კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 02:25

 

 

ევრიპიდე - „მავედრებელი ქალები“

 

მეფე ადრასტეს მხედრობის დამარცხებამ არგოსში გამოუთქმელი მწუხარება გამოიწვია. მთელ სახელმწიფოში, კიდით კიდემდე, ყველგან გლოვისა და მოთქმის ზარი გაისმოდა.

დახოცილ ჯარისკაცებისა და სარდლების მოხუცი დედები, ცოლები და ობლად დარჩენილი ბავშვები მწარედ ქვითინებდნენ და მათ გამოუთქმელ მწუხარებას დასასრული არ უჩნდა.

მეფე ადრასტეს და არგოსელთა მთელ მოსახლეობას განსაკუთრებით ის აწუხებდა, რომ დახოცილთა გვამები დაუსაფლავებელი უპატრონოდ ეყარნენ შვიდკარიბჭიან თებეს მიდამოებში.

ელინთა ხალხის წარმოდგენით, სანამ მიცვალებულს შემოღებული წესის მიხედვით არ დაასაფლავებდნენ, ასეთი მიცვალებულის სული ამქვეყნად დაუსრულებლად იტანჯებოდა და მოსვენებას ვერ ჰპოულობდა.

ამიტომ მეფე ადრასტემ და დახოცილ მეომართა დედებმა და ცოლებმა მიმართეს თებელებს მიცვალებულთა გვამები დაებრუნებიათ, რათა ელინთა ხალხის მიერ შემოღებული წესების მიხედვით დაესაფლავებიათ უპატრონოდ ველზე დაყრილი საყვარელ არსებათა გვამები.

ამაყმა თებელებმა უხეშად უარყვეს არგოსელთა სრულიად კანონიერი თხოვნა. თებელები ასე ასაბუთებდნენ თავის უარს: „ჩვენ ვერ დავუბრუნებთ ბრძოლის ველზე დახოცილთა გვამებს მტრებს, რომლებიც შვიდკარიბჭიან თებეს დანგრევითა და განადგურებით ემუქრებოდნენ. დეე, ჩვენი მოსისხლე მტრების გვამები დაუსაფლავებელი დარჩეს მტაცებელი ფრინველების საძიძგნად და ქოფაკი ძაღლების სათრევად!“

მეფე ადრასტე, ბრძოლის ველზე დახოცილთა დედები და ცოლები ყოვლად დაუშვებლად თვლიდნენ თებელების მიერ უარის თქმას მიცვალებულთა გვამების დაბრუნების შესახებ.

ელინთა ხალხის რწმენით, მიცვალებულის დაუსაფლავება, ვინც უნდა იყოს იგი - მტერი თუ მეგობარი, ყოვლისშემძლე ღმერთების მიერ დადგენილ კანონს ეწინააღმდეგება.

ამიტომ მეფე ადრასტე მოხუცი დედებისა და დაქვრივებული ცოლების თანხლებით გაემგზავრა ატიკაში, რათა მეფე თეზევსს შევედრებოდნენ დახმარება აღმოეჩინა მიცვალებულთა გვამების დაბრუნების საკითხის მოსაგვარებლად.

მეფე ადრასტე და მისი მხლებელი ქალები მივიდნენ ელევსინში, საცა დემეტრე ქალღმერთის მშვენიერი ტაძარი იყო აგებული. სწორედ იმ დროს, როცა მეფე ადრასტე და მისი მხლებელი ქალები ტაძარში შემავალ კარების კიბეზე იჯდნენ და ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ, ტაძარში შედიოდა ათენის მეფის თეზევსის დედა აითრა მსხვერპლის შესაწირავად.

ყველგან და ყოველთვის გულკეთილმა აითრამ, როგორც კი გაიგო უცხოელების მოსვლის მიზეზი, დაუყოვნებლივ შიკრიკი აფრინა ათენში და თავისი საყვარელი შვილი თეზევსი ელევსინში დაიბარა.

მეფე თეზევსი დაუყოვნებლივ ეახლა საყვარელ დედას ელევსინში.

დედის უსაზღვროდ მოსიყვარულე შვილი თეზევსი გულმტკივნეულად შეეკითხა საყვარელ აითრას: „რა ამბავია, ჩემო საყვარელო დედავ? ცუდი რამ ხომ არ გადაგხდენია? ვინ არიან ეს უცხოელნი, რომლებიც ძაძებში გამოხვეულნი ასე საცოდავად, გულამოსკვნით ტირიან, ქვითინებენ? რა გაჭირვებიათ ისეთი, რომ უცხოეთში გადმოხვეწილან და დაუსრულებლად იტანჯებიან, სასოწარკვეთილებით ცხარე ცრემლებს აფრქვევენ?“ 

„აი შვილო! - თვალცრემლიანმა აითრამ მოახსენა თავის შვილს: - ეს მოხუცი ქალები დედებია იმ მეომრებისა, რომლებიც შვიდკარიბჭიან თებეს მიდამოებში ბრძოლის ველზე სამუდამოდ სიცოცხლეს გამოესალმნენ. აი თვით წინამძღოლი იმ დახოცილთა გმირებისა, არგოსის მოხუცი მეფე ადრასტე, რომელიც, უეჭველია, ყველაფერს დაწვრილებით გიამბობს და ჩვენთან მოსვლის მიზეზსაც დაუფარავად მოგახსენებს!“

მეფე ადრასტე წარსდგა ათენის მეფე თეზევსის წინაშე და ცრემლების ფრქვევით შემდეგი მოახსენა: „ძლევამოსილო დიდებულო მეფეო! შენ უეჭველია მოგეხსენება, როგორ სამწუხაროდ და საუბედუროდ დამთავრდა ის საბედისწერო ომი, რომელსაც ჩემის მეთაურობით აწარმოებდა ოდესღაც ძლევამოსილი არგოსელთა მხედრობა შვიდკარიბჭიან თებეს მიდამოებში. მთელი ჩემი მხედრობა, ჩემი ყველა წარჩინებული სარდალი თებელებმა ბრძოლის ველზე სასტიკად დაამარცხეს.

არც ერთი ჯარისკაცი, არც ერთი სარდალი ბრძოლის ველიდან სამშობლოში არ დაბრუნებულა.

მაგრამ ყველაზე უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ ჩვენთვის თავდადებულთა მეომრების გვამები დღესაც დაუსაფლავებელი ჰყრია თებეს კედლებთან ნადირისა და ქოფაკი ძაღლების სათრევად და საჯიჯგნად.

ამაყმა თებელებმა, რომლებსაც მივმართე თხოვნით დახოცილთა გვამები დაებრუნებინათ დასასაფლავებლად, უკმეხად უარი მითხრეს ჩემს სრულიად კანონიერ თხოვნაზე.

აი, ყველგან და მარადის პატივცემულო დიდო მეფეო, ამჟამად მოგმართავ შენ, როგორც საწყალთა და უმწეოთა მფარველს, და გთხოვ დამეხმარო, თებელებმა დაგვიბრუნონ ჩვენი მეომრების გვამები, რათა ღირსეულად, როგორც წესია, დავასაფლაოთ ჩვენი თანამემამულენი და ამრიგად სამუდამოდ დავამშვიდოთ მათი ამჟამად შეწუხებული სულები!“

მეფე თეზევსი ყოყმანობდა ადრასტესათვის დახმარების აღმოჩენის იმედი მიეცა.

მაგრამ, როცა გულკეთილი და ყოვლად მოწყალე აითრა შვილს ცხარე ცრემლების ფრქვევით ყელზე მოეხვია და დაჟინებით მოსთხოვა არგოსელებისათვის დახმარება აღმოეჩინა, მეფე თეზევსი ბოლოს და ბოლოს დათანხმდა არგოსელებს გამოსარჩლებოდა, თუ ათენის ხალხი მეფეს თანხმობას მისცემდა ასეთი დახმარების აღმოჩენისათვის.

თეზევსი და ადრასტე დაუყოვნებლივ ათენში გაემგზავრნენ ხალხის ნებართვის მისაღებად.

ათენელებმა, როგორც კი გაიგეს საქმის ნამდვილი ვითარება, დაუყოვნებლივ ნება დართეს თავის საყვარელ მეფეს არგოსელებისათვის საჭირო დახმარება აღმოეჩინა. უკეთუ თებელები არ შეიწყნარებდნენ არგოსელების თხოვნას, მეფე თეზევსს დაუყოვნებლივ ომი უნდა გამოეცხადებია თებელებისათვის. თეზევსი და ადრასტე დაბრუნდნენ ელევსინში.

მშვიდობიანობის მოყვარულ თეზევსს განზრახვა ჰქონდა თებეში შუაკაცი გაეგზავნა, რათა სადაო საკითხი მშვიდობიანის გზით მოეგვარებინა.

სწორედ იმ დროს, როცა მეფე თეზევსი თებეში შუაკაცის გაგზავნას აპირებდა, ელევსინში მოვიდა განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი თებელთა სახელმწიფოს ელჩი, რომელმაც ათენის მეფეს შემდეგი განუცხადა: „მე და თებელთა სახელმწიფოს მთელი ხალხი გიკრძალავთ ათენელების დიდო მეფეო, თავშესაფარი მისცე არგოსელებს ატიკაში! მართალია, შენ დახმარება აღუთქვი მეფე ადრასტეს,

მაგრამ შენ ადვილად შეგიძლია ეს აღთქმა დაარღვიო და მეფე ადრასტე თავისი მხლებლებით შენის სახელმწიფოს საზღვრებიდან სამუდამოდ განდევნო.

ათენელებსა და არგოსელებს აბა რა საერთო უნდა ჰქონდეთ, რომ შენ დახმარების აღმოჩენას პირდები! თუ შენ ჩემს რჩევას მიიღებ, მეფეო, მშვიდობიანად შეგიძლია განაგრძო შენი მეფობა შენს საყვარელ სამშობლოში! თუ ამ ჩემ რჩევას არ მიიღებ, თებელების ძლევამოსილი მხედრობა იარაღით ხელში სასტიკად დაგსჯის და მთელ შენს სამხედრო ძლიერებას ბრძოლის ველზე ერთიანად გაანადგურებს!

გაფრთხილებ, ათენელებსა და თებელების შორის ატეხილ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს მძიმე შედეგები მოყვება და მთელ პასუხისმგებლობას ათენელთა კეთილშობილი ხალხი პირადად შენ დაგაკისრებს!“

მეფე თეზევსმა სრულიად აღუშფოთებლად განუცხადა თებელთა კადნიერ ელჩს: „უფლებამოსილო ელჩო, გადაეცი შენს მეფეს, რომ იგი ათენელების სახელმწიფოს მბრძანებელი არასოდეს არ ყოფილა და მომავალშიც წარმოუდგენელია რომ იყოს! მეფე კრეონტს არ შეუძლია ყველგან და მარადის კეთილშობილ ათენელებს თავს მოახვიოს თავისი ახირებული სურვილი!

მეფე კრეონტი არც ისე ძლევამოსილია, რომ ქალღმერთის ათენა-პალადას მფარველობის ქვეშ მყოფი ქალაქი ასე ადვილად დაიმორჩილოს! თქვენ ყოვლად დაუშვებელსა და მიუღებელს მოითხოვთ ჩემგან! ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი დავა საბოლოოდ იარაღმა უნდა გადაწყვიტოს.

თქვენ კარგად უნადა იცოდეთ, მე ვესარჩლები არა მეფე ადრასტეს, არამედ

ვიცავ ელინთა ხალხის საერთო ჩვეულებას, რომლის მიხედვით მოკლულთა და დახოცილთა დასაფლავების აკრძალვა, მტერიც რომ იყოს იგი, ყოვლად შეუწყნარებელი და დაუშვებელია.

თებელებს სრულებითაც არ შეურაცხვყოფ. ელინთა ხალხის საერთო სურვილია მიცვალებულებს დასაფლავების უფლება მიენიჭოს!

ჩემ თანამემამულეებს მხოლოდ ის შეურაცხყოფს, ვინც ყოვლისშემძლე ღმერთების დადგენილ ამ უაღრესად სამართლიან ჩვეულებას წინაღუდგება, ვინც ამ ჩვეულებას უხეშად დაარღვევს.

ელინთა კეთილშობილი ხალხი ვერ მოითმენს, რომ საუკუნეობით დაკანონებული ეს ჩვეულება ვინმემ უხეშად გათელოს!“

ძლევამოსილი თეზევსის ასეთი პასუხის შემდეგ ელჩმა დაუყოვნებლივ დატოვა ელევსინი და თებესაკენ გაემართა.

ათენელებსა და თებელთა შორის ომი უკვე აუცილებელი იყო.

ათენელების მეომრები საბრძოლველი წესით დაირაზმნენ და შვიდკარიბჭიან თებესაკენ გაემართნენ მეფე თეზევსის წინამძღოლობით.

მძიმედ შეიარაღებული თებელთა მხედრობა შვიდკარიბჭიან თებეს მიუვალ კედლებს გარს შემორტყმოდა და მტრის თავდასხმას მოუთმენლად მოელოდა.

მეფე თეზევსი ერთხელ კიდევ შეეცადა მშვიდობიანის გზით გადაეჭრა სადაო საკითხი, მაგრამ კეთილშობილი მეფის ცდამ უნაყოფოდ ჩაიარა.

მეფე კრეონტმა თეზევსის წინადადება, რომ სისხლის დაუღვრელად, მშვიდობიანის გზით გადაეჭრათ სადავო საკითხი, სრულიად უპასუხოდ დატოვა.

მეფე თეზევსის სამშვიდობო წინადადების უპასუხოდ დატოვება ომით პასუხის მიცემას მოითხოვდა.

ძლევამოსილი მეფის ბრძანებით ათენელების მამაცი ჯარისკაცები სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ თებელთა მხედრობას. 

გაჩაღდა საშინელი, დაუნდობელი ბრძოლა. ბრძოლის ველზე დიდი უბედურება ტრიალებდა.

მეფე თეზევსი უზარმაზარი კომბლით ხელში გააფთრებული ლომივით მძვინვარებდა თებელთა რაზმებს შორის და ყველას და ყველაფერს შეუბრალებლად ანგრევდა, ანადგურებდა, მიწასთან ასწორებდა.

თებელთა მხედრობა შეშფოთდა, შეშინდა, მტრის მიერ მედგრად მოტანილ იერიშებს ვერ გაუძლო და ქალაქის კედლებს შეაფარა თავი.

მთელი ქალაქი ფეხზე დადგა, მაგრამ მტრის შეჩერებას, მტრის მამაცად წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა.

ყველგან ტირილი და ვაება გაისმოდა. დაჭრილთა და დახოცილთა სისხლის გუბეებით ირწყვოდა ქალაქის ქუჩები.

თებელთა ღონემიხდილი მხედრობა ძლეულ იქნა და მტერს დანებდა.

თუმცა კეთილშობილმა თეზევსმა ბრწყინვალედ გაიმარჯვა, მაგრამ იგი ქალაქში არ შევიდა მთელი თავისი ძლევამოსილი მხედრობით.

ყოვლად კეთილშობილმა და პატიოსანმა თეზევსმა შეუთვალა თებელებს: „მე მოვედი ქალაქის არა დასარბევად და გასანადგურებლად! მე მოვედი მხოლოდ იმიტომ, რომ აღვადგინო არგოსელების სრულიად კანონიერი მოთხოვნა!

წინადადებას ვიძლევი, არგოსელებს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს თებეს გარშემო უპატრონოდ დატოვებული მეომრების გვამები, რათა მშობლებმა და ნათესავებმა ღირსეულად დაასაფლაონ თავისი ძვირფასი და საყვარელი ადამიანები!“

მეფე კრეონტი იძულებული იყო უკლებლივ შეესრულებინა მეფე თეზევსის წინადადება.

ათენელების ძლევამოსილმა მხედრობამ გადაასვენა არგოსელების მეომრების გვამები ელევსინში, სადაც შესაფერისი პატივისცემით უნდა დაესაფლავებინათ.

არგოსელების მხედრობის შვიდი ლაშქრის ჯარისკაცების გვამები დასწვეს შვიდ გორაკზე გამართულ კოცონებზე.

სარდლების გვამები კი მეფე თეზევსმა გადაასვენა ელევსინში იმ აზრით, რომ მეფე ადრასტესა და მოხუც დედებისა და დაქვრივებულ ცოლებისათვის დაებრუნებინა მათი ფერფლი.

არგოსელთა მხედრობის დახოცილთა სარდლების დასაწვავად გამართეს ორი კოცონი.

ერთ კოცონზე განცალკევებით დაწვეს სარდალ კაპანევსის გვამი, როგორც გვამი იმ გმირისა, რომელიც ყოვლისშემძლე ზევსის მიერ მოვლენილ მეხისაგან იყო მოკლული. ასეთი გვამები კი, ელინთა წარმოდგენით, სამღვთო გვამებად იყო მიჩნეული და საგანგებო პატივისცემას მოითხოვდა. მეორე კოცონზე კი დაწვეს დანარჩენი გმირების გვამები.

სწორედ იმ დროს, როცა სარდალ კაპანევსის გვამი ცეცხლის ალში მთლიანად გაეხვია, კოცონს უეცრივ თავს წამოადგა კაპანევსის მეუღლე ევადნა.

მშვენიერ ტანსაცმელში გამოწყობილი საბრალო ევადნა ელვის სისწრაფით ავიდა იმ კლდის მწვერვალზე, რომელიც კაპანევსის კოცონს თავს დასცქეროდა, და კლდის თვალუწვდენელ სიმაღლიდან თავქვე გადმოეშვა იმ სრულის რწმენით, რომ თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად საიქიოს სამეფოში დაიმკვიდრებდა ქმართან განუყრელ ბინას.

კაპანევსისა და მისი მეუღლის ევადნას ფერფლი ათენელებმა ერთ საფლავში დაკრძალეს ელევსინში. 

იმ ადგილას, სადაც გმირი კაპანევსი და მისი ერთგული მეუღლე ევადნა დაასაფლავეს, ათენელებმა აღმართეს დიდებული ძეგლი, რომელიც გამვლელ-გამომვლელს ამცნობდა ამ ორი ადამიანის იშვიათ სიყვარულსა და თავგანწირულებას.

დანარჩენი სარდლების ფერფლი ლარნაკებით წაასვენეს მოხუცმა დედებმა და ცოლებმა არგოსში.

დედებისა და ცოლ-შვილის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, მთელ არგოსს მწუხარების სუდარა გადაეფარა.

დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი გულამოსკვნით ტიროდნენ, ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ, განუწყვეტლივ ქვითინებდნენ და ქვითინებდნენ.

დაობლებულმა მცირეწლოვანმა შვილებმა ფიცი დადეს მამების ფერფლის წინაშე, რომ ისინი, როცა დავაჟკაცდებიან სამაგიეროს გადაუხდიან თებელებს. 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen