ოვიდიუს ნაზონი - „მეტამორფოზები“
ფავნისა და ნიმფა სიმეთიდას შვილი აკისი თავისი იშვიათი სილამაზით წყლის ნიმფებს - ნერეიდებს ერთიანად ხიბლავდა.
აკისი თექვსმეტი წლის იქნებოდა, როცა ნერეიდა გალატეამ პირველად თვალი მოჰკრა ამ იშვიათად ლამაზ ყმაწვილს. აკისმა და გალატეამ ერთმანეთი შეიყვარეს, ერთმანეთს დაუახლოვდნენ. წყლის ქალღმერთები შეტრფოდნენ და შეხაროდნენ უსაზღვრო სიყვარულით დაკავშირებულ გალატეას და აკისის ბედნიერებას.
აკისი მხოლოდ და მხოლოდ მშვენიერ გალატეასთან გრძნობდა თავის თავს ბედნიერად. აკისს ვერ წარმოედგინა, რომ იგი თავის მშვენიერ, გონებიდან განუყრელ მეგობარს ოდესმე ჩამოშორდებოდა ან ვინმე სხვას გადაუშლიდა თავისი გულის უნაზეს გრძნობებს.
გალატეასაც აკისი ისე მძლავრად და უსაზღვროდ უყვარდა, რომ ამ მჭიდრო და ურყევ კავშირს ყოვლისშემძლე ღმერთებიც კი ვერ დაარღვევდნენ, ვერ დაშლიდნენ.
აკისი და გალატეა ბედნიერად თვლიდნენ თავს, ერთმანეთს თვალ-წარბში შეცქეროდნენ და ნეტარების ცრემლებს ღვრიდნენ. მართალია, გალატეა დიდ ბედნიერად თვლიდა თავის თავს, მაგრამ მეორეს მხრით ერთი რამ აწუხებდა, ერთი რამ მოსვენებას არ აძლევდა.
კიკლოპი პოლიფემოსი მუდამ დევნიდა, მოსვენებას არ აძლევდა მშვენიერ ნიმფას და ყოველგვარად ცდილობდა მისი გული მოეგო.
გოლიათი პოლიფემოსი გატაცებული იყო გალატეასადმი სიყვარულით, იგი მთელი თავისი არსებით გალატეას ეკუთვნოდა, მშვენიერი ნიმფას ერთი დანახვა მთელ თავის სიმდიდრესა და თვით სიცოცხლესაც კი ურჩევნოდა.
კიკლოპი პოლიფემოსი მზად იყო ამქვეყნად ყველაფერი დაეთმო, თვით ყოვლისშემძლე ღმერთებსაც კი შეებრძოლებოდა, ოღონდ მშვენიერი გალატეას ყურადღება, თანაგრძნობა დაემსახურებია, მშვენიერ ნიმფას თავისი მგძნობიარე გული სასიყვარულოდ გადაეშალა.
გოლიათ პოლიფემოსს გალატეა უსაზღვროდ უყვარდა და ასეთივე სიყვარულს იგი ნიმფას მხრიდანაც მოითხოვდა.
გალატეა კი გულგრილად შეჰყურებდა პოლიფემოსის სიყვარულით აგზნებულ გრძნობებს. ნიმფას პოლიფემოსი არა თუ უყვარდა, პირიქით, სძულდა და მუდამჟამს ცდილობდა თავი შორს დაეჭირა მისგან.
პოლიფემოსი კარგად გრძნობდა გალატეას გულგრილობას, მაგრამ სიყვარულით აგზნებული გოლიათი ფარ-ხმალს არ ჰყრიდა და ყოველგვარად ცდილობდა ნიმფას გული მოეგო, მოენადირებინა.
სიყვარულით შეპყრობილი კიკლოპი, რომლის სამფლობელოში გზად შევლას წინათ ვერც ერთი უცხოელი ვერა ბედავდა, ამჟამად ყურადღებას არავის აქცევდა. კოკლოპმა დაივიწყა თავისი ურიცხვი ჯოგი, დაივიწყა თავისი გამოქვაბული, სადაც იგი აქამდე სიამოვნებით ღამეებს ატარებდა.
პოლიფემოსის მთელი აზრი და გონება მშვენიერ გალატეას ირგვლივ ტრიალებდა, სიყვარულით აგზნებული კოკლოპი მთელი თავისი არსებით გალატეას ეკუთვნოდა.
უხეში და ტლანქი პოლიფემოსი ყოველდღე რკინის ფარცხით ივარცხნიდა ჯაგრიან თმას, წვერ-ულვაშს ნამგლით იკრეჭდა, ხშირად წყალში იცქირებოდა, რომ თავისი თავი გალამაზებული დაენახა. გოლიათი კიკლოპის ბუნებრივმა ველურობამ და სიმკაცრემ, რომელიც მას აქამდე ახასიათებდა, ამჟამად ადგილი დაუთმო სინაზესა და ადამიანობას.
უცხოელების ხომალდები ახლა სრულიად თავისუფლად შემოდიოდნენ კიკლოპის სამფლობელოს ნავსადგურში და მთელი კვირაობით იალქნებს უშიშრად აფრიალებდნენ ძველად ამ სახიფათო ადგილას.
სწორედ ამ ხანებში კიკლოპის სამფლობელოს ესტუმრა გამოჩენილი გულთამხილავი ტელემე, რომელმაც ინახულა პოლიფემოსი და უწინასწარმეტყველა, რომ შენს სამფლობელოში შემოივლის ელინთა მხედრობის ძლევამოსილი გმირი სარდალი, ცბიერი ოდისევსი, რომელიც შენს ერთადერთ თვალს, შუბლზე რომ გაქვს, ამოგთხრისო.
კიკლოპმა სიცილით უპასუხა ტელემს: „სისულელეს მეუბნები! ეს ჩემი ერთადერთი თვალი დიდი ხანია, რაც ჩემმა გულის სატრფომ, ჩემმა მშვენიერმა გალატეამ მომტაცაო!“
კიკლოპი თავისი ურიცხვი ჯოგით ხშირად გამოდიოდა ზღვაში სოლივით შეჭრილ გორაკზე, მწუხარედ ჩამოჯდებოდა გორაკის მწვერვალზე, ფეხთ ჩამოიდებდა უზარმაზარ კომბალს, რომელსაც იგი ჯოხის მაგივრად ატარებდა, აიღებდა ხელში ვეებერთელა სალამურს და ისე მძლავრად ჩაბერავდა, რომ სალამურის უხეში და ტლანქი ხმა მთელ არემარეს აყრუებდა.
გალატეას საქებად და სადიდებლად პოლიფემოსი სიმღერებსაც კი წამოიწყებდა. კიკლოპის საშინელი ხმა ზღვის სიღრმესა და შორეულ გორაკების მწვერვალებს სწვდებოდა.
გალატეა და მისი საყვარელი მეგობარი აკისი ზღვის ნაპირზე, მღვიმეში განცხრომით ისხდნენ და სიყვარულის გრძნობებით დამტკბარნი დროგამოშვებით ყურს უგდებდნენ გოლიათი კიკლოპის საშინელ სიმღერას.
უხეში და ტლანქი პოლიფემოსი ასეთი სიტყვებით ამკობდა სიმღერის დროს თავის სატრფოს, თავის საყვარელ, მშვენიერ გალატეას:
„ჩემო ძვირფასო და გონებიდან განუყრელო, ჩემო გალატეა! სული და გული მიხარის, როცა შენ გიმღერ და გიგალობებ! შენს სახელს, შენს მშვენიერ ღვთაებრივ პირისახეს გულში ღრმად ვიმარხავ და გონებიდან ვერ ვიშორებ!
შენი პირისახე თეთრ თოვლზე უფრო თეთრია, ყვავილებით მორთულ ველზე უფრო ნაზი და სათუთია! შენი ტანადობა მაღალ მურყანზე უფრო მოხდენილია! შენ ციკანივით ცელქი და ცქრიალა ხარ, ჩემო ძვირფასო გალატეა! შენ გედის ღინღლზე უფრო რბილი ხარ და მაწონზე უფრო ნაზი! მაგრამ ამავე დროს შენ უფრო უტეხი და მაგარი ხარ, ვიდრე პიტალო სალი კლდე და მძლავრი მუხა, ძუ დათვზე უფრო კერპი!
შენ, ჩემო ძვირფასო გალატეა, ჩემს უსაზღვრო მწუხარებას ოდნავაც ყურადღებას არ აქცევ, გამირბიხარ, როგორც ფურ-ირემი, რომელსაც ძაღლები ასდევნებიან და დასაჭერად კვალდაკვალ მისდევენ. შენ რომ კარგად მიცნობდე, ეჭვს გარეშეა ზურგს შეაქცევდი შენს კერპობას, სამარადისოდ დაწყევლიდი შენს მიუდგომლობას, შენს ჯიუტობას და შეეცდებოდი ჩემი გულის მოგებას, ჩემს სამუდამოდ დამშვიდებას, შენი მგრძნობიარე გულის ჩემთვის გადაშლას.
შენ რომ ჩემი სიმდიდრის ამბავი იცოდე, განა ასე შეუბრალებლად მომექცეოდი! ჩემი მღვიმე, რომელიც მთაშია შეჭრილი, სავსეა ყოველი სიკეთით. ჩემს მღვიმეში შენ ვერ იგრძნობდი, რა არის სიცხე–პაპანაქება, რა არის სუსხიანი ზამთრის სიცივე!
ჩემი ხილის ბაღი ხომ განთქმულია მთელ დედამიწაზე. ვაშლისა და მსხლის ხეების ტოტები, სურნელოვანი ვაშლებითა და მსხლებით დახუნძლულნი, მიწაზე მძიმედ იზნიქებიან.
ჭიგოებზე ათასგვარად დახლართულ ლერწმებზე ყვითლად ღვივის შარბათივით ტკბილი ყურძენი, ატამი, გარგარი, წაბლი და სურნელოვანი მარწყვი თავ-თავის დროზე შემოდის და მნახველის გულს ახარებს. ეს საუცხოო ხილის ბაღი მთლიანად შენთვისაა განკუთვნილი.
ჩემი ცხვრებისა და თხების რიცხვს ხომ კაცი ვერ მოსთვლის! აი ეს თხები და ცხვრები სულ ჩემი საკუთრებაა! ვინ მოსთვლის, შორეულ ტყეებსა და ველებზე ჯერ კიდევ რამდენი ჩემი ცხვრისა და თხის ფარა ლაღად სძოვს სურნელოვან ბალახს! რძე, ყველი, ერბო, ხაჭო და მაწონი თავზე საყრელად მოიპოვება ჩემს მღვიმეში.
ყოველივე ამ სიმდიდრეს, ყოველივე ამ სიკეთეს მხოლოდ და მხოლოდ შენთვის ვინახავ! ყოველივე ამას შენ გაჩუქებ, ოღონდ კი ზღვის სიღრმედან შენი მშვენიერი პირისახე დამანახე და შენი მგრძნობიარე, სათუთი გულის კუნჭულები გადამიშალე!
გალატეა! დასტოვე წყლის ზვირთები, მოდი ჩემთან, ხელს ნუ ჰკრავ გულწრფელად მოძღვნილ საჩუქრებს! ნუთუ ჩემი გარეგნობა გაშინებს! ამას წინათ ზღვის ანკარა ზვირთებში დავინახე ჩემი პირისახე და, მართალი გითხრა, არც ისე საშიში და ხელსაკრავი ვარ! ზღვის სარკეში ჩემი თავი ძალიან მომეწონა!
აბა შეხედე როგორი გოლიათური გარეგნობა მაქვს! ყოვლისშემძლე ზევსსაც კი მეტოქეობას ვუწევ, სიმძლავრესა და სიდიადეში თვითონ ზევსიც კი შურის თვალით მიყურებს! ჩემს თავზე უხვად დაყრილი მაგარი თმა ტყის მსგავსად ჩემს ფართო ბეჭებს სწვდება. შუა შუბლზე ძლიერი ფარივით მაზის ვეებერთელა მოელვარე თვალი: განა ყოვლისშემძლე ჰელიოსი ერთი მოელვარე თვალით არ დასცქერის დედამიწას?
ჩემო მშვენიერო გალატეა, ნუ დაგავიწყდება, რომ მამაჩემი პოსეიდონი, თქვენი წყლების დიდებული მბრძანებელი, შენ მამამთილად გაგიხდება! გეხვეწები, გევედრები, ჩემო, გონებიდან განუყრელო გალატეა, შემიბრალე, შედი ჩემს მდგომარეობაში და გადამიშალე შენი მგრძნობიარე გულის კუნჭულები!
მხოლოდ და მხოლოდ შენ გემორჩილები! შენს გარეშე ჩემთვის სიცოცხლე არ არსებობს! მე არ მესმის, რატომ ასე გიყვარს აკისი და მე ასე უცეცხლოდ მწვავ და მტანჯავ! იცოდე, გალატეა, სასტიკად დავსჯი იმ ჩემს მეტოქეს! ნაფლეთ-ნაფლეთად დავგლეჯ და შეუბრალებლად გადავყრი თვალუწვდენელ ზღვის აბობოქრებულ ზვირთებში!
სიბრაზისაგან გული ცეცხლით მენთება! ჩემს გულში ეტნის ჩაუქრობელი ცეცხლია დანთებული! შენ კი, ჩემო გალატეა, ჩემს ტანჯვასა და მწუხარებას ოდნავადაც ანგარიშს არ უწევ! შენთვის ყველაფერი სულ ერთია!“
პოლიფემოსი ამაოდ აბრალებდა თავს გალატეას, ამაოდ უშლიდა გულს. ანაზდად კიკლოპმა თვალი მოჰკრა აკისსა და გალატეას მღვიმეში და საშინლად დაიღრიალა: - გხედავთ! გხედავთ! უკანასკნელი იქნება თქვენი ეს ტრფიალი!
კიკლოპის საშინელ ყვირილზე მაღალი კლდეები შეინძრნენ და შეტორტმანდნენ, ზღვის ზვირთები აბობოქრდნენ და თავის კალაპოტიდან გადმოხეთქას აპირებდნენ.
- ვფიცავ, ვფიცავ ყოვლისშემძლე ღმერთებს, - გრგვინავდა გონებადაკარგული პოლიფემოსი, - ჩემი ასე შეურაცხყოფისათვის ორივეს სიცოცხლეს მოგისპობთ! იცოდეთ, თქვენი აღსასრულის დღე მოახლოებულია!
საბრალო გალატეა შიშმა აიტანა და სასწრაფოდ წყლის ზვირთებში ჩაიყურყუმელავა.
აკისი კი მირბის, შიშით თავზარდაცემული მირბის და თავის საყვარელ გალატეას და თავის ძვირფას მშობლებს გულამოსკვნით ევედრება: „მიშველეთ! მიშველეთ! ჩემო ძვირფასო გალატეა, ჩემო ძვირფასო მშობლებო! მიშველეთ, მიშველეთ, ვიღუპები!“
გალატეამ და საბრალო ყმაწვილის მშობლებმა, თუმცა ბევრი ეცადნენ სიკვდილს გადაერჩინათ აკისი, მაგრამ ვერ მოახერხეს.
სიბრაზისაგან გამხეცებულმა პოლიფემოსმა მაღალი მთის მწვერვალს ჩამოგლიჯა უზარმაზარი კლდე და ისეთი ძლიერებით სტყორცნა, რომ საბრალო აკისი ამ კლდის ქვეშ მოჰყვა და სამუდამოდ სიცოცხლეს გამოესალმა.
ყოვლისშემძლე ღმერთებმა აკისი მდინარედ გადააქციეს. პოლიფემოსის მიერ ნატყორცნი კლდის ქვემოდან მოჩხრიალებს ანკარა წყლით სავსე მდინარე, რომელსაც ხალხმა დაღუპული ყმაწვილის პატივსაცემად აკისი უწოდა.


