|
შუქი მთვარისა მდუმარ სოფელს ეფინებოდა, და მე - ლტოლვილი - მწარე ცრემლით ვიმდუღრებოდი; შორს ქვეყანაში გულის სატრფო მეგულებოდა, და იმ ქვეყნისკენ მარტოდ-მარტოდ ვეშურებოდი.
შავად მოსჩანდა ნაღვლიანი მათი კედლები, მდინარის ზვირთნი იდუმალის ოხვრითა სწუხდნენ, მდუმარედ იდგნენ ხენი, ვითა მკვდართა ძეგლები.
და ჩემი სახე ფილაქანზე შავადა თრთოდა; ცრემლი მდიოდა, დაობლებულს, - ნაღველ ნარევი და გზას ვკოცნიდი, სადაც სატრფო ოდესმე რბოდა.
„რა უყავ სატრფო?!! - მისი ყრუ ხმა მეკითხებოდა... მე, კვლავ ობოლი, მწარე ცრემლით ვიმდუღრებოდი და მთვარის შუქი კვლავ ქვეყანას ეფინებოდა… |


