კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 22:00

 

ქალაქის ბაღში ერთი პატარა ყვავილოვანი გორაკი იყო.

ლამაზი იყო გორაკი და მოქალაქენი ხშირად დაობდნენ, თუ რა გაეკეთებინათ გორაკზე. ერთნი ამბობდნენ, ბავშვებისათვის კარუსელი გავმართოთო, მეორენი - სასადილო გავხსნათ, ნიავზე სასიამოვნო იქნება ჭამაო; მესამენი ოცნებობდნენ, აქ დიდი ტელესკოპი რომ დაიდგას, ღამღამობით მოვალთ და ცას შევხედავთ, უფრო მეტ ვარსკვლავებს დავინახავთ, ვიდრე თვალით ვხედავთო.

ვერ გადაეწყვიტათ, რა ექნათ...

ერთ დღეს უცხო, ფერადმა ჩიტმა გადაუფრინა ქალაქს, ორი ბრჭყვიალა მარცვალი ჩამოაგდო გორაკზე და, ხმის ამოღებაც ვერავინ მოასწრო, ისე მიეფარა თვალს...

გავიდა ხანი და ორი უცნაური ხე ამოვიდა გორაკზე.

ხეებს დიდი ფოთლები ჰქონდათ, ფოთლები გამჭვირვალენი იყვნენ, სხვადასხვაფერად ელავდნენ და, ნიავი რომ დაუბერავდა, საამოდ წკრიალებდნენ.

მერე ნაყოფიც დაისხეს ხეებმა; დიდი, ფერადი საზამთროების მსგავსი და ამ ხეებზე ლამაზი სანახავი აღარაფერი იყო ქვეყნად.

მოქალაქეებს საქმე ავიწყდებოდათ, უყურებდნენ ხეების ფოთლებში სხივების თამაშს და ტკბებოდნენ.

ბავშვებს ხომ სულ ვეღარ აცილებდნენ იქაურობას...

გაიწკრიალებდა ფოთოლი, მხიარულად ხტუნვას მოჰყვებოდნენ ბავშვები და თან ხმით ფოთლის წკრიალს ბაძავდნენ...

იზრდებოდა ნაყოფი...

ერთ დღეს გაყუჩდნენ ხეები.

აღარ უწკრიალებდათ ფოთლები და ისე იდგნენ, თითქოს ჩაფიქრებულანო.

და მოქალაქენი მიხვდნენ, ახლა უნდა მომხდარიყო მთავარი.

მთელი ქალაქი მოვიდა ბაღში.

წრედ იდგნენ გორაკის ირგვლივ.

ელოდნენ.

და აი, მოსწყდა ერთ ხეს ნაყოფი და დაეცა მიწაზე.

გაიწკრიალა ნაყოფმა, შეტოკდა რამდენჯერმე და გაჩერდა.

ხალხი სულგანაბული უცქეროდა.

უცებ კვლავ გაისმა წკრიალი, ნაყოფი შუაზე გადაიხსნა და იქიდან კაცი გადმოვიდა.

კაცმა მიმოიხედა, მივიდა მეორე ხესთან და შეათვალიერა ამ ხის ნაყოფები. ერთი ნაყოფი ამოირჩია და მის ქვეშ გაჩერდა.

უცქირა, უცქირა ნაყოფს და მოსწყდა ნაყოფი ხეს, ჩამოვარდა და ისიც წკრიალით გადაიხსნა შუაზე.

და მთლად გაოცდა ხალხი: ნაყოფში ვიოლინო იდო.

კაცმა აიღო ვიოლინო, დაიდო კოხტად მხარზე, დააბჯინა ზედ ნიკაპი, მოიმარჯვა ქამანი და დაიწყო დაკვრა.

ძალიან კარგად უკრავდა...

გაათავა დაკვრა, ხალხს თავი დაუკრა, ჩამოვიდა გორაკიდან და წავიდა...

ამასობაში პირველ ხეს კვლავ მოსწყდა ნაყოფი.

ამ ნაყოფიდანაც კაცი გადმოვიდა.

ეს კაციც მივიდა მეორე ხესთან, შეარჩია ნაყოფი და მას საყვირი ერგო.

დაუკრა კაცმა, ჩამოვიდა გორაკიდან და წავიდა ისიც.

და ასე: ცვიოდა ნაყოფი ერთი ხიდან, იბადებოდნენ იქიდან კაცები, ირჩევდნენ ნაყოფს მეორე ხეზე, იღებდნენ იმ ნაყოფიდან თავიანთ კუთვნილ საკრავებს, უკრავდნენ ისინიც და მიდიოდნენ სხვადასხვა მხარეს.

ბოლოს თითო ნაყოფიღა შემორჩა ხეებს.

მოსწყდა კაცების ხეს ნაყოფი. დაეცა, გაიხსნა წკრიალით და გადმოვიდა იქიდან კაცი.

მივიდა კაცი მეორე ხესთან და დაელოდა, როდის ჩამოვარდებოდა მისი კუთვნილი ნაყოფი.

ხალხიც ელოდა მოუთმენლად, ყველა ფიქრობდა, ამ ნაყოფიდან რაღაც არნახული საკრავი გაჩნდებაო.

ჩამოვარდა ნაყოფი...

დაეცა წკრიალით...

დასცქეროდა კაცი.

მაგრამ მის წინ ნაყოფი დიდი ფერადი ბურთივით იდო და არ იხსნებოდა.

მზის ჩასვლამდე ელოდნენ კაციც და ხალხიც, რომ გაიხსნებოდა ნაყოფი.

ბოლოს ამოიოხრა კაცმა, აიღო ფერადი ბურთი და ნაღვლიანი ჩამოვიდა გორაკიდან.

ხალხმა მორიდებით დაუთმო გზა...

მას შემდეგ დაღონებული დადიოდა ქვეყნად ის კაცი.

როცა გაიგებდა, ვინმე უკრავსო, მივიდოდა და უსმენდა.

სულ იმას ნაღვლობდა, რომ მისი კუთვნილი ნაყოფი არ გაიხსნა და არ ერგო საკრავი. სხვაზე არაფერზე ფიქრობდა...

ერთხელაც ასე დაღონებული იჯდა და უყურებდა თავის ფერად ბურთს, რომ უცებ ტირილი მოესმა.

დაინახა, პატარა ბიჭი მოდიოდა გზაზე.

- რატომ ტირიო? - ჰკითხა.

- გუშინ ერთმა გოგონამ ფერადი კენჭები მაჩუქა და დღეს დავკარგეო, - თქვა ბიჭმა და განაგრძო ტირილი.

- აგერ რამდენი ფერადი კენჭები ყრია, მაგისთვის რატომ ტირიო? - გაუკვირდა კაცს.

- ის ნაჩუქარი კენჭები იყოო, - თქვა ბიჭმა და წავიდა მტირალი.

კაცი ჩაფიქრდა და მიხვდა, მის გარდა სხვასაც ჰქონდა ქვეყნად დარდი.

მას შემდეგ დადიოდა და აკვირდებოდა ხალხს, უნდოდა გაეგო, ვინ რაზე ფიქრობდა, ვინ რაზე ოცნებობდა, ვის რა სტკიოდა...

და ერთხელ ხმა გავარდა ქვეყნად, საოცარი კლოუნი დადის ქალაქიდან ქალაქშიო.

კლოუნს დიდი ფერადი ბურთი გამოჰქონდა არენაზე. და ის ბურთი კლოუნის მხიარულ სპექტაკლში ხან საჰაერო ბურთად იქცეოდა, რომლითაც ღრუბლებისაკენ გაფრენა შეიძლებოდა, ხან დიდ კვერცხად, რომლიდანაც ფერადი ჩიტი უნდა გამოფრენილიყო.

ხან ისე იქცეოდა კლოუნი, თითქოს პატარა ბიჭი იყო, ეს ბურთი კი - დიდი შაქარყინული და ვერ გადაეწყვიტა, უცებ შევჭამო თუ ნელ-ნელა ლოკვით გავათაოო, ხან შორიახლოს დაჯდებოდა, ნიკაპს ხელისგულზე ჩამოაყრდნობდა და ისე მიაჩერდებოდა ბურთს, თითქოს ჩაფიქრებული მთვარეს უცქეროდა, ხან კი იდგა ბურთთან და ისე დაჰყურებდა ნაღვლიანი, თითქოს უცებ ამხელა ცრემლი გადმოვარდნოდა თვალიდან და აღარ იცოდა რა ექნა მისთვის...

ცხადია, მიხვდით, ვინც იქნებოდა ეს კლოუნი.

ის ახლა აღარ დარდობდა, რომ არ გაიხსნა მისი ნაყოფი.

უცქეროდა ხალხი კლოუნის წარმოდგენებს, ხან გამხიარულდებოდნენ, ხან დანაღვლიანდებოდნენ, ბოლოს კი მხნე და იმედიანი ბრუნდებოდნენ სახლში.

ხშირად, როდესაც შეატყობდნენ, ხალხი კარგად აღარ გვისმენს, ალბათ რაღაც დააკლდა ჩვენს დაკვრასო, კლოუნის საცქერლად ის მუსიკოსებიც მიდიოდნენ.

უცქეროდნენ კლოუნს და ასე ხვდებოდნენ ადამიანების დარდსა და სიხარულს.

მიდიოდნენ და უკრავდნენ.

და ასე გრძელდებოდა ცხოვრება...

ახარებდა ადამიანებს კლოუნი და უკრავდნენ ქვეყნად მუსიკოსები...

გორაკზე კი იდგა ორი უცნაური ხე, აწკრიალებდა ფოთლებს და ყოველ წელიწადს ბადებდა ახალ მუსიკოსებსა და მათ საკრავებს...

მაგრამ ერთხელ ხმა გავარდა, ხეები ხმებიანო...

მოაწყდა ხალხი გორაკს.

აქ იყვნენ მუსიკოსებიც.

ბოლოს კლოუნიც მოვიდა.

ნახა, დასცვენოდათ ფოთლები ხეებს...

იდგა ხალხი ჩუმად.

უცებ შეტორტმანდნენ ხეები და გაქრნენ...

დუმდა ხალხი, დუმდნენ მგლოვიარე მუსიკოსები...

იდგა ნაღვლიანი კლოუნი და ფიქრობდა.

შემდეგ რაღაც ფიქრმა გაუნათა თვალები.

ავიდა გორაკზე, აიტანა თავისი ფერადი ბურთი და დაიწყო თავისი წარმოდგენა...

უცქეროდა ხალხი კლოუნს და თანდათან ყველას ღიმილი აუთამაშდა სახეზე...

და უცებ გაიწკრიალა ბურთმა...

ხალხი გაირინდა.

კლოუნიც გაშეშდა და მიაჩერდა ბურთს.

კიდევ გაიწკრიალა ბურთმა, გადაიხსნა და იქიდან პაწია ნერგმა ამოჰყო თავი...

ხალხის თვალწინ იზრდებოდა ნერგი.

უცქეროდა მას კლოუნი.

შემდეგ წელში გაიმართა და ხელები მაღლა ამართა.

გაიღიმა კლოუნმა.

და იქცა ნერგად...


* * * * * * *


კვლავ დგას გორაკზე ორი უცნაური ხე.

აწკრიალებენ გამჭვირვალე ფერად ფოთლებს.

დიდი ფერადი ბურთები დაუსხამთ ნაყოფად.

მოდიან მოქალაქენი.

უცქერენ ხეებს და იციან, რომ ამ ხეებიდან კვლავ გაჩნდებიან კაცები და მათი საკრავები.

დაუკრავენ მუსიკოსები და წავლენ სხვადასხვა მხარეს.

დაატკბობენ ქვეყანას მუსიკით.

ერთ კაცს ალბათ კვლავ არ ექნება საკრავი. და ის ნაღვლიანი კაცი კლოუნი გახდება, გაახარებს სხვებს...

და შემდეგ, როდესაც მოკვდებიან ხეები, კლოუნი იქცევა ნერგად...

და მუდამ იქნება ქვეყნად მუსიკა და სევდანარევი ღიმილი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen