გაისეირნა და გამოისეირნა.
ამ სეირნობაში მელა მიეპარა და კუდში ჩააფრინდა. ჩხიკვი ისე შეშინდა, რომ ენა ჩაუვარდა.
- ნუ ღელავ, ჩემო ჩხიკვუნიავ, - უთხრა მელამ, - ისე ნაზად გადაგსანსლავ, რომ სრულიად არაფერი გეტკინებაო.
- მიშველეთ, ხომ ხედავთ, შემჭამაო! - შეემუდარა ჩხიკვი ზღარბს და გომბეშოს.
- ახია შენზე, შეგჭამოს, რა ჩვენი საქმეაო! - მიუგეს მათ.
- ოღონდ ახლა გადამარჩინეთ და როგორი ჩხიკვობაც გავწიო, მერე ნახეთო.
- ჯერ არ გადასანსლო, უნდა მოგეთათბიროთო! - უთხრა ზღარბმა მელას. ზღარბმა და გომბეშომ ითათბირეს და ჩხიკვს უთხრეს:
- ამჯერად დაგეხმარებით, მაგრამ თუ ისევ ისეთი ჩხიკვობა გაგიწევია, იმედი ნუღარავისი გექნებაო!
მელიამ ჩხიკვს ყბა შეუშვა და გულდაწყვეტილი წავიდა.
ჩხიკვი სიტყვას დღესაც პირნათლად ასრულებს: თუ უსამართლობას წააწყდა, ყველას ეძახის, არიქა, ჩავერიოთო! ასე გასინჯეთ, ტყეში მონადირეს რომ დაინახავს, თავს დასტრიალებს და საქვეყნოდ გაჰყვირის:
- მეგობრებო. საფრთხე მოგელით, თავს უშველეთო!


