ესქილე - „შვიდთა ლაშქრობა თებეს წინააღმდეგ“
ევრიპიდე - „ფინიკიელი ქალები“
არგოსელების ძლევამოსილმა მხედობამ, როგორც კი პოლინიკემ და ეტეოკლემ ერთმანეთი სასიკვდილოდ განგმირეს ბრძოლის ველზე, დაუყოვნებლივ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი განაახლა.
არგოსელების ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს თებეს სიმაგრეებზე და იშვიათი მხნეობითა და მამცობით თავს ესხმოდნენ თებელთა მხედრობის რაზმებს და სულ ერთიანად ანადგურებდნენ.
თებეს სახელმწიფოს სათავეში, მეფე ეტეოკლეს სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, მოექცა მეფე ოიდიპოსის ცოლისძმა კრეონტი, რომელმაც მთელი ძალაუფლება დაუყოვნებლივ ხელში აიღო.
მძიმე და აუტანელ მდგომარეობას განიცდიდა იმჟამად მტრის ძლევამოსილი მხედრობით გარშემორტყმული თებეს სახელმწიფო.
მართალია, თებელთა მხედრობის ჯარისკაცები იშვიათის მამაცობით და თავგანწირვით იგერიებდნენ ყოველისმხრით შემოსეულ მტრის ჯარებს, მაგრამ სახელმწიფოს დედაქალაქის მდგომარეობა მაინც დიდ განსაცდელში იყო, ის მუდამ წუთს მტრის შემოჭრას მოელოდა.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა კრეონტმა რჩევისათვის მიმართა მოხუც მისანს ტირეზიას.
ხალხის სრული ნდობით აღჭურვილმა მოხუცმა გულთამხილავმა ტირეზიამ დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ კრეონტს ასე მოახსენა: „დიდებულო მეფეო!
სწორედ იმ ადგილას, სადაც თქვენმა წინაპარმა კადმოსმა ოდესღაც მოჰკლა ომიანობის ღმერთის სახელობის გველეშაპი, მსხვერპლად უნდა შეწიროთ თქვენი საკუთარი შვილი მენეკევსი. მხოლოდ და მხოლოდ ამ მსხვერპლის შეწირვა დაამშვიდებს გაჯავრებულ არესს, რომელიც გველეშაპის მოკვლის დღიდანვე სდევნის თებელ ხალხს, ავიწროებს და მუდამ ჟამს განადგურებით ემუქრება.
განრისხებული ღმერთი დაჟინებით მოითხოვს სპარტების შთამომავლის მსხვერპლად შეწირვას. თქვენ, დიდებულო მეფეო, და თქვენი შვილები, დედის მხრით და მამის მხრიდანაც, სპარტების ერთადერთი პირდაპირი შთთამომავალნი ხართ! როცა მენეკევსს სამსხვერპლოზე თავს მოჰკვეთენ, მაშინ განრისხებული ღმერთი გულს მოიბრუნებს და დახმარებას აღმოუჩენს მტრით გარშემორტყმულ ჩვენ სამშობლო ქალაქს და მოსალოდნელი დანგრევისა და განადგურებისაგან დაიხსნის“.
ასე დაამთავრა მოხუცმა ტირეზიამ თავისი წინასწარმეტყველება თებეს მომავალი ხვედრის შესახებ.
მოხუცი ტირეზიას წინასწარმეტყველებამ მეფე კრეონტს თავზარი დასცა. მამის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა.
დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ თავზარდაცემულმა მეფემ ასე მიმართა იქვე მყოფ შვილს მენეკევსს: „ჩემი სამშობლო ქალაქის საკეთილდღეოდ პირადად მე დიდის სიამოვნებით შევწირავდი ჩემ სიცოცხლეს! მაგრამ შვილი როგორ გავიმეტო?
განა დასაშვები და შესაწყნარებელია მშობელმა მამამ თავისი საყვარელი ღვიძლი შვილი სამსხვერპლოდ გაიმეტოს და სიცოცხლე მოუსპოს! ჩემო საყვარელო შვილო!
სანამ ჯერ კიდევ დროა და თებელებს არ შეუტყვიათ მოხუცი ტირეზიას წინასწარმეტყველება, დაუყოვნებლივ დატოვე შენი სამშობლო ქალაქი და სადმე ღმერთების საკურთხეველს შეაფარე თავი და ამრიგად უდროოდ სიცოცხლეს ნუ გამოესალმები!“.
კრეონტის ვაჟი მენეკევსი მოკრძალებით ყურს უგდებდა მოხუცი ტირეზიას წინასწარმეტყველებას და თავი ისე ეჭირა, თითქოს მამის ბრძანებას კიდევაც ემორჩილებაო.
მენეკევსმა, როგორც კი მამის უკანასკნელი აზრი და ბრძანება მოისმინა, ენაშემოუბრუნებლივ დატოვა სასახლე თითქოს იმიტომ, რომ მამის ბრძანება შეესრულებინა.
ნამდვილად კი მეფის ახალგაზრდა ვაჟიშვილს საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა სამშობლო ქალაქისათვის თავისი თავი, თავისი საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შეეწირა და ამრიგად მთელი სახელმწიფო მოსალოდნელ უბედურებისაგან დაეხსნა.
ყველგან და მარადის გაბედული და მხნე ჭაბუკი მენეკევსი ასე მსჯელობდა:
„სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი საყვარელი სახელმწიფო მტრის უამრავი ლაშქრითაა გარემოცული, როცა ჩვენი მხედრობა ასე რიგად საჭიროებს თითოეული ჯარისკაცის შველასა და დახმარებას, ნუთუ დასაშვები და შესაწყნარებელია, მე, ვითარცა მხდალმა, მოღალატემ ჩვენ ქალაქს ქურდულად თავი დავაღწიო, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი საკუთარი სიცოცხლე შევინარჩუნო!
დღეს, როცა ჩვენი წინაპრების ნაამაგარ და სისხლით მორწყულ სამშობლო მხარეს მტერი გასანადგურებლად, გასაპარტახებლად კარს მოდგომია, ნუთუ თითოეული პატიოსანი თებელი მოქალაქე ვალდებული არ არის თავისი სიცოცხლე სამშობლოს კეთილდღეობას შესწიროს!
ნუთუ სამარცხვინოდ უნდა გავწირო ჩემი სამშობლო ქალაქი, ჩემი მშობლები და ჩემი საყვარელი დები და ძმები! განა ვინ შეიწყნარებს, ვინ მაპატიებს ასეთ სამარცხვინო საქციელს! მე რომ მართლაც ჩემს საყვარელ სამშობლოს ვუღალატო, ეს ხომ სამუდამოდ წარუშლელ ლაქად დაედება მთელ ჩემ სიცოცხლეს!
არა, მე არ შევასრულებ და არც უნდა შევასრულო მამაჩემის ბრძანება! მე რომ ისე მოვიქცე, როგორც მშობელი მამა მირჩევს და მარიგებს, ჩემი საყვარელი სამშობლო, ეჭვს გარეშეა, დაიღუპება!
მთელი ჩემი არსებით, მთელი ჩემის აზრითა და გონებით ჩემ საყვარელ სამშობლოს ვეკუთვნი და კიდევაც ამიტომ ვალდებული ვარ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ჩემი საკუთარი სიცოცხლეც კი შევწირო ჩვენი ძვირფასი სამშობლოს ბედნიერებასა და კეთილდღეობას!“.
ამ სიტყვებთან ერთად მენეკევსი სასწრაფოდ გაემართა კადმოსის მიერ აგებულ სიმაგრეებისაკენ, მივიდა წყვდიადით მოცულ იმ უფსკრულის პირას, სადაც ოდესღაც გველეშაპი ბუნაგობდა.
მხნე და გაბედულმა ჭაბუკმა ბასრი ხმლით განიგმირა გულ–მკერდი და გონებამიხდილი თავქვე გადაეშვა უფსკრულის თვალუწვდენელ სიღრმეში.
მთელ ქალაქს, კიდით კიდემდე მოედო ის ხმა, რომ მეფე კრეონტის ვაჟმა მენეკევსმა სამშობლოს განსაცდელისაგან დასახსნელად, განრისხებულ ღმერთს არესს თავისი საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შეწირა.
ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და თებელმა მხედრობამ გაორკეცებული ძალ-ღონით იერიში მიიტანეს მოწოლილ მტერზე.
ძლევამოსილ კაპანევსს ქალაქის კედელზე გრძელი კიბე მიედგა და საცაა კედელზე უნდა ასულიყო, მიუხედავად ყოველგვარი დაბრკოლებისა.
„თვით ჭექა–ქუხილის მფარველი ყოვლისშემძლე ღმერთი ზევსიც კი ვერ დამაკავებს!“ – ამაყად გაიძახოდა ზვიადი და ქედმაღალი კაპანევსი და ჯოჯოხეთის დატრიალებას აპირებდა თებეს მეომართა რიგებში.
სწორედ იმ დროს, როცა ქედმაღალი კაპანევსი უკვე კიდევაც ავიდა თებეს მიუვალ კედელზე, ყოვლისშემძლე ზევსმა ამაყსა და ღმერთების ურჩ სარდალს ელვა-ქუხილი მოუვლინა.
მეხის საზარელმა გრიალმა მთელი დედამიწა შესძრა. კაპანევსის უსულო გვამმა კედლის გარშემორტყმულ მხედრობის წინაშე მთელი თავისი სიმძიმით ზღართანი მოიღო.
არგოსელების მხედრობის რიგებში გმირი კაპანევსის მოულოდნელმა სიკვდილმა დიდი არევ–დარევა შეიტანა. შიშით ზარდაცემული არგოსელების მხედრობა სამარცხვინოდ უკუიქცა.
თებელთა მხედრობამ ახლა კი გააღო ქალაქის კარიბჭე და ზოგი ფეხდაფეხ, ზოგი კი ეტლებითა და ცხენებით დაედევნა უკუქცეულ არგოსელთა მხედრობას.
სასიკვდილოდ დასჭრეს ძლევამოსილი ტიდევსი და მხედრობის სხვა წარჩინებული სარდლებიც.
ძლევამოსილი პერიკლიმენი კვალდაკვალ მისდევდა უკეთილშობილეს სარდალს ამფიარაეს და ის იყო ბასრი ხმლით უნდა გაეგმირა ეს ყოვლად კეთილშობილი გმირი მდინარე ისმენის ნაპირას, რომ უეცრივ მიწა ორად გაიპო და ღმერთების მოშიში წინასწარმეტყველი ამფიარაე თავისი საბრძოლველი ეტლითა და მეეტლეთი მიწის თვალუწვდენელ ნაპრალში გადაეშვა.
ამ საბედისწერო ომში სიკვდილს თავი დააღწია მხოლოდ და მხოლოდ მეფე ადრასტემ, რომელმაც სრულიად შემთხვევით მოახერხა თავისი ფეხმალი შავფაფრიანი ცხენით ატიკაში დაბრუნება.
სწორედ იმ ადგილას, სადაც უკეთილშობილესი გმირი ამფიარაე მიწამ შთანთქა, შემდგომში ააგეს დიდებული ტაძარი, აქ მისნები ამფიარაეს შთაგონებით წინასწარმეტყველებდნენ და ხალხს საჭირო რჩევა-დარიგებას აძლევდნენ.


