|
ღვინობისთვის ცამეტი. ფერი ედელვაისის. როიალზე მბორგავი აკორდები "დაისის. ვიოლინოს სიმებში ქერუბიმთა ზმანება... ბეთჰოვენი, შოპენი, ზათქებად და ზარებად.
ცრემლიანი ტრაპეზი. ფაიფურის სინაზე. კოშკი ჩამორღვეული, ანაგები სილაზე... ღვინობისთვის ცამეტი. ღვინო - კარდანახული. მერაბ, საით წახვედი, ასე კარგდანახული?!.
ზვიად, საით წახვედი, სად არს შენი ლაშქარი?!. ვის გაუწყრა ლომისა, ვის გაუწყრა ლაშარი?!. მეზმანება თევდორე, ღვაწლით არამცირედით!.. გზა გაიგდო ქვენადრისს, მოიტოვა ცხირეთი!..
მოიპოვა საუნჯე და მეფური წამები... ქრისტეს გზაზე იარა ტკივილით და წამებით. თქვენ კი, დიდო გმირებო, არ შემოგხვდათ თევდორე... თქვენი ჯაჭვის პერანგი სისხლით გამოვიგლოვე.
ვაი, ქრისტეს მხედრებო, სად ხართ? სად გაიფანტეთ? ზანას ქვებზე დავეცი, ღვიძლი გამოვიფატრე! ღვიძლი გამოვიფატრე იმედით და ლოდინით... რისხვა უკიდეგანო გულზე მადევს ლოდივით!..
ღმერთო, ამატანინე სევდა ჯერ არნახული!.. ღვინობისთვის ცამეტი. ღვინო - კარდანახული. |


