კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 04:14

 

წრიალებს ნეკნების გალიაში

უკუნით და სისხლით გალეშილი,

მას ჯერ არ უნახავს გარიჟრაჟი -

სამყაროს ანგეში ქალიშვილი.


ჯანყდება ამბოხი სითამამით,

გულს ალხი ანაზდად მოენთება,

რისთვისაც ჭირვეულ რითმასავით

ლექსიდან გააგდეს პოეტებმა.


მზე, მთვარე, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები

აროდეს ნთებია კელაპტრებად,

თავისი ჭრილობის ნაკვალევის

წამიერ დალანდვა ენატრება.


კუნაპეტ ღამეში ტუსაღობის

უშუქო ხანძარმა დააბრმავა,

შთენილი წყვდიადის, უსახობის

და წყვილი სარქველის ანაბარა.


უმზეო წკვარამით დასიცხული

ნეკნების გალიის პატიმარი,

ძვალ-კლდეებს ასკდება გასისხლული

და აღარ ურჩება სატკივარი.


ის ბევრმა დაკარგა ნამუსივით,

ზოგს რბილი სავარძლით უქვავდება,

ზოგს სხვისი დიდება გაუსივებს,

ზოგს-გვიან მოსული "უკვდავება".


ზოგს ღვარძლით და შუღლით დაშაშვრია,

ზოგს უცემს ორ გულად გაყოფილი,

ზოგს პირზე ღიმილად გადაშლია -

მოყვასის გაყიდვით კმაყოფილი.


დღე-ღამის მსწორებელს უძილობით

თვალი თუ აროდეს გახელია, -

რა უნდა ეხილა წუთისოფლის?

რა უწყის-საწუთრო რა ხილია!..


უეცრად შეგანჯღრევს განსაცდელით

და სანამ სისხლძარღვებს დაგისუნთქავს,

ვადაზე გახედნე გასაწვრთნელი,

ნუ გაზრდი გიჟივით თავისუფალს.


ნიადაგ ათრთოლე დაქანცული,

აგტკივა და ოდეს დაამდება,

ვიდრე ზარს დარეკავს დასასრული,

მოგიწევს მეორედ დაბადება.


განვლილი დრო-ჟამის მესამედი,

რაც ყველას ძილისთვის დაუთმია,

მას თურმე იდუმალ კვეს-აბედით

ხელახალ სიცოცხლედ დაუნთია.


და ოდეს მარტოკა დაგიგულებს,

მოვა და მოხდება სასწაული:

წარსულ წლებს უკლებლივ დაგიბრუნებს

უბრძნესი მოგვივით განსწავლული.


რის ხვიტო!.. რა სარკე ჯადოსნური!..

რომელი ზღაპრული ნატვრისთვალი!..

როცა ბრძენ გულშია გადმოსული

ათასი თაობის ნაფიქრალი.


ბრმა წყვილი-სარქვლები წინანდელი, -

გონების თვალებად გახელია

და მთელი თავისი ბრწყინვალებით -

მან უწყის-საწუთრო რა ხილია.


სწვევია ყველაზე საყვარელის

სიკვდილი, ვარამიც, დარდუბალაც,

ახალი ჭრილობის ნაკვალევი

მეწამულ წყვდიადში გადუმალავს...


თითქოსდა, ვარდისფერ, უმზიანეს

წალკოტში ღვიოდეს მოწიფული -

სიამეს მოგიზღავს უზენაესს

ხილვათა სამყაროს მოციქული.


გულს ენდე, - მიგიყვანს ნაპირამდე

და გირჩევს, განგების მაგიერი,

რომ ერთად ხანძარში აბრიალდეს,

რაც გღუპავს, რაც დაგრჩა მანკიერი.


გეყოფა, რც შიშმა გაგაჩუმა,

იკმარე, რაც უკვე გინანია,

თუ სულში ფათურობს მაჯლაჯუნა -

ცეცხლს მიეც... არც ისე გვიანია.


მას ენდე, რომელიც ამთელებდა

ღამეებს - ზედიზედ გატეხილებს,

დღეები სანამდე დაგეთვლება,

უსმინე უძილო ნათელმხილველს...


ერწმუნე, რომ ყოვლად მშვენიერის

უსახო ჩრდილია სიმახინჯე,

რომ არის უფალიც შენმიერი,

რამეთუ ღმერთობა მიანიჭე.


და გული-სიმხდალით დაბებრილი,

თუ დაგრჩა უწვრთნელი, გასახედნი,

ბოღმით და სიხარბით გაბერილი -

დე, გასკდეს ადრევე გასახეთქი!

 

პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen