|
იქნებ არც იყო, მაგრამ მე მახსოვს ზამთარი, როგორც ცუდი სიზმარი, როგორც დამპალი ძაფით ნაქსოვი პერანგი სველი და ნასხვისარი.
თოვლის ყალიბში იყო ჩასხმული და მასაც, როგორც ირგვლივ ყველაფერს, არც თავი ჰქონდა, არც დასასრული.
გზებს აუქმებდა თეთრი გრიგალი და იხრწნებოდა სახლებში სითბო, კაცის ნასუნთქი და ნაფიქრალი.
ექანცებოდათ მკლავები ქარებს. ქუჩაში ეგდო სინათლის ლეკვი და მთელი ღამე ტიროდა მწარედ.
ეომებოდა ტვინი უკუნის, რომ ცოდვის თუნდაც ერთი ნაყოფი გადარჩენოდა ამ საუკუნეს.
თრთოდა ფურცელი, თოვლივით თეთრი, გულაღმა იწვა და ედო სახე დამორჩილებულ ქალის თუ... ღმერთის.
ზამთრის უაზროდ მძიმე სხეული, საქვეყნოდ იყო გამოკიდული და განსჯის საგნად იყო ქცეული.
კრუხად ვიჯექით საკუთარ სითბოს, უფრო ჭკვიანიც, მხნეც და კეთილიც - სხვა იცხოვრებდა ჩვენს ნაცვლად თითქოს.
და დაბნეულიც ამ აღმოჩენით, დაჭიხვინებდა ყინვა ცხენივით, თავმოკაზმული თეთრი ფოჩვებით.
მერე განათდა და დათბა კიდეც და შვების ოხვრამ როგორც მარხილმა, გადაუქროლა ქუჩებს და ხიდებს.
დაუჯერებლად მხნე და მდიდრული, კვლავ შეიშმუშნა მზის ქვეშ ქალაქი, ზამთრის ფსკერიდან ამოზიდული.
გვაფრქვევდა სურნელს ცეცხლის და მიწის, წყალობასავით გვაყრიდა თავზე ფორთოხლის ნაფცქვენს, სტვენას და სიცილს.
ვით სიმარტოვის დაწყვეტილ სიმებს და აცეცებდა ახელილ თვალებს სინათლის ლეკვი, თაფლივით მძიმე. |


