კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 20:55

 

ზმნის ფორმას, რომელიც მოქმედებას დასრულებულად ან დაუსრულებლად წარმოგვიდგენს, ასპექტი ანუ სახე ჰქვია.

რომ შევადაროთ ერთმანეთს წარსული დროის ფორმები  ვ წ ე რ ე  და  დ ა ვ წ ე რ ე,  შევნიშნავთ, რომ  ვ წ ე რ ე  მოქმედებას დაუსრულებლად წარმოგვიდგენს,  დ ა ვ წ ე რ ე  კი - დასრულებულად.

ამის მიხედვით ასპექტი ორგვარია: უსრული და სრული.

უ ს რ უ ლ ი  ასპექტის ფორმა მიგვითითებს, რომ მოქმედება დაუსრულებელია (დაუმთავრებელია, გაუთავებელია): ვწერე, ვხატე, ვაკეთე, ვღებე.

ს რ უ ლ ი  ასპექტის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება დასრულებულია (დამთავრებულია, გათავებულია) წარსულში, ან დასრულდება (დამთავრდება, გათავდება) მომავალში: დავწერე - დავწერ, დავხატე - დავხატავ, გავაკეთე - გავაკეთებ, შევღებე - შევღებავ.

უსრული ასპექტის ზმნას სამივე დრო აქვს, სრულ-ასპექტიანს კი - მხოლოდ ორი - წარსული და მომავალი.

მაგ, უსრული ასპექტის ფორმებია:  ვ წ ე რ ე,  ვ წ ე რ (აი ახლა, ლაპარაკის მომენტში) და  ვ წ ე რ (ხვალ). ამათგან პირველი (წერე) დროის მიხედვით წარსულია, მეორე (ვწერ ამ წუთს, ე. ი. ლაპარაკის დროს) - ახლანდელი, მესამე კი (ვწერ ხვალ) - მომავალი.

დ ა ვ წ ე რ ე  და  დ ა ვ წ ე რ - ორივე სრული ასპექტის ფორმაა, რომელთაგანაც პირველი (დავწერე) დროის მიხედვით წარსულია, ხოლო მეორე (დავწერ) - მომავალი.

მაშასადამე, სრული ასპექტის ზმნას ახლანდელი დრო არ აქვს.


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები უსრული ასპექტის ფორმა ქვეშ ერთი ხაზი, სრულისას კი - ორი. აღნიშნეთ (ზეპირად), როგორია ეს ფორმები დროის მიხედვით.

1. ითმინა, ითმინა ბიძინამ, მაგრამ ვეღარ მოითმინა (რაზ.).

2. ქათამმა ჩხრიკა, ჩხრიკა და თავის დასაკლავი დანა გამოჩხრიკაო (ანდ.).

3. თაგვმა თხარა, თხარა, კატა გამოთხარაო (ანდ).

4. ხავერდივით მწვანე ბალახს აბიბინებს სიო ნაზად (წერა).

5. ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა (წერ.).

6. ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია, ყმაწვილსა კარგი სწავლითა სახლი გაუხარებია (ხალხ.).

7. ქვეყანა მაჯას გაიხსნის, გული დაუწყებს ძგერასა (წერ.).

8. გაფრინდი, გადაიარე ჭიკჭიკით მთა და ველიო (წერ).

 

 

ასპექტის წარმოება

 

უსრულსა და სრულ ასპექტს შორის განსხვავებას ზმნისწინი ქმნის.

უზმნისწინო ფორმა უსრულია, ზმნისწინიანი - სრული.

მაგალითად, უზმნისწინო უწერია უსრული ასპექტის ფორმაა, მაგრამ თუ მას რომელიმე ზმნისწინის ფორმას დავურთავთ, ყველა ფორმა სრული გახდება: მი-უწერია; მო-უწერია; ა-უწერია; ამო-უწერია; ჩა-უწერია; ჩამო-უწერია, შე-უწერია; შემო-უწერია; წა-უწერია; გადმო-უწერია და სხვა...

მაშასადამე, სრული ასპექტის ფორმას უსრულისაგან ზმნისწინი აწარმოებს.

რამდენიმე ზმნა უზმნისწინოდაც სრული ასპექტისაა: თქვა, უთხრა, ბრძანა, ჰკითხა, უპასუხა, ნახა, იყიდა, სთხოვა, ქნა, იტყვის, ჰკრა და სხვა...


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. უზმნისწინო სრული ასპექტის ფორმებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, ზმნისწინით ნაწარმოებ სრული ასპექტისას - ორი,

1. გადავჩხრიკე, გადავქელე, გადავჩიჩქნე, გადავთხარე (ერ.).

2. დათვმა თქვა სიზმარი ვნახე (ხალხ.).

3. ძირს დავხედე, ბუდე ვნახე (ლომ.).

4. საქონელი მინდორზე საძოვნელად გაიშალა (ჭავ.).

5. ალერსით უთხრა ბეპელას (წერ.).

6. ნათელმა მთვარემა ბრძანა (ხალხ.).

7. განთიადს სიომ თმა შეურხია (ევდ).

8. ფუტკარმა ეს უპასუხა: „ნუ მაცინებ! ხა-ხა-ხაო!“ (წერ.).

9. პავლემ მეზობელს მარხილი სთხოვა (გოგ.).

10. ცეცხლი დაანთო ძლიერი (ხალხ.).

11. ვიღაცამ ტყიდან ასკუპა ცხენი (ჭავ.).


სავარჯიშო 2. გადაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელია სრული ასპექტის ფორმა და როშელი - უსრულის. უსრული ასპექტის ფორმები გადააკეთეთ სრულად, სრულისა - უსრულად და მაგალითები ისე წაიკითხეთ.

1. ცისკრის სხივებმა შეგმოსა და ნამმა გადაგბანაო (წერ.)

2. შეღერებულმა გოგო-ბიჭებმა იწყეს ცეკვა-თამაში (ლომ).

3. ვერ ძღება თვალი კაცისა ქეეყნის სიტურფის ცქერითა (ვაჟა.).

4. შეკერა თოვლის საბანი (გოგ.).

5. აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა და აღმიგზნებს იმედს გულში (ჭავ.).

6. საიდუმლო სიმებით ბუნება იწყებს ჟღერასა (წერ.).


სავარჯიშო 3. - წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი მაგალითები და გამოარკვიეთ, არის თუ არა განსხვავება ერთი და იმავე ზმნის უზმნისწინო და ზმნისწინიან ფორმებს შორის ასპექტისა და დროის მიხედვით.

1. ა) ვთქვი. ბ) წარმოვთქვი. 2. ა) ვნახე. ბ) მოვნახე. 3. ა) ვსთხოვე. ბ) მოვ- სთხოვე. 4. ა) ჰკითხა. ბ) მოჰკითხა. 5. ა) ჰკრა. ბ) მოჰკრა.

 

უასპექტო ზმნები

 

ქართული ზმნების დიდი წილი ასპექტიანია, მაგრამ ბევრია უასპექტოც.

უასპექტოა ზმნა, რომელიც ზმნისწინს არ დაირთავს: ვარ, მიყვარს, მძინავს, მღვიძავს, აგდია, ვიცი, ვხუმრობ, ვწვალობ და სხვ...

უასპექტოა აგრეთვე ისეთი ზმნაც, რომელიც დაირთავს ზმნისწინს, მაგრამ მხოლოდ მიმართულების აღსანიშნავად: გორავს და მი-გორავს, რბის და შე-რბის, სდევს და მო-სდევს, ფრინავს და მი-ფრინავს და სხვა...

ჩამოთვლილ ზმნათაგან არც უზმნისწინო ფორმებს აქვს ასპექტი და არც ზმნისწინიანებს. მათ შორის არც დროის მიხედვით არის განსხვავება. ყველა ფორმა ახლანდელია.

ასპექტიანი ზმნის ახლანდელი დროის ფორმას რომ ზმნისწინი დავურთოთ, ის სრულ-ასპექტიანი გახდება და დროის მიხედვით მომავალი იქნება: ვწერ და და-ვწერ, ვხატავ და და-ვხატავ, ვღებავ და შე-ვღებავ...

სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები, უასპექტო ზმნებს გაუსვით ქვეშ ხაზი და გამოარკვიეთ, რით აიხსნება, რომ მათ ასპექტი არა აქვთ.

ა) 1. ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს მამული, თავის ერია (ხალხ.).

2. ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა ტირის (ჭავ.).

3. სპილოს ლომსავით ცალკე ცხოვრება არ მოსწონს (გოგ.).

4. ზაქარიას სძინავს, ეფემიაც ხვრინავს (რაზ.).

5. მინდორი და ველი ყვავის, ნამი ბზინავს ათასფერად (ერ.).

6. კორდზე ვირი ება საბლით (ვაჟა).

ბ) 1. ველზე ჩამორბის წკანწკარით, პატარა წყარო ანკარა, ქვებზე გადადუღს ჩანჩქარით, ქვიშას მიტბორავს წყნარ-წყნარა (გოგ.).

2. სპეტაკი, მთაში ნაშობი, კლდიდან გადმოქუხს ჩანჩქერი (ერ.).

3. მიიპარება ზამთარი (წერ.).

4. დღე დღეს მისდევდა (გვ.).

5. არწივი სულ მაღლა-მაღლა მიიწევდა (რაზ.).

6. შუა მინდორზე ლურჯად მოლაპლაპე ტბა მოჩანდა (ვაჟა).

7. მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი (ბარ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. უასპექტო ზმნებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი. ასპექტიანს კი - ორი.

1. ხეზე მიდიან ნისლები (ვაჟა).

2. წინ მიუძღვიან ჩიტები, მაყრულით საამურითა (წერ.).

3. მხედარი მყისვე გადმოხტა მარდად და წამოჰყარა აღვირი ცხენსა, ჩამოუჭიმა ყურები მაგრად და თვალზედ მზრუნველს უსვამდა ხელსა (ჭავ.).

4. ხეები ქარის ქროლაზე ბუზებივით ბზუიან და ნადირივით ღმუიან (რაზ.).

5. ძროხამ აწველა, იწველა, ბოლოს ჰკრა წიხლი და სულ დაღვარაო (ანდ.).

6. არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა (ერ.).

7. მთვარე მოცურავს დინჯადა (ჭავ.).

8. ვერ მოითმინა, დაიხვიხვინა და პატრონს ძილი დააფრთხობინა (ჭავ.).

9. ხტიან თაგვები, ახტებიან ერთმანეთს, გარბიან და გამორბიან (რაზ.).

10. ეს ვინ რბის, დაძრწის? ეს ვინ ტანტალებს ამ კლდეებშია - თმააბურძგვნული? (ჭავ.),

11. მინდორში ღელავს ჯეჯილი (კახ.),

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen