კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 07:10

 

 

ეპიგონებისა და თებეს ომი დამთავრდა. გამარჯვებული არგოსელების მხედრობა დიდის ზეიმითა და აღფრთოვანებით დაბრუნდა სამშობლო მხარეში. არგოსის მთელი მოსახლეობა ფეხზე დადგა ძლევამოსილი მხედრობის შესახვედრად.

დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი სიხარულით ეგებებოდნენ ძლევამოსილ მხედრობას და მის ახალგაზრდა გმირ სარდლებს და დიდის აღფრთოვანებით ულოცავდნენ მტერზე ბრწყინვალე გამარჯვებას. 

ძლევამოსილი ჯარის არგოსში დაბრუნება ნამდვილ სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. ქალაქის მკვიდრნი ყვავილებითა და დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ სახელოვან ჯარისკაცებს და ახალგაზრდა გმირ სარდლებს, ეპიგონებს.

მხედრობის მთავარსარდალი, ძლევამოსილი ალკმეონი, როცა ხალხის მიერ მოწყობილი სადღესასწაულო ჯარის შეხვედრა ასე ბრწყინვალედ ჩატარდა, დაუყოვნებლივ შეუდგა აპოლონ ღმერთის მიერ მოცემულ მეორე დავალების შესრულების თადარიგს.

ალკმეონმა გადაწყვიტა სასტიკად დაესაჯა თავისი საკუთარი დედა ერიფილე, რომელმაც ანგარების მოყვარეობით განზრახ გაგზავნა საბედისწერო ომში მეუღლე ამფიარაე.

ალკმეონს სულსა და გულს უწამლავდა ის ფიქრი, რომ ბოროტმა დედამ ერიფილემ თავისი უგვანო საქციელით დაღუპა საყვარელი ქმარი და სათუთი მამა, რომელიც თავისი პატიოსნებით, თავისი ბრძნული გულთამხილაობით მთელ ელადაში უმწიკვლო ადამიანად იყო მიჩნეული.

შურისძიების გრძნობა ალკმეონს კიდევ უფრო მაშინ გაუძლიერდა, როცა მან დანამდვილებით შეიტყო, რომ შვილებს ომში წასვლას მხოლოდ ანგარებით - მოსყიდული ურჩევდა და აქეზებდა.

ტერსანდრის ნაჩუქარმა საბედისწერო ტანსაცმელმა იმდენად მოხიბლა ბოროტი ერიფილე, რომ ღვიძლი შვილებიც კი არ დაინდო დამღუპველ ომში გასაგზავნად.

ალკმეონმა აპოლონ ღმერთის მისნის დავალება სისრულეში მოიყვანა. ახალგაზრდა გმირმა ბასრი ხმლით სასიკვდილოდ გულ-მკერდი განუგმირა ბოროტ დედას ერიფილეს და ამრიგად პირნათლად შეასრულა საყვარელი მამის ამფიარაეს დავალება.

მართალია, ალკმეონმა ერიფილე აპოლონ ღმერთის დავალებით და ნებაყოფლობით მოკლა, მაგრამ დედის მკვლელობამ იმდენად განარისხა ერინიები, რომ შურისმაძიებელი ქალღმერთები ახალგაზრდა გმირს მთელ მის სიცოცხლეში სდევნიდნენ და სასტიკი სასჯელით ემუქრებოდნენ.

შურისმაძიებელი ერინიების დევნამ ახალგაზრდა გმირი აიძულა სამშობლოს მოშორებოდა. ალკმეონი გადასახლდა არკადიაში ქალაქ პსოფიდაში და თან წაიღო თებელების მიერ ერიფილესათვის მიძღვნილი დამღუპველი საჩუქარი.

ქალღმერთ ერინების მიერ დევნილმა ახალგაზრდა გმირმა დახმარების აღმოჩენა სთხოვა პსოფიდის მეფე ფეგევსს. მეფე ფეგევსმა ალკმეონი განწმინდა ჩადენილ დანაშაულისაგან და სახელმწიფოში ცხოვრების უფლება მიანიჭა.

მეფე და ალკმეონი იმდენად დამეგობრდნენ, რომ ფეგევსმა ახალგაზრდა გმირს მიათხოვა თავისი მშვენიერი ასული არსინოე. ალკმეონმა თებელების მიერ ერიფილესათვის გაგზავნილი ძვირფასი ტანსაცმელი თავის ახალგაზრდა მეუღლეს, მშვენიერ არსინოეს მიუძღვნა.

ერიფილემ, როცა იგი შვილის ბასრი ხმლით გულმკერდგანგმირული სიკვდილს ებრძოდა, დაწყევლა ალკმეონი და ის მხარეც, რომელიც შეიხიზნებდა დედის მკვლელ შვილს.

ერიფილეს წყევლა-კრულვა საბედისწეროდ მოევლინა როგორც ალკმეონს, ისე პსოფიდის სამეფო გვარეულობას. ალკმეონმა თავის ახალ სამშობლოშიც ვერ მოიპოვა სულის სიმშვიდე და მყუდროება.

პსოფიდას, მას აქეთ რაც ამ მხარეში ალკმეონი გადასახლდა, დიდი უბედურება მოევლინა. მთელ სახელმწიფოს შავი ჭირი მოედო და ხალხს დღითი დღე მუსრს ავლებდა. მთელ მხარეს ყოველწლივ მოუსავლობა ილაჯს სწყვეტდა.

მდინარეები დაშრა. ველ-მინდვრები ერთიანად გადახმა. მთელ მხარეს მწუხრის სუდარა გადეფარა. ხალხი დრტვინავდა, ბორგავდა, სასოწარკვეთილებას ეძლეოდა და გამოსავალს ვერ პოულობდა. ალკმეონმა გადაწყვიტა დელფოს მისანს შეკითხებოდა, რაგვარად შეიძლებოდა ხალხს ამ უბედურებისაგან თავი დაეღწია.

აპოლონ ღმერთის მისანმა უწინასწარმეტყველა ალკმეონს, რომ იგი მოიპოვებს სულის სიმშვიდეს და სრულ მყუდროებას იმ მხარეში, რომელიც გაშენდა ერიფილეს მკვლელობის შემდეგ. მხოლოდ ასეთ მხარეში დედის წყევლა-კრულვა დაკარგავს თავის საბედისწერო ძალასო.

მისნის ასეთი პასუხის შემდეგ ალკმეონი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა პსოფიდის სახელმწიფო, თავის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

ახალგაზრდა გმირი, რომელსაც თან სდევდა დედის ერიფილეს წყევლა-კრულვა, დასახლდა იმ კუნძულზე, რომელიც გაშენდა წყლით მოზიდულ შლამისაგან ერიფილეს სიკვდილის შემდეგ.

ალკმეონმა ამ კუნძულზე მართლაც მოიპოვა სულიერი სიმშვიდე და სრული მყუდროება.

ახალგადმოსახლებულმა ახალგაზრდა გმირმა დაივიწყა თავისი პირველი ცოლ-შვილი და მეორედ შეუუღლდა მდინარის ღმერთის აქელოეს მშვენიერ ასულს კალიროეს.

ახალდაქორწინებული ალკმეონი და კალიროე თანხმობით, ბედნიერად ცხოვრობდნენ. კეთილად განწყობილი ყოველი ოჯახი შეტრფოდა და შეხაროდა ამ იშვიათი ცოლ-ქმრის ბედნიერებას.

მშვენიერ კალიროეს გაგონილი ჰქონდა, რომ ალკმეონის დედას, ერიფილეს, თებელებმა საჩუქრად მიუძღვნეს ძვირფასი სამკაული. კალიროემ სთხოვა თავის საყვარელ მეუღლეს ეს ძვირფასი სამკაული მისთვის დაეთმო.

ალკმეონმა სიამოვნებით თანხმობა გამოუცხადა თავის საყვარელ მეუღლეს ძვირფასი სამკაული მისთვის საჩუქრად მიეძღვნა.

ახალგაზრდა გმირი დაუყოვნებლივ არკადიაში გაემგზავრა და თავის ყოფილ პირველ მეუღლეს არსინოეს მოსთხოვა ძვირფასი სამკაულის დაბრუნება.

ალკმეონმა მოიმიზეზა, რომ ეს ძვირფასი საჩუქარი უნდა შეწიროს აპოლონ ღმერთის დელფოს ტაძარს. მეფე ფეგევსმა სარწმუნოდ მიიღო ალკმეონის სიტყვები და ძვრფასი სამკაული დაუყოვნებლივ დაუბრუნა თავის სიძეს.

მაგრამ, როცა მეფემ შეიტყო, რომ ალკმეონს მეორე ცოლი შეურთავს და ძვრiფასი სამკაული მას უნდა მიუძღვნას საჩუქრად, დაუყოვნებლივ მოიწვია თავისი შვილები პრონე და აგენორი და დაავალა ყოფილი სიძე ალკმეონი მოეკლათ და ძვირფასი სამკაული უკან დაებრუნებიათ.

მართლაც, პრონე და აგენორი, როცა ალკმეონი შინ ბრუნდებოდა, გზაში ჩაუსაფრდნენ და ახალგაზრდა გმირი სიცოცხლეს გამოასალმეს. ამრიგად შვილებმა შეასრულეს მამის ბრძანება და საბედისწერო ძვირფასი სამკაული დაუბრუნეს თავის დას არსინოეს.

ალკმეონმა თუმცა არსინოეს უღალატა, მაგრამ იგი საბრალო ქალს მაინც უყვარდა. არსინოე სულითა და გულით იტანჯებოდა და კრულვა-წყევლას უთვლიდა თავის ძმებს, რომლებმაც ასე უდროოდ მოუსპეს სიცოცხლე ძვირფას და საყვარელ ალკმეონს.

პრონემ და აგენორმა ყოვლად მიუღებლად და დაუშვებლად მიიჩნიეს არსინოეს საქციელი და გადაწყვიტეს სასტიკად დაესაჯათ იგი.

შეუბრალებელმა ძმებმა საცოდავი არსინოე გაგზავნეს ტეგეაში მეფე აგაპენორთან. მეფემ საცოდავ ქალს მეუღლის მკვლელობა დააბრალა და კიდევაც ამიტომ სასიკვდილოდ გაიმეტა.

ამრიგად თებელების მიერ მიძღვნილმა საჩუქარმა სიცოცხლეს გამოასალმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა გმირი ალკმეონი და შემდეგ მისი პირველი მეუღლე, საცოდავი არსინოე.

ალკმეონის მეორე მეუღლემ კალიროემ, როცა გაიგო თავისი საყვარელი მეუღლის მკვლელობა, ცისაკენ აღაპყრო ხელები და ყოვლისშემძლე ზევსს შეევედრა:

„ოლიმპოს დიდო მბრძანებელო! გთხოვ მოიღო ჩემზე მოწყალება და ჩემს ორ მცირეწლოვან შვილს, აკარნანს და ამფოტერეს, მიანიჭო ვაჟკაცური ძალ-ღონე, რათა მათ სამაგიერო გადუხადონ საყვარელი მამის ვერაგ მკვლელებს!“

ოლიმპოს მბრძანებელმა, ყოვლადმოწყალე ზევსმა შეისმინა მხურვალე და გულწრფელი ვედრება. მართლაც, მეორე დილით აკარნანი და ამფოტერე საწოლიდან წამოდგნენ ჯან-ღონით სავსენი, სავსებით დავაჟკაცებულნი და დაუყოვნებლივ ტეგეას მხარესაკენ გაემგზავრნენ.

აკარნანიმ და ამფოტერემ სიცოცხლეს გამოასალმეს მეფე ფეგევსის შვილები პრონე და აგენორი და დაეპატრონენ იმ ძვირფას საგანძურს, რომლის საჩუქრად შეწირვას აპოლონ ღმერთის ტაძრისათვის ფიქრობდნენ.

მეფე ფეგევსის შვილები - აკარნანი და ამფოტერე შემდეგ სასწრაფოდ გადავიდნენ არკადიაში, სასიკვდილოდ განგმირეს მეფე ფეგევსი და მისი მეუღლე, სრულიად უვნებელი დაბრუნდნენ სამშობლოში და საყვარელ დედას ჩააბარეს ძვირფასი სამკაული, რომელიც თებელებმა საჩუქრად გამოუგზავნეს ალკმეონის ბოროტ დედას ერიფილეს.

ამ საბედისწერო ძვირფას სამკაულს კიდევ უფრო დიდი უბედურება რომ არ დაეტრიალებია, აკარნანიმ და ამფოტერემ ის აპოლონ ღმერთის დელფოს ტაძარს შეწირეს.

იმ მხარეს, სადაც აკარნანი და მისი ძმა ამფოტერე დასახლდნენ, შემდეგ აკარნანია დაერქვა.

ალკმეონისა და არსინოეს შვილი კლიტოსი კი სამეფო გვარეულობის განადგურების შემდეგ არკადიიდან გაიქცა და სამუდამოდ ელიდაში დასახლდა. 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen