|
ხარბად გავცქერი მიწის პატარა ნაჭერს, ეზივარ, ვერთობი პეპელის როკვის ცქერით. მე არ გიყიდი, კახა, პეპელის საჭერს, რა გინდ მეხვეწო კალთა დაშილბო ცრემლით.
ხელში გეჭიროს მოკვდავს სიკვდილის ცელი, გულის კანკალით მასაც მოელის დედა, მასაც შენსავით უყვარს მინდორი ვრცელი.
მიეცი ნება, უფრინოს წიფელს, ძახველს, ნუ გამოსწირავ, სულიერია ისიც, სხვა თუ დაუგებს შენ ნუ დაუგებ მახეს.
თუ ყურს მიუგდებ პატარა გულის ფართქალს, გეცოდინება სხვისი სიცოცხლის ყადრიც, გზას ამორჩევ ყველაზე ნათელს, მართალს.
გასწი, პეპელა აგრემც გაზრდიხარ დედას, გინდა თვალებში ჩამომეფაროს ბინდი, არ მივცემ ჩემს შვილს სიკვდილის თესვის ნებას. |


