კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 23:16

 

ერთ დროს მიწის ზედაპირი მთლად მოტიტვლებული და უნაყოფო იყო - არც მცენარე ჩანდა სადმე, არც ცხოველი და არც ფრინველი.

ვინ იცის, ასე უსიცოცხლო დარჩებოდა კიდეც დედამიწა...

მაგრამ ერთხელ მოვიდა დიდი წვიმა.

უცნაური წვიმა იყო.

თან წვიმდა, თან მზე ანათებდა.

მზის სხივები აფერადებდნენ წვიმის წვეთებს და დიდი ცისარტყელა გადაჭიმულიყო ცაზე. წვიმდა დიდხანს, გადაუღებლად და, თითქოს ამ წვიმას ელოდაო, ამოდიოდა მიწიდან ბალახი.

საღამოს, წვიმამ რომ გადაიღო, კიდით კიდემდე მწვანედ აბიბინებული დარჩა ველი.

მერე დაღამდა.

და როცა ველს მთვარის შუქი დაეფინა, მიწიდან ნელ-ნელა ყვავილები ამოიზარდნენ.

გაახილეს თვალი ყვავილებმა და ერთმანეთს ხეირიანად არც კი მისალმებიან, მაშინვე სარკეს დაუწყეს ძებნა.

აიხედეს მაღლა და ვარსკვლავებით სავსე ცა დაინახეს.

გაუხარდათ, აგე, სადა ვჩანვართო.

ირჩევდნენ მოკაშკაშე ვარსკვლავებს და ერთმანეთს აჩვენებდნენ: ის ჩემი ანარეკლია, ის ჩემიო.

ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ, მთვარე რომ დაინახეს, ატყდა ჩხუბი: არა, მე ვარ ეგეთი, არა, მეო.

მხოლოდ ერთი ყვავილი იყო ჩუმად. უყურებდა თავის თანამოძმეებს და ფიქრობდა, რაღაცა ისე არაა საქმე, როგორც ჩვენ გვგონიაო. მისი თანამოძმენი გამჭვირვალენი და ლამაზები მოჩანდნენ მთვარის შუქზე, მაგრამ ვარსკვლავებს რომ უცქეროდა, ყვავილი ნაღვლიანად ფიქრობდა, აბა, სად ჩვენ და სად ისინიო.

ყვავილებმა კამათში გაატარეს მთელი ღამე.

ბოლოს ჩაეძინათ ჩხუბით დაღლილებს.

იმ ყვავილს არ ეძინა მხოლოდ.

ნახა, როგორ გაქრნენ ცაზე ვარსკვლავები განთიადისას.

მერე უცებ ცა გაწითლდა.

და ყვავილმა დაინახა, როგორ ამოვიდა მზე.

- მზე! - თქვა ყვავილმა.

უცებ მოსწყდა მიწას და აფარფატდა ჰაერში.

ასეა, მზის პირველი დანახვისას, თუ მოისურვებ, აფრინდები აუცილებლად.

ცოტა ხანს იფრინა ველზე ყვავილმა. დაჰყურებდა მძინარე თანამოძმეებს. მერე ერთი ამოიოხრა ნაღვლიანად და გაფრინდა ცაში...

ყვავილებმა რომ გაიღვიძეს, შეხედეს ცას, მაგრამ ვეღარსად იპოვეს თავიანთი ანარეკლი. მხოლოდ დიდი მზე ენთო ცაზე და მისმა შუქმა კინაღამ დააბრმავა ყვავილები. ახლა ერთმანეთს გადახედეს მზის სინათლეზე და გაოცდნენ, ისეთი უფერულები იყვნენ.

გაბრაზდნენ.

ცისკენ გახედვაც აღარ უნდოდათ...

იდგნენ ველზე, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ყვავილები, ებუზღუნებოდნენ ერთმანეთს.

მიდიოდა დრო...

...ერთხელ, მზის ჩასვლისას, დაინახეს, რომ ციდან საოცარი ყვავილი მოფრინავდა მათკენ.

ვარსკვლავი ეგონათ.

ჩამოფრინდა ლამაზი ყვავილი და მიესალმა ყვავილებს.

ისინი თვალებგაფართოებულნი შესცქეროდნენ.

- მე თქვენი მოძმე ვარ, - უთხრა ყვავილმა.

- მაშ, ცაში რა გინდოდა? - არ დაიჯერეს ყვავილებმა.

და ყვავილმა დაიწყო თავისი ამბის მოყოლა:

როგორ გაფრინდა, როგორ ააფერადეს და როგორ ასწავლეს ცეკვა ვარსკვლავებმა.

- ჩვენც გვინდა ფერადები ვიყოთ, - ახმაურდნენ ყვავილები.

- თქვენც გაფერადდებით, ოღონდ ჯერ მომისმინეთ, მზემ რა დამაბარა თქვენთან, - თქვა ყვავილმა.

- არა, არა, ჯერ გავფერადდეთ! - ყვიროდნენ ყვავილები.

ყვავილი ჩქარობდა, რომ გადაეცა მზის დანაბარები, მაგრამ ყვავილები არ ანებებდნენ.

რა გაეწყობაო, თქვა მაშინ ყვავილმა, და აფრინდა ჰაერში.

დაიწყო ცეკვა, დაფარფატებდა ლამაზად.

ცეკვავდა ყვავილი.

უცქეროდნენ ყვავილები, დავიწყებოდათ გაბრაზებულები რომ იყვნენ ყველაზე და ყველაფერზე.

უცქეროდნენ.

ცეკვავდა ყვავილი...

მაგრამ უცებ გამოეცალა ღონე და დაეშვა ძირს.

- მზემ მითხრაო, - დაიწყო, მაგრამ აღარ ეყო ძალა, დაეცა მიწაზე და ჩაიფერფლა...

ერთხანს დასცქეროდნენ... შემდეგ კი უცებ შეხედეს ერთმანეთს ყვავილებმა. ატყდა ჟრიამული: გავფერადდით, ვაშა, ჩვენც გავფერადდითო.

ყვიროდნენ ყვავილები. ლამაზები ვართ, ლამაზებიო.

მზემ უყურა მათ, უყურა და ნაღვლიანი მიეფარა თვალს.

გახარებული ყვავილები კი არ ცხრებოდნენ და ყვიროდნენ:

ვარსკვლავები რას გვიქვია, ჩვენა ვართ, რაცა ვართო.

ბევრი იმასაც ამბობდა, არავითარი ყვავილი არ ჩამოფრენილა ციდან, ასეთები ვიყავით ყოველთვისო.

მერე კვლავ ატყდა ჩხუბი: არა მე ვარ ლამაზი, არა მეო.

იჩხუბეს, იჩხუბეს და დაიძინეს.

მაგრამ ყველა ყვავილს არ დაუძინია. რამდენიმე ყვავილი დაღონებული იდგა და ნაღვლიანად ფიქრობდა:

ნეტავ, რა უთხრა მზემ იმ ყვავილსო?

მთელ ღამეს არ დაუძინიათ.

და დილით, მზე რომ ამოვიდა, ნაღვლიანი ყვავილები აფრინდნენ ჰაერში.

თურმე, საერთოდ, მზის ყოველი ამოსვლისას შეგიძლია აფრინდე, თუკი მოისურვებ ამას.

მას შემდეგ მუდამ დაფრინავენ ველზე ნაღვლიანი ყვავილები.

მათ ახლა ჩვენ პეპლებს ვეძახით.

დაფრინავენ პეპლები და ჩასჩურჩულებენ ყვავილებს: მზისკენ გავფრინდეთო. ზოგი ყვავილი ჩაფიქრებული უსმენს ამ ჩურჩულს და უფრო და უფრო ნაღვლიანდება. ბევრს კი არ სურს მიწის დატოვება. დგანან მიწის წვენით გამაძღრები და კმაყოფილები და ტკბებიან, რა ლამაზები ვართო.

ის კი არადა ზოგი ყვავილი ცისკენ სულაც არ იხედება და ამბობს, არავითარი მზე და ვარსკვლავი არ არსებობსო.

დაფრინავენ პეპლები ველზე. დასტრიალებენ თავზე ყვავილებს.

ხანდახან რომელიმე პეპელა ტოვებს ველს და მარტოდმარტო მიფრინავს ცისკენ. მაგრამ შორსაა ცა და ალბათ იღუპება პეპელა სადღაც...

სხვა პეპლები კი ფრენენ ველზე საღამომდე, უხმობენ ყვავილებს ცისკენ და მზის ჩასვლისას დაღლილნი იფერფლებიან ყვავილთა ძირას.

მაგრამ დილით სხვა ყვავილები იქცევიან პეპლებად...

და გრძელდება ცხოვრება ასე.

სულ ცაზე ფიქრობენ პეპლები, ამიტომაც არიან ლამაზები. და ყვავილებმაც არ იციან: მიტომ არიან ფერადნი, რომ მუდამ ცაში ფრენაზე ჩასჩურჩულებენ მათ პეპლები.

და თუ როდისმე გაქრება ცად გაფრენის სურვილი და მზის ამოსვლისას აღარცერთი ყვავილი აღარ იქცევა პეპლად, უბედურება მოხდება მაშინ: დაკარგავენ ფერს ყვავილები და ულამაზო და უსახური დარჩება ველი.

მზემაც სწორედ ეს უთხრა პირველ პეპელას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen