|
სიტყვა ავიღე მიმდინარე აზრთა გარშემო, ხალხის წინაშე მეტყველებით ავაგე ლექსი; დრომ, თუ ისმინა - ხმა მებრძოლი მოქალაქესი, ბრძოლის თანახმად, ეს ცხოვრება უნდა ვაშენო.
კარგი რამეა: სიცოცხლეში მიზნით ხარობდე, იყო მეხის წინ ქუხილისთვის მომზადებული; როგორ ვამბობდე: - ჩემო ცაო, ნეტავ დარობდე! არ შემიბინდო წიწამურის გზა წუნდებული?!
გაივლის დრო და საქართველოს მზე კვლავ ამოვა, ფიქრობენ ასე, (ღაღადებენ ცრემლის დენითა). ვის გავაგონო: - სამშობლოში არ გვინდა გლოვა, ნუ გესიზმრებათ რესპუბლიკა თეთრი ცხენითა.
არც თავს არგია ქარავანის მგზავრი გვიანი, თუ რჩება უკან, თუ ივსება მწუხრით გულამდე?! საქმე ისაა: დღევანდელი ადამიანი ჰქმნიდეს ქვეყანას - საბოლოო გაზაფხულამდე.
კიდევ მგოსნობენ - პოეზიის მომხრე ლანდები ტკეპნიან ქუჩებს, იგონებენ კოჯორის ველებს; შორსაა გემი - გემს უცდიან ემიგრანტები, ხრის ისტორია - სამშობლოსკენ გაშვერილ ხელებს.
ხელს ვინ შეხედავს, თუ მეშვიდე ვარსკვლავიც ჰქრება?! თუ კლდეც ირღვევა იმ ფერადი დროშის ხვედრითა?! როგორ გაიგებს თებერვალში განწირულთ წყება - ოცნებად რჩება რესპუბლიკა თეთრი მხედრითა.
არც კაცობაა, თუ ბრძოლაში ცრემლად გალღვები, თუ უსარგებლო მოქმედებით გზა გემრუდება; სანამ დაგლეწავს ამ ცხოვრების შმაგი ტალღები - სჯობს გრიგალის წინ - სიცოცხლისთვის შემობრუნება.
რა საწყენია წინაპართა კვალს რომ ვტოვებდე?!. რა დამრჩენია იმედების უქმად ცვენაში?!. არ მინდა, არა! საქართველოს ბედის ძებნაში, მეც რუსთაველის პროსპექტიდან ვპატრიოტობდე. |


