|
შემოდგომა ბინდიანი ქუჩებით მიბარბაცებს - დრო დამდგარა წასვლისა - მიდის ზანტად, ბედსაც არ ეურჩება: ასეთია უფლის ნება, რას იზამ?!...
წარიხვეტნენ შარიშურა ფოთლები, მორს დაასვეს დასახეთქად სოლი და შეშა მიაქვთ საარყისკენ გოდრებით.
თონის პურის სუნი ბოლს შერევია, გუდის ყველი ნირს აძლევდა ბარაქას - ნივრის მწნილიც ფრიად სასურველია.
საფერავმა წვერი თეთრი დაღარა, იყო თხოვნა: დიდხანს ნუ დავიშლებით, ცოტა დაგვრჩა, უკვე ბევრი აღარა.
და ყველაფერს კვლავ თავიდან ვიწყებდით, ჭირსა შიგან გამაგრება რომ უნდა, აბა, ამას როგორ დავივიწყებდით.
საქართველოს - იმიერ და ამიერ, მხრებზე ხელგადახვეულნი ვმღეროდით წინწყაროს და მერე მრავალჟამიერს.
წააწერენ ქვაზე ეპიტაფიას: ის, ვინც საფლავს დაეძებდა თამარის, იმავ მიწას, სადღაც იქვე მარხია.
და ვიქნები დღე-ყოველიცისმარი, ერთმანეთი საქართველომ გაგვაცნო, ერთად ვნახოთ წუთისოფლის სიზმარი. |


