ერთ დილით მხიარული მღებავი შემოვიდა ქალაქში. ნაირფერი საღებავებით აფერადებული ტანსაცმელი ეცვა და თავზეც ფერადი ქუდი ეხურა.
მოდიოდა ღიღინ-ღიღინით და თოკზე გამობმულ პატარა ოთხთვალას მოაგორებდა.
ოთხთვალაზე ყუთი იდო და ყუთის სახურავზე გასაშლელი კიბე იყო თოკით დაკრული.
პირველსავე სახლს რომ გაუსწორდა, მღებავი შედგა. ღიღინი შეწყვიტა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „მოდი აქედანვე დავიწყოთო.“
მივიდა, დააკაკუნა კარზე და პატრონებმა რომ გამოხედეს, ფერადი ქუდის მოხდით მიესალმა და იკითხა: ბავშვები თუ გყავთო.
უთხრეს, კი გვყავსო.
- ძალიან კარგი, - გაიღიმა მღებავმა, - მოდით, იმ ოთახს შევღებავ, სადაც მათ სძინავთო.
იმათ უთხრეს, იცით, ახლა მაგის საშუალება არა გვაქვს, ცოტა არ იყოს, უფულოდა ვართ, მერე კიდევ ამ ავეჯის გადალაგება-გადმოლაგება ძნელი საქმეაო.
მღებავმა ქუდი დაიდო თავზე და ისევ გაიღიმა: - მე არც თქვენი ფული მინდა და არც თქვენი დახმარება, არხეინად იყავით, მხოლოდ საღამომდე შემიშვით ოთახშიო.
გადმოიღო კიბე, ახადა ყუთს სახურავი და ამოიღო საღებავიანი ქილები და ფუნჯები. შეიტანა ყველაფერი ოთახში და ჩაკეტა კარი.
სკოლიდან რომ დაბრუნდნენ, ბავშვებმა დიდხანს უარეს გარს თავიანთ ოთახს, მაგრამ ვერაფრით დაინახეს რა ხდებოდა შიგ. მღებავს ფარდები ჩამოეფარებინა ფანჯრებზე და ისე მუშაობდა.
საღამომდე ისმოდა ოთახიდან მისი ღიღინი.
საღამოს კი გამოვიდა მღებავი. ერთიც გაუღიმა ყველას და მიიპატიჟა:
- მობრძანდითო.
გააღო მღებავმა ოთახის კარი და მიდგა გვერდზე.
ბავშვებს დედ-მამა შეჰყვა. გადააბიჯეს ზღურბლს და იქვე გაჩერდნენ...
თითქოს გამქრალიყო ოთახი და აყვავებული ბაღებით სავსე სივრცის შუაგულში იდგა ბავშვების საწოლები...
გორაკებზე თეთრად ყვაოდნენ დიდი ხეები და თვალუწვდენელი ველიც აყვავებულ ნერგებს აევარდისფერებინა, ყვაოდა ჩანჩქერის თავზე კლდიდან ამოზრდილი ობოლი ხეც და წყნარი ტბის პირას გაშლილი ბუჩქნარიც.
ყვაოდა ყველაფერი...
და თითქოს აყვავებული ხეების სურნელიც მოჰქონდა ნიავს...
პირველად ბავშვები გამოერკვნენ. შევიდნენ ოთახში და სიხარულით ხტუნვა იწყეს.
ბავშვების მშობლებმა კი უთხრეს მღებავს, უდიდეს მადლობას მოგახსენებთო.
- რისი მადლობა, ეგაა ჩემი საქმეო, - თქვა მღებავმა.
მერე დაამატა: სხვა ოთახებსაც მოვხატავდი, მაგრამ დრო არა მაქვს, ჯერ ყველა ბავშვს უნდა მოვუხატო ოთახი. ახლა კი წავედი, ნახვამდისო.
- ამ ღამეში სადღა წახვალთო? - შეწუხდნენ მასპინძლები.
- არა უშავს, - დაამშვიდა ისინი მღებავმა, - მე ცისქვეშ უნდა მეძინოს, ასეთია წესიო.
- ჩვენთან მაინც ივახშმეთო, - სთხოვეს.
- არაო, - ამაზეც თავი გაიქნია უცნაურმა მღებავმა.
ბავშვების დახმარებით ჩააწყო ფუნჯები და ქილები ყუთში. დააკრა ყუთზე კიბე და გასწია თოკი, გააგორა ოთხთვალა.
- ნახვამდის! - დაუძახეს ბავშვებმა.
მღებავმა ქუდი დაიქნია და შეერია სიბნელეს.
უცებ მიწყდა მისი ოთხთვალას ხმაური.
მშობლები დიდხანს იდგნენ ჩაფიქრებულები, მერე იმათაც გაიღიმეს და შევიდნენ სახლში.
ბავშვები მხიარულად დახტოდნენ ოთახში.
შუაღამემდე ვერ დაიძინეს, ისე იყვნენ გახარებულები...
დილით მღებავი კვლავ შემოვიდა ქალაქში ღიღინით და ახლა იმათი მეზობლის ბავშვებს მოხატა ოთახი...
ასე მოდიოდა ყოველდღე და ყოველდღე თითო ოთახს ავსებდა აყვავებული ხეებით...
და ხალისიანები გახდნენ მთელი ქალაქის ბავშვები.
სულ მხიარულად დახტოდნენ და მღეროდნენ და ავადაც აღარავინ ხდებოდა.
ბოლოს ქალაქის განაპირას ერთი სახლიღა დარჩა და დილით იქაც მივიდა მღებავი.
დააკაკუნა კარზე.
გამოვიდა მოღუშული კაცი.
მღებავმა გაუღიმა და უთხრა:
- გამარჯობათ, შეიძლება თქვენი ბავშვების ოთახი შევღებო?
- მე არ მყავს ბავშვები, - მკვახედ უთხრა კაცმა.
- სამწუხაროა, - თქვა მღებავმა.
- სრულიადაც არა, - ჩაიბუზღუნა კაცმა.
მღებავმა აღარაფერი უთხრა. მხოლოდ ამოიოხრა ერთხელ. გასწია თოკი და გააგორა თავისი ოთხთვალა. ისევ ღიღინით წავიდა, თუმცა ახლა ნაღვლიანი იყო ეს ღიღინი.
გაჰყვა მღებავი შარაგზას, რათა ახლა სხვა ქალაქებში მოეხატა ოთახები ბავშვებისათვის.
კაცმა თვალი გააყოლა მღებავს.
- ეს ვიღაცაა, არ მომწონს, - ისევ ჩაიბუზღუნა და შევიდა სახლში.
ეს იყო გაუცინარი კაცი.
იმიტომ არ იცინოდა, რომ თავის თავს ბრძენად თვლიდა და ფიქრობდა, ბრძენი ადამიანი მუდამ სერიოზული უნდა იყოსო.
იშვიათად გამოდიოდა შინიდან და, როცა გამოვიდოდა, მაშინაც ისეთი ჩაფიქრებული სახით გაივლიდა ქუჩებს, რომ არც მიესალმებოდა ვინმეს.
საკვირველი ის იყო, რომ ქალაქის მცხოვრებნიც ბრძენად მიიჩნევდნენ ამ კაცს, თუმცა არასოდეს ერთი სიტყვაც არ გაეგოთ მისგან. ეტყობა, ამქვეყნად ბევრი ფიქრობს, ვინც სერიოზული სახით დადის, ის აუცილებლად ჭკვიანიაო.
ჰოდა, დაინახავდნენ თუ არა ამ კაცს, მაშინვე წყვეტდნენ სიცილს მოქალაქენი და რცხვენოდათ კიდეც, ეს ასეთი სერიოზულია, ჩვენ კი ქარაფშუტულად ვმხიარულობთო.
გაუცინარს სიამოვნებდა, მის დანახვაზე სიცილს რომ წყვეტდა ხალხი.
„როცა იქნება, თქვენც მოგაჭკვიანებთ, თქვენც მიხვდებით, რომ საერთოდ სისულელეა სიცილი და ყველანი ჩემნაირები გახდებითო“, - გაიფიქრებდა კმაყოფილი.
იქნებ მოეყვანა კიდეც თავის ჭკუაზე მთელი ქალაქი, მაგრამ ბავშვებს ვერაფერს უხერხებდა.
ისინი არ წყვეტდნენ სიცილს მის დანახვაზე. წყვეტდნენ კი არა, ზოგი მათგანი, თუ უფროსები არ იყვნენ ახლომახლო, სიცილით გამოუდგებოდა ხოლმე გაუცინარს და მისძახოდა: „მოღუშულო, მობღუშულოო“.
გაუცინარს ისიც შემჩნეული ჰქონდა: როდესაც მშობლები თავიანთ შვილებს უცქეროდნენ, უნებლიეთ ეღიმებოდათ ხოლმე.
ამიტომაც არ დაოჯახდა, ეშინოდა, ვაითუ მეც ჩავიდინო ბრძენისთვის შეუფერებელი საქციელი და გავიღიმოო.
ეს კიდევ არაფერი, იმისიც რცხვენოდა, ოდესღაც ბავშვი რომ იყო და იცინოდა.
ამ ბოლო დროს რომ გაცილებით უფრო ხშირად ისმოდა ბავშვების სიცილი ქალაქში, ეს არ გამოჰპარვია გაუცინარს. სულ ფიქრობდა, რისი ბრალიაო, და აი, ახლა როგორღაც იგრძნო, რომ ის თავიდან ფეხებამდე საღებავში ამოსვრილი არასერიოზული კაცი იყო ყველაფერში დამნაშავე.
ადგა, სულ შავები ჩაიცვა, თავზეც შავი ქუდი დაიხურა. ჩვეულებრივზე მეტად ჩაფიქრებული სახე მიიღო და გამოვიდა ქუჩაში.
გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს და მიუკაკუნა კარზე თავის მეზობელს.
მეზობელმა კარი რომ გააღო, კინაღამ ენა ჩაუვარდა მოულოდნელობისაგან, ასეთი სერიოზული და ბრძენი კაცი რომ ეწვია.
- მობრძანდითო, - შეიპატიჟა.
- არა, არა მცალიაო, - უთხრა გაუცინარმა და მერე ჰკითხა:
- თქვენთანაც იყო ის საღებავში ამოთხვრილი კაცი?
- კი იყო, - უპასუხა იმან.
- რა უნდოდა?
- ბავშვების ოთახი მოხატა.
- აჰა, ბავშვების ოთახი, ხომ? მერე? მეტი არაფერი მომხდარა?
- არა... არაფერი, - უპასუხა მეზობელმა და შეშფოთდა, - რატომ მეკითხებით?
გაუცინარმა აღარაფერი თქვა. გამობრუნდა და წამოვიდა. თან ფიქრობდა: არა, აქ რაღაც ამბავიაო.
მეზობელმა მართლაც დაუმალა სიმართლე, ყველაფერი არ უთხრა, რაც იცოდა.
ღამით ყველა მშობელს ერთხელ მაინც ეღვიძება, რომ ნახოს, ხომ მშვიდად სძინავთ ბავშვებს, ან საბანი ხომ არა აქვთ გადახდილიო.
ამიტომაც იცოდნენ მშობლებმა, რომ აყვავებული ხეებით სავსე ოთახში ღამით საოცარი რამ ხდებოდა.
გაუცინარის მეზობელი შებრუნდა სახლში და ცოლს უთხრა გაუცინარის მოსვლის ამბავი.
- რა ვქნათო, - ჩაფიქრდნენ ორივენი, - რატომ მოვიდა სერიოზული კაცი, იქნებ საჭიროა ყველაფერი ვუთხრათ, ვაითუ რაიმე საფრთხე ემუქრებათ ჩვენს შვილებსო.
იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს, ყველაფერი გაემხილათ.
და ღამით, მათმა ბავშვებმა რომ დაიძინეს, მშობლებმა დაუძახეს გაუცინარ კაცს და შეიყვანეს იმ აყვავებული ხეებით მოხატულ ოთახში.
მკრთლად ანათებდა ოთახს მთვარის შუქი.
ეძინათ ბავშვებს.
და უცებ კედელზე დახატულ ერთ ბუჩქზე ფოთლები შეირხა, გადაიწია აქეთ-იქით და გამოფრინდნენ ლამაზი, ფერადი ჩიტები.
მიფრინდნენ ჩიტები და სათითაოდ დაუსხდნენ ბავშვებს სასთუმალთან.
დაიწყეს ჩუმად გალობა.
გალობდნენ ჩიტები და ძილში იღიმებოდნენ ბავშვები...
მერე ჩიტებმა შეიფრთხიალეს, ერთად აფრინდნენ და კვლავ კედელზე დახატულ ბუჩქს დაუბრუნდნენ, შეიმალნენ ფოთლებში და ფოთლები გაიყინენ, კვლავ იქცნენ ნახატად.
გაუცინარი ადგა და ჩვეულებრივზე ბევრად უფრო სერიოზული და მოღუშული გამოვიდა ბავშვების ოთახიდან.
გამოჰყვნენ მასპინძლები.
- აი, თურმე რა ოინი მოუგონია, - თავი მკაცრად გადააქნია გაუცინარმა. თითი მაღლა ასწია და თქვა:
- ბავშვები მეტისმეტად ბევრს იცინიან და ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. გადაეცით ყველას, რომ საჭიროა მივიღოთ სასწრაფო ზომები. პირველ რიგში, უნდა დაიჭიროთ ყველა ჩიტი და მომიყვანოთ, შემდეგ კი მე მოვიფიქრებ, რა უნდა ვქნათ.
მეორე დღეს ქალაქში ყველამ იცოდა სერიოზული კაცის ნათქვამი.
- ადრე ერთ სიტყვასაც არ ამბობდა და ახლა ამდენი რომ ულაპარაკია, ეტყობა, მართლაც დიდი საფრთხე ემუქრება ჩვენს შვილებსო, - ეუბნებოდნენ ერთმანეთს მოქალაქეები.
იმავე ღამით ყველა მშობელი დაუდარაჯდა და, როგორც კი ჩიტებმა ბუჩქებზე შეიფრთხიალეს, მაშინვე სტაცეს ხელი და ჩასვეს გალიებში.
დილით კი მიუყვანეს ჩიტები გაუცინარ კაცს.
სათითაოდ შედიოდნენ და აბარებდნენ გალიას. შემდეგ კი იცდიდნენ. აინტერესებდათ, ყველა ჩიტს რომ მოაგროვებს, მერე რას იზამსო.
გალიებით აივსო სახლი.
და აი, ბოლო გალიაც მოიტანეს.
ახლა ყველა ელოდა, რა მოხდებოდა.
გაუცინარი ფანჯარაში გადმოდგა და ის იყო დააპირა საგანგებოდ მომზადებული ბრძნული სიტყვები ეთქვა ხალხისთვის, რომ ფრთების ფათქუნი გაისმა.
ყველა გალიაში ერთდროულად აფართქალდნენ ჩიტები.
დაიწყეს ფრთების ქნევა და...
უცებ სახლი მოსწყდა მიწას და აფრინდა ჰაერში.
- რას შვრები, კაცო! - დაუძახეს გაუცინარს. ხალხს ეგონა, განგებ აკეთებს ამასო.
- რა ვიცი, აბა, მგონი მივფრინავ, - გადმოსძახა იმან.
ამის თქმა იყო და ხალხს სიცილი აუტყდა.
ეტყობა, ჰაერში ფრენას მაინცდამაინც არ შეეფერებოდა ფანჯარაში გადმომდგარი კაცის სერიოზულობა.
გაუცინარი გაბრაზდა, რა აცინებთო!
მუშტი მოუღერა ხალხს, მაგრამ იმათ უფრო უმატეს სიცილს.
ხარხარებდა ხალხი.
მიფრინავდა გაუცინარი კაცის სახლი.
და მალე მიეფარა თვალს.
- ესეც შენი სერიოზული და ბრძენი კაცი, სულ ტყუილად დავუჯერეთო, - თქვეს და წავიდ-წამოვიდნენ მოქალაქენი...
მთელი დღე მიფრინავდა გაუცინარი კაცი.
ჯერ იმედი ჰქონდა, ჩიტები დაიღლებიანო, მაგრამ ისინი ღონივრად იქნევდნენ ფრთებს.
- ვინ იცის, სად მივყავარ ამ ჩიტებს. რა ვქნა, რა ვქნაო, - ამბობდა დაღონებული. დაავიწყდა ბრძნობას რომ ჩემულობდა და ერთხელ ესეც კი თქვა:
- აბა, თუ შნო გაქვს, ახლა მოიგონე რამე, შე სულელო ჩემო თავოო.
დაღამდა.
ახლა ბნელში მიფრინავდნენ.
ცაზე კი ვარსკვლავები კიაფობდნენ.
და, ალბათ, ის თუ დაინახა, როგორ მოსწყდა ცას თითო-თითოდ რამდენიმე ვარსკვლავი და გაუცინარმა უცებ მოიფიქრა, რაც უნდა ექნა.
გააღო ერთი გალია და თითო-თითოდ გამოუშვა ჩიტები. ისინი მაშინვე გაფრინდნენ ფანჯარაში.
მერე მეორე გალია გააღო, მერე - მესამე...
იგრძნო, რომ სახლი თანდათან ძირს ეშვებოდა.
ასე თითო-თითოდ უშვებდა ჩიტებს...
და ბოლო გალიაც რომ გააღო, სახლი სიბნელეში ნელ-ნელა დაეშვა მიწაზე.
გაუცინარმა კაცმა შვებით ამოისუნთქა.
მერე ჩაფიქრდა და თქვა:
- ცაში ვიფრინე!
მოიგონა ყველაფერი და ისიც გაახსენდა, როგორ იცინოდნენ მოქალაქენი. თვითონაც წარმოიდგინა, რა სანახავი იქნებოდა, თან ჰაერში რომ მიფრინავდა და თან ცხვირჩამოშვებული რომ მოჩანდა ფანჯარაში, და უცებ სიცილი აუტყდა.
ჰო, რა გემრიელად იცინოდა! იცინოდა დიდხანს, ისე იცინოდა, სულს ძლივსღა ითქვამდა.
და ასე სიცილში ჩაეძინა დაღლილს...
ეძინა მშვიდად.
ჩიტები კი მიფრინავდნენ სწრაფად.
და იმ ღამესაც მოასწრეს გალობა ბავშვების სასთუმალთან...
გათენდა.
კაცს ისევ მშვიდად ეძინა.
მის სახლს ხალხი შემორტყმოდა ირგვლივ და გაოცებულნი უყურებდნენ.
თურმე რომელიღაც ქალაქის შუა მოედანზე დაშვებულიყო სახლი.
ფიქრობდნენ მოქალაქენი, რა ვქნათო, და ის იყო გადაწყვიტეს შიგ შესულიყვნენ, რომ სახლიდან სიმღერა გაისმა.
ცოტა ხნის შემდეგ გაღიმებული კაცი გადმოდგა ფანჯარაში.
აქ უნდა ვთქვათ, რომ თუ კაცი თავის თავზე ერთხელ მაინც გაიცინებს გულიანად, მერე ის აღარ ეცდება, სულ სერიოზული სახით იაროს. ხოლო თუ მგალობელ ჩიტებთან ერთად იფრენს, არც ისაა გასაკვირი, რომ სიმღერა შეუყვარდეს და სმენაც გაეხსნას.
მიესალმა კაცი ხალხს და დარჩა ქალაქში.
დიდებისაგან სასულე ორკესტრი ჩამოაყალიბა.
ბავშვებს კი სიმღერას ასწავლის. მთელი ქალაქის ბავშვებისაგან მომღერალთა გუნდი შეკრიბა და ამ გუნდში მისი შვიდი შვილიც მღერის.
დილაადრიან ადის ხოლმე თავისი სახლის სახურავზე და ქალაქში შემოსასვლელ ყველა გზას აკვირდება ჭოგრიტით.
იცის, ადრე თუ გვიან ამ ქალაქშიც შემოვა მხიარული მღებავი და უნდა, რომ ზარ-ზეიმით შეხვდეს იმის მოსვლას.
არავის უმხელს, ვის ელოდება. მხოლოდ ამას ამბობს, ნახავთ, ისეთი რაღაც მოხდება, ბავშვები სულ მხიარულები იქნებიანო.
ბავშვებს კი ახლაც ძალიან უხარიათ დღის გათენება, რადგან უცნაური მოღიმარი კაცი ცხოვრობს მათ ქალაქში.


