კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 01:05

 

 

ყოვლისშემძლე ღმერთების მამამთავრის ზევსისა და ლედას შვილები, კასტორი და პოლუქსი, ანუ როგორც მათ ეძახდნენ დიოსკურები, თავისი ჭაბუკური გამჭრიახობით, მამაცობითა და ძლევამოსილებით მთელ საბერძნეთში, კიდითი კიდემდე, უდიდეს გმირებად იყვნენ მიჩნეული.

კასტორს მთელ სახელმწიფოში ვერავინ სჯობნიდა გარეული ცხენების გახედნასა და მოშინაურებაში.

პოლუქსი ხელჩართულ ორთა ბრძოლაში ყოველთვის პირველობას იჩენდა, მის სიმამაცეს და ძლევამოსილებას ქალი და კაცი, დიდი და პატარა, ყველანი დიდ განცვიფრებაში მოჰყავდა. ამიტომაც იყო, რომ პოლუქსს მთელ საბერძნეთში შეუდარებელი გმირის სახელი ჰქონდა მოპოვებული.

პოლუქსს და კასტორს თავის ბიძაშვილებთან ერთად, მესენიის მეფე აფარევსის შვილებთან, ლინკევსსა და იდასთან, არაერთხელ უსახელებიათ თავი სხვადასხვა საგმირო საქმეებით.

ლინკევსს ისეთი ბასრი და შორსმჭვრეტელი მხედველობა ჰქონდა, რომ მისი გამჭრიახი თვალები დედამიწის გულის სიღრმესაც კი სწვდებოდა და შეუმჩნეველს იშვიათად რასმეს სტოვებდა.

იდასს კი ყველგან და ყოველთვის უძლეველი სიმამაცით თავი მოჰქონდა. გმირი ჭაბუკი ერთხელ იმდენად გაკადნიერდა, რომ აპოლონ ღმერთსაც კი ბრძოლა გამოუცხადა.

იდასს და აპოლონ ღმერთს სილამაზით სახელგანთქმული მოკვდავი მარპესა მოსწონდათ და ორივენი მის მოტაცებას ცდილობდნენ. იდასი აპოლონ ღმერთს არ მოერიდა და ერთ დღეს პოსეიდონ ღმერთის მიერ ნაჩუქარი ფრთებიანი ეტლით მშვენიერი მარპესა გაიტაცა. აპოლონ ღმერთი დაედევნა უკან კადნიერ გმირს და უნდოდა მშვენიერი მარპესა იდასისათვის წაერთმია.

გაიმართა აპოლონ ღმერთისა და იდასს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ყოვლისშემძლე ზევსმა გააშველა ორივე ძლევამოსილი მებრძოლი და სილამაზით სახელგანთქმულ მარპესას წინადადება მისცა ამ ორ მეტოქეთა შორის თვითონვე აერჩია ერთ-ერთი საქმროდ. 

მარპესა დარწმუნებული იყო, რომ აპოლონ ღმერთი, როცა მარპესა ხანშესულობის გამო თავის დღევანდელ სილამაზესა და სიმშვენიერეს დაკარგავდა, თავის ღვთაებრივ მოსიყვარულე გულს სხვა უფრო ახალგაზრდა ქალს გადაუშლიდა, ამიტომ მან საქმროდ იდასი აირჩია.

დიოსკურები და აფარიდები ერთმანეთთან დიდ მეგობრულ განწყობილებაში იყვნენ. ოთხივე გმირი ჭაბუკი მეგობრულად, შეთანხმებულად მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ბრძოლებსა და ომებში, თავისი ძლევამოსილი მამაცობით არაერთხელ უსახელებიათ თავი მტერზე ბრწყინვალე გამარჯვებით.

ერთხელ კასტორი, პოლუქსი, ლინკევსი და იდასი შეიჭრნენ არკადიაში, მოიტაცეს მრავალრიცხოვანი ხარების ჯოგი და უშიშარ ადგილას გამოიყვანეს. დადგა ჯოგის განაწილების დრო. დიოსკურებსა და აფარიდებს შორის ჯოგის სამართლიანად განაწილება ყველაზე უფრო ძლიერსა და ღონიერ იდასს მიანდეს.

იდასმა გაჭრა ერთი ხარი ოთხ თანასწორ ნაწილად და ჯოგის განაწილების ასეთი წესი დაადგინა: ვინც თავის კერძს ყველაზე უფრო ადრე შეჭამს, ჯოგის ნახევარი ნაწილი მას მიეკუთვნება, ხილო ჯოგის მეორე ნაწილი დაეთმობა მას, ვინც პირველის შემდეგ თავისი კერძის შეჭმას მოასწრებს.

იდასმა ყველაზე უფრო ადრე შეჭამა თავისი კერძი და შემდეგ თავის ძმას ლინკევსს მიეშველა ჭამაში. ამრიგად ჯოგის ნახევარი იდასს ხვდა წილად, ხოლო მეორე ნახევარი - ლინკევსს, თანახმად დადებული პირობისა.

აფარიდებმა მთელი ჯოგი მესენიაში წაასხეს და კასტორი და პოლუქსი სრულიად ხელცარიელნი დატოვეს. მოტყუებით გაბრაზრბული დიოსკურები შეიჭრნენ მესენიაში, მოიტაცეს მთელი ჯოგი, აგრეთვე აფარიდების კუთვნილი წვრილფეხი და მსხვილფეხი საქონელი და სამშობლოში წამოასხეს.

დიოსკურებმა მარტოდმარტო ეს არ აკმარეს აფარიდებს. პოლუქსმა და კასტორმა იდასსა და ლინკევსს მოსტაცეს საცოლეებიც, და ამრიგად უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ორივე გმირ ძმას.

კასტორმა და პოლუქსმა უშიშარ ადგილას დამალეს მოტაცებული ჯოგი და თვითონ მახლობლად ჩაუსაფრდნენ აფარიდებს იმ განზრახვით, თუ ძმები თავს დაესხმოდნენ ჯოგისა და საცოლეების უკანვე დასაბრუნებლად, საკადრისი პასუხი გაეცათ.

ლინკევსი ავიდა ტაიგეტის უმაღლეს მწვერვალზე, საიდანაც პელოპონესის მთელი ნახევარი კუნძული ხელის გულივით მოჩანდა და ამ თვალუწვდენელ სიმაღლიდან თავისი მახვილი მხედველობით მთელ არემარეს უთვალთვალებდა, რომ თავხედი დიოსკურები სადმე აღმოეჩინა.

ლინკევსის მახვილ თვალებს შეუმჩნევლად არ დარჩა პოლუქსი და კასტორი, რომლებსაც უზარმაზარ ხის ფუღუროში გაემართათ თავშესაფარი. ლინკევსმა დაუყოვნებლივ აცნობა იდასს დიოსკურების ადგილსამყოფელი. აფარიდები ელვის სისწრაფით მიიჭრნენ იმ ხესთან, რომელშიც შეფარებულიყვნენ დიოსკურები.

ძლევამოსილმა იდასმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სტყორცნა ისარი ხეს და მძიმედ დაჭრა ხეში ჩასაფრებული კასტორი. შეშლილივით გამოიჭრა საფარიდან პოლუქსი და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა აფარიდებს. 

მცირე ზნიხ შებრძოლების შემდეგ პოლუქსმა სამარცხვინოდ უკუაქცია ლინკევსი და იდასი, რომელთაც უკან დაედევნა და მათი მამის საფლავამდე კვალდაკვალ მისდია. სასაფალაოს მიდამოებში იდასმა და ლინკევსმა სეტყვასავით დაუშინეს უზარმაზარი ლოდები პოლუქსს, მაგრამ ოდნავაც ვერაფერი დააკლეს მას. პირიქით, პოლუქსმა მოიმარჯვა შორსმტყორცნი ისარი და ისე მძლავრად სტყორცნა ლინკევსს, რომ გულმკერდგანგმირულმა ჭაბუკმა იქვე სული განუტევა.

ახლა ჯერი მიდგა იდასზე. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა, რომელც ვინ იცის, როგორ დაბოლოვდებოდა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთების მამამთავარ ზევსს ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არ შეეწყვიტა. ყოვლისშემძლე ზევსის ბრძანებით ცამ მრისხანედ დაიქუხა, ბრძოლის ველს ციური ცეცხლი კიდითი კიდემდე მოედო და ლინკევსისა და იდასის ფერფლდაქცეული გვამები ერთიანად შთანთქა.

ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ პოლუქსი სასწრაფოდ კასტორისაკენ გაემართა. საბრალო გმირი სწორედ ამ დროს სიკვდილს ებრძოდა და საცოდავად იტანჯებოდა.

პოლუქსმა ცხარე ცრემლების ფრქვევით მიმართა ყოვლისშემძლე ზევსს და მოკრძალებით მოახსენა: „ყოვლისშემძლე ოლიმპოს მბრძანებელო ზევსო, ჩემო, გონებიდან განუყრელო ძვირფასო მშობელო მამავ! გევედრები, თვალცრემლიანი გემუდარები, ყოვლადმოწყალეო ქვეყნის მპყრობელო, მოიღე შენი მოწყალება და შემიმსუბუქე ჩემი აწინდელი ენითგამოუთქმელი, გონებით წარმოუდგენელი მწუხარება!

რაღაა იგი სიცოცხლე, რომელსაც არ ათბობს, არ აცხოველმყოფელებს უგულითადესი მეგობრის, უახლოესი ადამიანის მგძნობიარე გულის ალერსი და სიყვარული? დეე, ისა სჯობს, ჩემო ყოვლისშემძლე საყვარელო მშობელო მამავ, ჩემ ძმასთან ერთად მეც სიკვდილი მომავლინო, ჩემ ძმასთან ერთად სამუდამოდ დავხუჭო თვალები და მასთან ერთად განუყრელად გადავსახლდე საიქიოს სამეფოში!“

ყოვლისშემძლე ზევსმა ასე უპასუხა თავის საყვარელ და ძვირფას შვილს:

„შვილო, იცოდე, რომ შენი ძმა მოკვდავის შვილია! სრულ უფლებას განიჭებ, ორში ერთი აირჩიო. თუ გსურს, შენ შეგიძლიან ოლიმლოზე იცხოვრო, ყოვლისშემძლე ათენა ქალღმერთისა და არესის ბრწყინვალე სასახლეში და ამრიგად თავი დააღწიო სიკვდილს და მომაბეზრებელ მოხუცებულობას! თუ ამას არ მოისურვებ, ყველაფერში შენი ძმის ბედი უნდა გაიზიარო და შენაცვლებით ხან საიქიოს სამეფოში იცხოვრო, ხან კი ყოვლისშემძლე ღმერთების ზეციურ სასახლეში!“

პოლუქსმა სრულიად უყოყმანოდ ძმის ბედის გაზიარება ირჩია. ყოვლადმოწყალე ზევსმა კასტორს თვალები აუხილა და წინანდელი მხედველობა და ძლევამოსილება დაუბრუნა. ამ დღიდან მოკიდებული კასტორი და პოლუქსი ერთმანეთს არ შორდებიან და განუყრელად ერთად ცხოვრობენ.

ერთ დღეს გმირთა გმირი ძმები ოლიმპოს მწვერვალზე ნეტარი ღმერთების ფართო და ბრწყინვალე სასახლის დარბაზებში თავმოწონებით დასეირნობენ და ნეტარების ფიალას ეწაფებიან, ხოლო მეორე დღეს საიქიოს სამეფოს ევლინებიან და მკვდრების აჩრდილთა შორის აღამებენ, საიქიოს მკვიდრთა აუტანელ დარდსა და მწუხარებას იზიარებენ. 

ხალხი დიდის პატივისცემით და სიყვარულით შეტრფის და შეხარის თავისი წიაღიდან წარმოშობილ გმირთა გმირებს, რომლებიც სრულიად გულწრფელად და უანგაროდ იღწვიან ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის.

ხალხს სჯერა და ღრმად სწამს, რომ გმირი ძმები, პოლუქსი და კასტორი, მხსნელად და მფარველად ევლინებიან ადამიანს ყოველგვარ ხიფათსა და გაჭირვებაში მოგზაურობის დროს, უცხო ქვეყანაში იქნება ეს, თუ სამშობლოში. 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen