კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 03:43

 

 

არგოსის მეფე ადრასტემ ის დაპირება, რომელიც სიძეებს აღუთქვა, სულ მოკლე ხანში სისრულეში მოიყვანა.

პოლინიკესა და ტიდევსის უფლებების აღსადგენად ადრასტე პირველ რიგში თებეს წინააღმდეგ გასალაშქრებლად სამზადისს შეუდგა. 

ძლევამოსილმა მეფემ მიწვია სახელმწიფოს წარჩინებულნი და მათთან ერთად მოსალოდნელი ომის შესახებ სამხედრო თათბირი გამართა.

ამ საგანგებოდ მოწვეულ თათბირზე მეფემ განუმარტა სახელმწიფოს წარჩინებულთ ომის ნამდვილი მიზეზი და მიზანი:

„პოლინიკე სრულიად უსაფუძვლოდ და უმართებულოდ ჩამოაგდო ტახტიდან ღვიძლმა ძმამ ეტეოკლემ და სახელმწიფოდან წარბშეუხრელად სამუდამოდ გააძევა“, - განუცხადა ადრასტემ თათბირის წევრებს.

- „პოლინიკემ აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უკანონოდ, უმართებულოდ ჩამორთმეული სამეფო ტახტი და უღირსი ძმა ეტეოკლე სასტიკად დაისაჯოს. არგოსის დიდებულო და სახელოვანო გმირებო, ყველას ერთიანად მოგიწოდებთ მონაწილეობა მიიღოთ თებეს საწინააღმდეგოდ განზრახულ ომში! თითოეული პატიოსანი ადამიანის მოვალეობაა უსამართლობას ბრძოლა გამოუცხადოს და უდანაშაულოდ დასჯილი აღადგინოს თავის კანონიერ უფლებებში!“

ასე დაამთავრა თავისი სიტყვა მეფე ადრასტემ იმ თათბირზე, რომელიც მოწვეული იყო მოსალოდნელი ომის თადარიგის დასაჭერად. კრების მონაწილენი დიდის აღფრთოვანებით შეხვდნენ ადრასტეს მოწოდებას და ყველა, გმირი ამფიარაეს გარდა, თანახმა გახდა მონაწილეობა მიეღო ომში.

მეფე ადრასტეს დიდი სურვილი ჰქონდა თავისი სიძე ამფიარაეც მიემხრო, რადგან ამფიარაეს ომში მონაწილეობის მიღებას, მეფის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის საკეთილდღეოდ დამთავრებისათვის.

ადრასტე და ამფიარაე არგოსის სამეფო ტახტის დაუფლებისათვის წინათ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ.

ამ დაუნდობელ ბრძოლაში გამარჯვება ამფიარაეს ხვდა წილად. ადრასტე იძულებული შეიქნა არგოსი დაეტოვებინა და სიკიონში მოეძებნა თავშესაფარი.

მაგრამ შემდეგ ამფიარაე და არგოსის ყოფილი მეფე ადრასტე შერიგდნენ და კიდევაც დამოყვრდნენ.

მეფე ადრასტემ ამფიარაეს ცოლად თავისი ღვიძლი და ერიფილე მიათხოვა. სიძემ და ცოლისძმამ ასეთი პირობა შეკრეს: „თუ ვინიცობაა, სიძესა და ცოლისძმას შორის ოდესმა რაიმე უთანხმოებას ადგილი ექნებოდა, ამ უთანხმოების გადასაწყვეტად შუამავლობა უნდა გაეწია ერიფილეს, რომლის განაჩენი ორივე მხარესათვის სავალდებულოდ უნდა ყოფილიყო მიჩნეული“.

მეფე ადრასტე დიდად მოწადინებული იყო თებეს წინააღმდეგ განზრახულ ომში მონაწილეობა მიეღო ამფიარაეს, ამფიარაე კი არ თანხმდებოდა.

გულთამხილავი ამფიარაე წინასწარ დარწმუნებული იყო, რომ განზრახული ომი საბედისწეროდ გადაიქცეოდა არგოსის მხედრობისათვის, თებეს ძლევამოსილი მხედრობა სასტიკად დაამარცხებდა არგოსის მხედრობას და მის მთავარსარდლობას.

ამრიგად უთანხმოება ამფიარაესა და მეფე ადრასტეს შორის, თანახმად უკვე დადებულ პირობისა, ერიფილეს უნდა გადაეწყვიტა.

ცბიერმა პოლინიკემ ანგარებამოყვარულ ერიფილეს აჩუქა ოქროს გულსაკიდი და ამრიგად მოისყიდა ეს ბოროტი და მედიდური მანდილოსანი.

ომიანობის ღმერთის არესის წყევლა–კრულვა თანსდევდა ამ ოქროს გულსაკიდს: ის ოჯახი, სადაც ეს გულსაკიდი იქნებოდა დაცული, აუცილებლად უნდა დაღუპულიყო.

ერიფილემ, როგორც მსაჯულმა, უღალატა თავის სინდისს და უთანხმოება სიძესა და ცოლისძმას შორის მეფე ადრასტეს სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

ერიფილე ღრმად დარწმუნებული იყო, რომ მისი მეუღლე ომში აუცილებლად დაიღუპებოდა, მაგრამ გულსაკიდით მოსყიდულმა ბოროტმა მანდილოსანმა თავისი ერთგული მეუღლე გაიმეტა და ომში სასიკვდილოდ გაგზავნა.

ამფიარაე იძულებული შეიქნა ცოლის განაჩენს დამორჩილებოდა და ომში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა გამოეცხადებინა.

არგოსელთა სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა გაიგეს, რომ ძლევამოსილი ამფიარაე ომში მონაწილეობას მიიღებსო.

სიხარულით აღფრთოვანებული თავადები ომში დაუყოვნებლივ წასასვლელად საჭირო სამზადისს შეუდგნენ.

კაპანევსი, პართენოპე არკადიელი, ეტეოკლე - შვილი ოფისისა, პოლინიკე, ტიდევსი, ამფიარაე და ჰიპომედონტი - სულ შვიდი საუკეთესო ძლევამოსილი გმირი, - მეფე ადრასტეს მთავარსარდლობით, ელვის სისწრაფით რაზმავდნენ არგოსის მამაც მეომრებს და მოუთმენლად მოელოდნენ იმ წუთს, როცა არგოსელების ძლევამოსილი მხედრობა მიადგებოდა თებეს და მის შვიდ კარიბჭეზე იერიშს მიიტანდა.

ახალგაზრდა გმირ სარდლებს საბოლოოდ ჰქონდათ გადაწყვეტილი ან დაენგრიათ და მიწასთან გაესწორებინათ შვიდკარიბჭიანი თებე, ანდა მის მიუვალ ზღუდეთა წინაშე სიცოცხლეს გამოსალმებოდნენ.

ომის სამზადისით გატაცებულმა გმირებმა ყურადღება არ მიაქციეს ამფიარაეს წინასწარმეტყველებას, არგოსელების მხედრობა არ გაყოლოდა იმ ჭაბუკს, რომელსაც მშობელი მამის წყევლა კარგს არაფერს უქადდა.

როცა არგოსის ძლევამოსილი მხედრობა უკვე მზად იყო ომისათვის, მეფე ადრასტემ მოიწვია მხედრობის სარდლები და ბრწყინვალე ნადიმი გაუმართა.

ნადიმზე ყველანი ერთი და იმავე სურვილით იყვნენ გამსჭვალული, რაც შეიძლება სასწრაფოდ გამგზავრებულიყვნენ ბრძოლის ველზე და თავისი ძლევამოსილება გამოეცადათ მტერზე დაუნდობლად თავდასხმით.

ამ საერთო ზეიმში ამფიარაე თუმცა მონაწილეობას იღებდა, მაგრამ ომში გამგზავრება სრულებითაც არ ახარებდა.

ამფიარაე ომში გამგზავრებისას მწუხარედ გამოემშვიდობა თავის სახლობას და მცირეწლოვან შვილებს, ალკმეონსა და ამფილოხს, ანდერძად დაუტოვა: „როცა დავაჟკაცდებით, სამაგიერო გადაუხადეთ მოღალატე დედას, რომელმაც ოქროს გულსაკიდზე გაცვალა მამათქვენიო.“

მძიმედ შეიარაღებული არგოსელების მხედრობა, რომელსაც წინ მიუძღოდა ფეხმალი ცხენებით შებმულ საბრძოლო ეტლით მეფე ადრასტე, შვიდკარიბჭიან თებესაკენ გაემართა.

შუადღე იქნებოდა, როცა საბრძოლველი წესით დარაზმულმა არგოსელების მხედრობამ ნემეას ველს მიაღწია.

ნემეას ველი ყოველთვის სახელგანთქმული იყო თავისი წყაროებით. თითქმის ყოველ ნაბიჯზე მოჩუხჩუხებდა ანკარა ცივი წყალი, რომელიც ფართოდ გადაშლილ ველს უხვად რწყავდა.

თებეში დაბადებულ ღმერთის ბახუსის ბრძანებით ნიმფებმა ნემეას წყაროები სწორედ იმ ხანებში, როცა არგოსელთა მხედრობა ამ ველს უახლოვდებოდა, სილით ამოავსეს და ამნაირად მთელ ამ მხარეს წყალი მოუსპეს.

სიცხე-პაპანაქებით დაღლილი და მოქანცული ჯარისკაცები აუტანელის დასაკმაყოფილებლად ველის მთელ სივრცეზე დასალევ წყალს დაეძებდნენ, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. 

მხედრობას, როცა იგი დასალევ წყალს ასე მოუთმენლად დაეძებდა, უეცრივ წინ შემოხვდა საკვირველად ლამაზი ქალწული, რომელსაც ხელში ძუძუმწოვარი ბავშვი ჰყავდა.

ეს მშვენიერი ქალწული იყო კუნძულ ლემნოსის მეფის ასული ჰიფსიპილე. სწორედ მაშინ, როცა კუნძულ ლემნოსზე ქალებმა შეუბრალებლად ამოწყვიტეს მამაკაცები, ჰიპსიპილემ სიკვდილს გადაარჩინა თავისი მშობელი მამა, რისთვისაც ლემნოსელმა ქალებმა ჰიპსიპილე მოღალატედ გამოაცხადეს და სასჯელის მოსახდელად უცხო ქვეყანაში გაყიდეს.

ნემეის სახელმწიფოს მეფემ ლიკურგმა და მისმა მეუღლემ ევრიდიკემ ჰიპსიპილე მოსამსახურედ აიყვენეს და შემდეგ თავისი პირმშო შვილის ოფელტეს გამდელობაც დააკისრეს.

არგოსელთა მხედრობის სარდლებმა სთხოვეს მშვენიერ ჰიპსიპილეს, თუ სადმე კიდევ დაუშრობელი წყარო დარჩა, მხედრობისათვის ეჩვენებინა.

ჰიპსიპილემ ბავშვი ხის ძირას დააწვინა, თვითონ კი მხედრობას წინ გაუძღვა ტყეზე მიმავალ ბილიკით ერთ–ერთ ჯერ კიდევ დაუმშრალ წყაროს საჩვენებლად.

გახარებულმა მეომრებმა ხარბად მოიკლეს წყურვილი და შემდეგ ისევ წამოვიდნენ იმ ადგილისაკენ, სადაც ჰიპსიპილემ ბავშვი ხის ქვეშ დატოვა. სამწუხაროდ, მეომრებს ბავშვი ცოცხალი არ დახვდათ. ბავშვი სასიკვდილოდ დაეკბინა შხამიან გველს, რომელიც თურმე იქვე ხის მახლობლად ბუდობდა.

საბრალო ჰიპსიპილე შეშლილივით ხმამაღლა ტიროდა და მის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა.

მხედრობის ჯარისკაცები და სარდლები გარშემოერტყნენ საბრალო ქალწულს და, რამდენადაც კი შეეძლოთ, ანუგეშებდნენ გამწარებულ გამდელს. ძლევამოსილმა გმირმა კაპანევსმა მოიმარჯვა ბასრი ისარი, სტყორცნა შხამიან გველს და იქვე მოჰკლა.

საბედისწერო ადგილას დაუყოვნებლივ მოირბინეს ბავშვის საბრალო მშობლებმა, რომელთაც მოულოდნელმა უბედურებამ თავზარი დასცათ.

მწუხარებით გონებადაკარგულმა ლოკურგმა იძრო ხმალი და ის იყო სასიკვდილოდ უნდა გაეგმირა ჰიპსიპილე, მაგრამ საცოდავ ქალწულს დაუყოვნებლივ მიეშველნენ მეფე ადრასტე და ამფიარაე და დიდის გაჭირვებით სიკვდილს გადაარჩინეს.

მეომრებმა საბედისწერო ხის ძირას შესაფერისი პატივისცემით, მთელი მხედრობის თანდასწრებით, დაასაფლავეს დაღუპული ბავშვი.

ამფიარაემ ახლაც უწინასწარმეტყველა არგოსელების ძლევამოსილ მხედრობას, რომელიც შვიდკარიბჭიან თებესაკენ მოუთმენლად მიისწრაფოდა, რომ მხედრობას თებელებისაგან დიდი უბედურება მოელით.

„გაფრთხილებთ, ძლევამოსილო სარდლებო, - მწუხარებით წინასწარმეტყველებდა გულთამხილავი ამფიარაე, - ხედავთ, როგორ უდროოდ დაიღუპა უდანაშაულო ბავშვი გველეშაპის შხამიან კბილებისაგან! აი სწორედ თქვენც ასე უდროოდ დაგღუპავთ ღმერთების მორწმუნე კადმოსის მიერ დათესილი გველეშაპის კბილებისაგან წარმოშობილი თებელები! გაფრთხილებთ და კვლავ გაფრთხილებთ, თებელთა ძლევამოსილი მხედრობა ჯოჯოხეთის გენიას დაატრიალებს არგოსელების მხედრობის რიგებში და არგოსის რჩეულ გმირებს სიცოცხლეს სამუდამოდ გამოასალმებს! ვინ მოსთვლის მაშინ არგოსელთა დედების, ცოლებისა და უმწეოდ დარჩენილი ობლების უნუგეშო მწუხარებას და ვაებას!

გაფრთხილებთ, ჩემს წინასწარგრძნობას, ჩემს საგულისხმო სიტყვებს ჯეროვანი ყურადღება მიაქციოთ და ჩვენი საერთო და საყვარელი არგოსი ჩვენის წინდაუხედაობით, ჩვენის გაუფრთხილებლობით არ დავაობლოთ, მტრების აბუჩად ასაგდები არ გავხადოთ! გული მიკვნესის, სული მეხუთება, ჩემი მთელი სულიერი და ხორციელი არსება უცეცხლოდ იწვის და იდაგვის, როცა თვალწინ წარმოვიდგენ იმ საშინელ უბედურებას, რომელიც მეხივით თავს დაგვეცემა შვიდკარიბჭიან თებეს ზღუდეთა წინ გადაშლილ ბრძოლის ველზე!“

არგოსის ძლევამოსილმა მხედრობამ გულთამხილავ ამფიარაეს გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია.

საბრძოლველად დარაზმული მხედრობა და მისი სარდლები, მიუხედავად ასეთი გაფრთხილებისა, მაინც ბრძოლის ველისაკენ მიისწრაფოდნენ და მოუთმენლად მოელიდნენ იმ წუთს, როცა მტერს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთებოდნენ. 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen