კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:16

 

ერთ ღრუბლიან დილით პატარა ქალაქის მოქალაქეებმა დაინახეს, რომ დიდ ღრუბლები ერთი პაწია ღრუბელი გამოეყო და წამოვიდა ქალაქისაკენ.

ეს ღრუბელი. სხვა ღრუბლებს არ ჰგავდა. იისფერი იყო და თითქოს ანათებდა კიდეც. 

იისფერი ღრუბელი ძირს დაეშვა და ქალაქის ერთ ქუჩაზე ჩამოფრინდა... უყურებდნენ მოქალაქენი, სქელი ლეიბივით იდო ღრუბელი....

მართლა ლეიბს გავდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ღრუბელზე კაცი იწვა.

კაცს ეძინა, მოქალაქეთა. ხმაურზე გამოიღვიძა, ხალხს მიესალმა, გადმოვიდა ღრუბლიდან, გადმოიღო მოლბერტი, ჯიბიდან ფუნჯები ამოიღო და ხატვა დაიწყო.

იისფერი ღრუბელი კი ნელა ასცილდა მიწას და გაფრინდა ცაში.

ხატავდა კაცი რაღაცას.

უცნაური ის იყო, რომ საღებავები არ ჰქონდა კაცს. შვიდი სხვადასხვა ფერის ფუნჯი ჰქონდა და უბრალოდ, რა ფერის ფუნჯსაც წაუსვამდა, იმ ფერის ლაქა ჩნდებოდა ნახატზე.

მერე უფრო გაოცდნენ მოქალაქენი. უცებ კაცი გაჩერდა. ძირს დაიხედა და სახე მოეღრუბლა ჩაიმუხლა და ქვაფენილის გაფერადება დაიწყო.

- რას აკეთებსო? - ერთმანეთს ეკითხებოდნენ. 

ამასობაში მზე გამოვიდა ღრუბლებიდან და ყველამ დაინახა, რომ იმ ადგილას, სადაც კაცი ქვაფენილს აფერადებდა, ამ კაცის ჩრდილი იყო.

აფერადებდა კაცი ჩრდილს. უსვამდა ფუნჯს, მონდომებით ირჩევდა ფერებს, მაგრამ ვერ ახერხებდა ჩრდილის მთლად გაფერადებას: თვითონ რომ წაიწევდა წინ, ჩრდილიც წაიწევდა და მისდევდა ამაოდ...

საღამოს კაცი გამოერკვა. დაბრუნდა მოლბერტთან, დახედა დაუმთავრებელ ნახატს და ამოიოხრა. 

ჩამოფრინდა იისფერი ღრუბელი.

აიტანა კაცმა ღრუბელზე მოლბერტი და გაფრინდა...

დილით კვლავ მოფრინდა ქალაქში ჩრდილიხატია კაცი.

კვლავ დააპირა ხატვა, მაგრამ ისევ მოაგონდა თავისი ჩრდილი და დაუწყო გაფერადება.

ახლა კაცი ტროტუარზე იყო და ჩრდილი მაღლა კედელს მიადგა. ეს კედელი ვიღაცის ეზოს ჰქონდა შემოვლებული. კაცი კედელს რომ აფერადებდა, გამოვარდა კედლის პატრონი და გაექანა კაცისკენ, შენ ეი, რა ამბავში ხარო! კაცს არ გაუგია. ის ჩრდილზე ფიქრობდა.

კედლის პატრონი ვიღაცამ გააჩერა, - მოიცა, ვნახოთ, ბოლოს რა მოხდებაო.

- რაღა უნდა მოხევს, კედელი გამითხუპნაო, - ყვიროდა კედლის პატრონი. მოქალაქეებში ატყდა კამათი: ზოგი ამბობდა, ქალაქიდან გავაგდოთ ჩრდილიხატია კაციო. სხვები კი ეუბნებოდნენ, ჯერ დავაცადოთ, ვნახოთ მოლბერტზე რას ხატავსო. ბოლოს და ბოლოს, ამათ გაიმარჯვეს, რადგან ყველას აინტერესებდა, მართლა რას ხატავდა კაცი.

უყურებდნენ დაწყებული ნახატს და ყველა თავის აზრს გამოსთქვამდა:

- ეს ნამდვილად დიდი კომბოსტოაო! - ამბობდა ერთი.

- კომბოსტო კი არა, მე მგონი, კარადააო! - ამბობდა მეორე. 

- როგორ?! ვერ ხედავთ, ბალიშიაო - ამბობდა მთქნარებით მესამე... ჩრდილიხატიას კი ერთი კაცი მიუჩინეს, მისცეს ამ კაცს დიდი ვედრო და დიდი ფუნჯი, ჩაუსხეს ვედროში რუხი საღებავი და უთხრეს, რასაც ის გააფერადებს, შენ ისევ ამ ფერად შეღებეო.

...ყოველდღე ჩამოდიოდა იისფერი ღრუბელი ქალაქში.

ებრძოდა ჩრდილიხატია თავის ჩრდილს. უკან კი ჩრდილივით დასდევდა დიდფუნჯიანი კაცი და რუხფრად თხუპნიდა იმის გაფერადებულს.

ასე გრძელდებოდა დიდხანს. მოქალაქეები ისე შეეჩვიენ ამას, რომ თითქმის დაავიწყდათ კიდეც ჩრდილიხატიას არსებობა. ეს იყო, ხანდახან ვინმე თუ გაჩერდებოდა მის მოლბერტთან, დაჰხედავდა და იტყოდა: კიდევ არ დაუმთავრებიაო.

მხოლოდ ბავშვებს უყვარდათ ჩრდილიხატია. ის ხომ ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ, ჩრდილს რომ აფერადებდა! ჰოდა, მოიტანდნენ ბავშვები თავიანთ სათამაშოებს, ბურთებს, რვეულებს, წიგნებს, დაუდებდნენ ჩრდილში და ისიც აფერადებდა ყველაფერს... 

გადიოდა დრო... აფერადებდა ჩრდილს კაცი, დასდევდა უკან დიდფუნჯიანი თხუპნია. პირველ ხანებში თხუპნიას მოსწონდა თავისი საქმე, მერე და მერე თანდათან მობეზრდა. საქმე იმაშია, რომ რაიმეს კოხტად გაფერადება მიმზიდველი და სახალისო რამაა,ფუნჯის აღმა-დაღმა უაზროდ ქნევა კი მოსაწყენია. 

ამას გარდა, თხუპნიას სხვაგვარადაც წაუვიდა ცუდად საქმე.

საღამოსპირას, მზე რომ გადავიდოდა, ჩრდილიხატიას დაგრძელებული ჩრდილი შენობების კედლებს მიადგებოდა ხოლმე. ჩრდილიხატია ისე იყო გართული თავისი საქმით, რომ ყველაფერს ივიწყებდა და ისე აჰყვებოდა კედელს, თითქოს მიწაზე დადისო. დადიოდა კედელზე და აფერადებდა ჩრდილს. თხუპნიას კი გრძელი კიბის თრევა უხდებოდა, რომ ისევ რუხად შეეღება იმის გაფერადებული.

ამაზე კი მთლად გადაირია თხუპნია... 

და ერთ საღამოს, როცა იისფერი ღრუბელი ჩამოვიდა მიწაზე, ჩრდილიხატია აღარსად ჩანდა. მხოლოდ თხუპნია იღიმებოდა კმაყოფილი ბოროტად.

ელოდა იისფერი ღრუბელი ჩრდილხატიას, ელოდა და, როცა აღარ მოვიდა კაცი, ღრუბელი წავიდა მაღლა... 

მერე უცებ გაწვიმდა. 

თბილი იყო წვიმა და როცა მაღლა აიხედეს, მოქალაქეებს თვალში ჩაუცვივდათ წვიმის წეთები და საშინლად აეწვათ თვალი. ეს რაღა უბედურებააო, - თქვეს, გაიქცნენ და სახლებში შეიმალნენ...

წვიმდა მთელი ღამე.

დილით კი, გარეთ რომ გამოიხედეს, გაოცდნენ:

იმ უცნაური წვიმის წვეთებს ჩამოერეცხა თხუპნიას საღებავი და საოცრად აფერადებულიყო შენობები, ქვაფენილები, მესერები და ყველაფერი.

თურმე თავისი ჩრდილის დევნაში მთელი ქალაქი გაეფერადებინა ჩრდილიხატიას...

გახარებული დადიოდა ქუჩებში ხალხი...

მას შემდეგ მრავალმა წელმა ჩაიარა. მაგრამ კედლებზე შერჩენილია ის ფერები. მათ ვერაფერი მოაცილებს კედლებს, რადგან, თქვენც ხომ მიხვდით, ის ფუნჯები ცისარტყელაში ჰქონდა ამოვლებული ჩრდილიხატიას.

ის წვიმა კი ჩრდილიხატიას ცრემლები იყო: ღამით ღრუბელზე რომ იწვა, თურმე ტიროდა, რადგან მას სურდა ხატვა, მაგრამ არ შეეძლო ეხატა, ვიდრე თავის ჩრდილს არ გააფერადებდა სამუდამოდ.

მისი ცრემლებით გაიჟღინთა იისფერი ღრუბელი და დააწვიმა ქალაქს.

ძნელია, ძალიან ძნელია, რომ ისეთი კაცი იყო: ჯერ ერთი, ჩრდილი უნდა გქონდეს, მეორეც, მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ ჩრდილი გაქვს!

ერთიც რომ იყოს და მეორეც. სად გინდა, იისფერი ღრუბელი იპოვო და რომც იპოვო, როგორ მოახერხებ ღრუბელზე ასვლას?! 

თუმცა, ვინ იცის, იქნებ ერთი პირობაც საკმარისია. იქნებ ისეა ყველაფერი მოწყობილი, რომ თუკი საკუთარი ჩრდილის გაფერადებას დაიწყებ, მაშინ თვითონ მოგნახავს იისფერი ღრუბელი, თვითონ მოადგება ერთ საღამოს შენი სახლის აივანს და თვითონ წაგიყვანს ცაში.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen