მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
|
ახლა რომ მოქრის ნიავი ნელი და გაზაფხულის მოაქვს სურნელი, კვლავ ვარ ჰურიის მსგავსი სატრფოს და მაცოცხლებელი ღვინის მსურველი.
ნუ სძრახავთ, ეს რომ მოუგონია, მდელოზე სუფრა გაუშლია და თავს დასდგომია კარვად ღრუბელი.
ჩუმად ღიღინებს მდელო და ველი.... არ მიატოვო ნაღდი ადგილი, ნისიას ეძებს მხოლოდ სულელი.
სანამ საწუთრო მთლად გაგულისდა და გადაზილა მტრების გულისად ჩვენი მტვრისაგან თიხის ჭურჭელი.
არ დაეცემა შენს გზას ნათელი... სად გაგონილა, რომ იყოს მტერი ან უანგარო ან უშურველი?!
და ნუ გამკიცხავთ სიმთვრალის გამო, ეს ბედისწერის განჩინებაა, შეუცნობელი და უკურნელი.
ჰაფეზის კუბოს მიჰყევ ბოლომდე.... ის სამოთხისკენ მიექანება, თუმცა ცოდვის ზღვა იყო ულევი. |


