სადღეისო წერილი მეგობართან
მეგობარო! მრწამს სიფლიდე დიპლომატიისა: როგორც უბეში გველი არ დაინდობა, ისე დიპლომატია, ავს აკეთებს თუ კარგს, მაინც ფლიდია მაინც.
აი, ამას წინად რომ გამობრძანდა და წინ წამოიმძღვარა კაცთმოყვარეობა და... შეარიგა რუსეთი და იაპონია. რა იყო მიზეზი: კაცთმოყვარეობა, თუ სხვა რამე? მრწამს, რომ არა, აქ კაცთმოყვარეობა სათვალთმაქცო სიტყვაა, მიზეზი სულ სხვაა - ყველა დააფიქრა იაპონიის გაძლიერებამ. ყველა ჰგრძნობდა, რომ თუ ხარბინთანაც გაიმარჯვებდა იაპონია, რაიც მოსალოდნელი იყო, მაშინ ყველას, თვით ამერიკასაც, თითი უნდა მოეკაკვა იაპონიის წინაშე.
არა გჯერა, რომ ეს ასეა? გამარჯვებული იაპონია კაი სიტყვებით, კაი რჩევით დასაჯეს და არანაკლები წილი ამ საქმეში უდევს თვით მოკავშირე ინგლისს. ამ რჩევაში აშკარად, ცხადად ერთი მხოლოდ ისა სჩანს: რუსეთს რაც ლახტი მოჰხვდა ეგ ეყოფა, და შენც, პატარა იაპონიავ, ძლიერ წინ ნუ გაიწევ, ნუ გაჰღონიერდები, რათა ჩვენც არ მოგვახვედრო იგივე ლახტიო.
დიაღ, მწრამს, რომ ყოველ ერს ჯერ თავისი თავი ენიაზება, თავისთვის უნდა კეთილი, თავის საქმეების მოწესრიგება ე. ი., როგორც ხალხი ამბობს: ყველა თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისათვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავადაც გამოადგება იგი.
მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა და ესენი გახლავან “დასელები”, რომელნიც ქადაგებენ სხვა გავაბედნიეროთ, გავაძლიეროთ და ამით ჩვენც ძლიერნი შევიქნებითო. მოიგონე დასელების მოძღვრება დემოკრატიულ ცენტრალიზაციისა.
გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის.
ვისა ჰშურს ძლიერება რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე გაძლიერებისა... დღეს მთელი ქვეყანა ამას გაიძახის: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გვინდა მოვიპოვოთ საღსარი ბედნიერების, სიმართლის მისაღწევად. მე კი ჩემად მრწამს, და შენც, ვიცი, არ იუარებ, რომ უხეირო დეცენტრალიზაცია სჯობია საუკეთესოდ მოწყობილს ცენტრალიზაციას. ეს რომ ასე არ იყოს, არც სპენსერები დაამჯობინებდნენ.
ვის არა სწამს, რომ მხოლოდ სრული თვითმართველობა გააბედნიერებს ხალხს, გაჰზრდის მის ენერგიას, გამოიწვევს და ააყვავებს მასში დამალულს ახალს ძალებს? - რომ აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას?! - რომ დედაენაზე სწავლება სრულჰყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას?! ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი.


