|
მამა წისქვილში გამხდარა ავად. - ალბათ გაღალეს ავმა თვალებმა! წისქვილმა იცის უჟმური ჰავა და უეცარი აკანკალება!
და სიმინდს ღეჭავს ოთხი ყბა ქვისა. ბაიასფერი სიმინდის ფქვილი უხდება ტომრებს, ვით ოქროს ქისას.
დაუდებს ტომრებს, თვითონ ზედ წვება. იქნებ ავადმყოფს, სათბურით ღარიბს, ოფლი მოჰგვარონ ნაბდის ბეწვებმა.
ტაბიკი მარჯვედ თუ გადარაზეს, - და ჭკვიანი ხარებს მოჰყავთ ურემი გადაუხვევლად, ნაცნობ შარაზე.. .
და მამას დედა ელოდა გუშინ. ეზოში ჭასთან ცეცხლი ანთია, ცეცხლი უნთია დედასაც გულში.
ჰფიქრობს და ხეხავს ჯამ-ჭურჭელს ქვიშით. თანდათან მძიმე და გაუმხელი იპყრობს დედის გულს მგესლავი შიში.
ბაბუ ზის ჯირკზე და თუთუნს აშრობს. ჭა ამართული დგას წეროსავით და იქვე ძაღლი ხბოსთან თამაშობს.
ბაბუ მურიას გაუჯავრდება. მაგრამ მაშინვე გადაყრის თუთუნს, დედასაც თეფში გაუვარდება...
მომგვრელი შიშის და მწუხარების, მოდის უმამოდ მამის ურემი და მობღავიან გზაზე ხარები.
გაფითრებული იკივლებს დედა: „შავად გათენდა დღეს ორშაბათი, კარის გამღები უფრო შავ დღეთა!..“
და დააწვენენ კარღია სახლში. მიჰგვრიან მკითხავს ქოჩორა მამალს და მოიტანენ შენალოც ნახშირს.
ვერცხლის ორ შაურს წყალი ჩასძირავს, და ხატს წაუღებს ბაბუა ჩოქით აბრეშუმს, თაფლს და სხვა შესაწირავს.
ამხობენ გობზე თავდაღმა ქოთანს, მაგრამ სნეული ვეღარ იძინებს, თანდათან უფრო იბრძვის და შფოთავს.
დაიბარებენ ურია-ფერშალს. მაგრამ წამალი დაგვიანდება და ვერაფერი უშველის ბედშავს...
მას შემდგომ ჭმუნვას ვერ მოიცილებს, და ბრჭყალმაგარი ბებერ კრუხივით თავს დასტრიალებს ობოლ წიწილებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


