პატარა, წითელლოყებიანი, ბუთხუზა ბიჭუნა თითის წვერებზე იდგა დიდი სახლის შესავალ კართან და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ცდილობდა, როგორმე ზარის ღილს შესწვდომოდა, თითი დაეჭირა და დაერეკა. ეტყობოდა, დიდი ხანია წვალობდა, შუბლსა და ლოყებზე ოფლი ჩამოსდიოდა.
სწორედ ამ დროს ქუჩაში დინჯად მოდიოდა თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი დიდი მწერალი ილია ჭავჭავაძე. ილიამ შეხედა ბიჭუნას, შეეცოდა, ხელში აიყვანა და უთხრა:
- აბა, ბიჭიკო, დარეკე!
გახარებულმა ბიჭუნამ ღილს ხელი დააჭირა და ზარმა მაშინვე სადღაც შიგნით გაიწკრიალა.
ილიამ ბიჭი ჩამოსვა და მხიარულად უთხრა:
- ახლა გაგიღებენ!
- არა, ძია, გავიქცეთ, თორემ გვცემენ...
- რაო? - გადაიხარხარა ილიამ.
- ჩქარა, ძია, ჩქარა, გესმის, კიბეზე მოდიან! - ეწეოდა ბიჭი სახელოზე ილიას.
კარი მძიმედ გაიღო.
- ბატონო ილია! - მოისმა მასპინძლის ხმა, - რა ბედნიერ შემთხვევას მივაწერო თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში?!
- აი, ამ პატარა ბიჭს, რომ მირბის! - იცინოდა ილია.
ილიამ თავის მოვალეობად ჩათვალა ცოტა ხნით მაინც შესულიყო და ბოდიში მოეხადა უცნობი მასპინძლის წინაშე.


