|
ქართლი მაინც ქართლია: რკონს, კავთას და სამთავისს (ჩემში ვისიც მადლია) - ვენაცვალე სამთავეს...
წილკანს, ლარგვისს, იკორთას... დანახვისზე ატენთან მზე რომ გადმომიგორდა!
დღესაც მახსოვს ის ბერი... ძეგვიდან დანახული შიო-მღვიმის კლდის ფერი.
სხვამ რაღამ ამაღელვოს, როცა ვხედავ ატენის ან ყინწვისის ანგელოსს!
და სხვა არრა მამშვიდებს ისე, ოდეს მდუმარი ვუმზერ ბოლნისს, სამშვილდეს...
მცირეც, მეტიც, ყოველი არის სულში ჩამდგარი, როგორც სვეტიცხოველი.
შარავანდნი, აზმანი, სანამ შუბლმა წაიცხო ზარზმის აიაზმანი,
ხელთუქმნელი ნახატი, გამიცხადდა უბისას... სანამ გელათს ვნახავდი,
სანამ ნეკრესს ვვედრებდი, სანამ გავიბოდბებდი, გავიალავერდებდი...
მცხეთას, ჯვარს თუ სამთავროს... ვინც მე მომცა სათავე, ისევ მან დამამთავროს! |


