|
წკრიალებს წვიმის უწყვეტი მწკრივი, არ იწრიტება, მწუხრის ბაღი, მხრიდან რომ არ ჩამოუცურდეს, სველ ნისლებს ნასკვავს. ვარსკვლავს რას ნახავ?! დაბინავდა მოსავალი კარგა ხანია. აღარც მთვარეა, აღარც მზეა და ცის მინდვრებში კოჭლი ყვავიც არსად დაფორთხავს. თეთრი ზეცა ისე დაბლაა, სულ ადვილად იაღმსარებლებ ცის და მიწის ერთარსებობას. მე შენ გეტყვი, ამბიონებს ვერსად დალანდავ, ან მდუმარების საკმეველი გამოგელევა. მხოლოდ მტრედების გუნდი აპობს ცერად ბურუსს, ფრთებს სივრცეების ზეიმს ახსენებს. რამდენი გარჯა გჭირდება მაინც, ამ უთვალავი ცხად-სიზმარიდან რომ არ გამოგრჩეს არცერთი დილა. საქმეს რა დალევს თებერვლისპირზე. შეხედეთ ნაძვებს, ზამთრის ერთგულ ძიძებს შეხედეთ, გადიების მთელი გუნდი რა სიმშვიდით უვარცხნის ხოლმე სინაცრისფრეს კვამლის კულულებს. თავადაც როგორ ირთვებიან?! წვრილი წიწვების ქინძისთავებით ცის სარჩულზე იმაგრებენ თოვლის ჩიხტიკოპს, დედონაძვები კენწეროებით არწევენ ღრუბლის ფუმფულა აკვნებს. ვეღარც ეტევა იქ ზამთარი. ხვალ აკვნიდანაც ამოიყვანენ, ხვალ ნათლისღების ოქროვან ყინვას ზანზალაკივით გააწკრიალებს ზამთარი-ბალღი. გაიბადრება ბედნიერებით. ხვალ ყველა ნაძვი საზეიმო მანდილს მოიხვევს და შედგება წყლის ლურჯ ქუსლებზე, რომ სულ, სულ მალე, როცა ზამთარს კალთიდანაც გადმოისვამენ, დაიფერთხავენ ზამთრის ნალოღნ სიმწვანის ფინჩხებს, გაზაფხულის წირვაზე წავლენ. მერე კი უკან მობრუნებულნი, მოიღეღავენ შილიფად ბაღებს, ტყეებს და ქუჩებს, რომ სურნელი ყველამ იგრძნოს ნამარხულევი ნეშოსი და გამოწვეთილი რძეც, გულისპირზე, ენძელების ლაქად რომ სცხია, ანგელოსის თვალი ეგონოთ. ჩვენს გაზაფხულს კი, ამ ფაციფუცში, მუცელიც ისე დაეტყობა, მზე წესიერად ადგომასაც ვერ მოასწრებს მის სარეცლიდან და ვერც ამაყად ირგვლივეთზე ელვის მოვლებას, აბა, ხომ არ დაგავიწყდითო?! ან როგორ გინდა მიატოვო ხაფხის ხავერდში ჩაძინებული გაზაფხულის სიშიშვლე, როგორ? და აბრძანდე ცაზე, ვითომ არაფერი მომხდარიყოს მთელი ზამთარი?! ეჰ, მზეო, მზეო, საბრალოა ბედნიერება, თითქოს არ ღირდეს ამდენ ლოდინად, ისე ექცევი... |


