საერთო ძირის მქონე სიტყვებს მონათესავე სიტყვები ჰქვია.
მაგალითად, მონათესავე სიტყვებია: სამი, სამიანი, სამოსანი, მესამე, მესამედი, სამეული, გასამება, გასამდა.
ამ მონათესავე სიტყვათა ძირია სამ.
მონათესავე სიტყვებს თავ-თავისი ფორმები აქვს. მაგალითად: სამი, სამმა, სამს... სამიანი, სამიანმა, სამიანს... მესამე, მესამემ, მესამეს... სამოსანი, სამოსანმა, სამოსანს...
სავარჯიშო 1. მონათესავე სიტყვები ჩაიწერეთ რვეულში შემდეგი წესის დაცვით: წინ დაუყენეთ ძირეული სიტყვა, შემდეგ მისგან წარმოქმნილი სიტყვები ანბანის რიგზე, ძირი გამოყავით დეფისით და გაუსვით ხაზი ქვეშ.
ნ ი მ უ შ ი: ერთ-ი: ა-ერთ-ებს, ერთ-დება, ერთ-ეული, ერთ-იანი, ერთ-ობა, მე-ერთ-ე, სა-ერთ-ო, უ-ერთ-დება.
დიდი. სახლობს. სიდიდე. სახლი. მოდიდო. მოსახლე. უდიდესი. სახლობა. გაადიდა. დაასახლა. გადიდება. დასახლება. დიდობა. სახლიანი. მოსახლეობა. გამადიდებელი. დამსახლებელი, სამოსახლო. გადიდებული. განადიდები. დასასახლებელი. გასადიდებელი.
სავარჯიშო 2. ქვემოთ მოყვანილი სიტყვებისაგან აწარმოეთ მონათესავე სიტყვები და ჩაიწერეთ რვეულში ანბანის რიგზე. ძირს გაუსვით ქვეშ ხაზი,
1. ცხენი. 2. თეთრი. 3. ხელი.
კითხვები გასამეორებლად
1. რის ნაწილია მორფოლოგია და რას სწავლობს ის?
2. როგორ სიტყვას ჰქვია სრულმნიშვნელოვანი? დამხმარე? დაასახელეთ მაგალითები.
3. როგორ სიტყვას ჰქვია ფორმაცვალებადი? ფორმაუცვლელი? დაასახელეთ მაგალითები.
4. რა ნაწილები შეიძლება გამოიყოს ფორმაცვალებად სიტყვაში?
5. სიტყვის რა ნაწილს ჰქვია ძირი? აფიქსი?
6. რას ჰქვია პრეფიქსი? სუფიქსი? დაასახელეთ მაგალითები.
7. როგორ აფიქსს ჰქვია მიმოსახრელი აფიქსი? წარმომქმნელი?
8. როგორ სიტყვას ჰქვია ძირეული? წარმოქმნილი? დაასახელეთ მაგალითები.
9. როგორ სიტყვებს ჰქვია მონათესავე? დაასახელეთ მონათესავე სიტყვათა რომელიმე ჯგუფი.


